R86 რეკომენდაცია დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ (შესწორებული ვარიანტი), 1949
დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ რეკომენდაცია (შესწორებული, 1949)
რეკომენდაცია: ღ086
ადგილი: ჟენევა
კონფერენციის 32-ე სესია
მიღების თარიღი: 01.07.1949
საგნის კლასიფიკაცია: მიგრანტი მშრომელები
საგანი: მიგრანტი მშრომელები
დოკუმენტი გამოქვეყნებულია ფრანგულ და ესპანურ ენებზე.
სტატუსი: თანამდეროვე (უახლესი) ინსტრუმენტი
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური კონფერენცია, რომლის ოცდამეთორმეტე სესია 1949 წლის 8 ივნისს ჩატარდა ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ბიუროს მმართველი ორგანოს მიერ, რომელმაც მას შემდეგ, რაც მიიღო გადაწყვეტილებები 1939 წელს გამართული კონფერენციის ოცდამეხუთე სესიაზე მიღებული დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ რეკომენდაციასა და დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ (სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის) 1939 წლის რეკომენდაციაში ცვლილებების შესატანად გარკვეული წინადადებების შესახებ, და რომელიც სესიის დღის წესრიგში მეთერთმეტე განსახილველ საკითხად არის შეტანილი, და იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილმა წინადადებებმა უნდა მიიღოს რეკომენდაციების ფორმა, ათას ცხრაას ორმოცდა ცხრა წლის პირველ ივლისს იღებს შემდეგ რეკომენდაციას, რომელსაც ეწოდება რეკომენდაცია დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ (შესწორებული ვარიანტი), 1949: გენერალური კონფერენცია, მას შემდეგ რაც მიიღო კონვენცია დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ (შესწორებული ვარიანტი), 1949, და სურს რომ მასში ჩამოყალიბებული დებულებები გაამყაროს რეკომენდაციით, იძლევა შემდეგ რეკომენდაციებს
1. ამ რეკომენდაციის მიზნებიდან გამომდინარე:
(ა) ტერმინი დასაქმების მიზნით მიგრირებული პირი ნიშნავს ადამიანს, რომელიც ერთი ქვეყნიდან მეორეში მიდის სამსახურის მოსაპოვებლად და არა თვითდასაქმებისთვის, და გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელსაც როგორც წესი ეძლევა დასაქმების მიზნით მიგრირებული პირის ნებართვა.
(ბ) ტერმინი სამუშაოზე აყვანა ნიშნავს –
(ი) ტერიტორიაზე პირის დაქირავებას სხვა ტერიტორიაზე არსებული დამქირავებლის სახელით, ან
(იი) ერთ ტერიტორიაზე პირისთვის პირობის ან გარანტიის მიცემას მისთვის სხვა ტერიტორიაზე დასაქმების უზრუნველყოფის შესახებ; ასევე, ნებისმიერ შეთანხმებას (ი) და (იი) პუნქტებში აღწერილ ოპერაციებთან დაკავშირებით, მათ შორის: ემიგრანტების ძიება და შერჩევა და ემიგრანტების გამგზავრების მომზადება.
(გ) ტერმინი წარდგენა ნიშნავს – ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც უზრუნველყოფს, ან ხელს უწყობს ამავე მუხლის (ბ) ქვეპარაგრაფის თანახმად სამუშაოზე აყვანილი პირის ტერიტორიაზე ჩამოსვლას და მიღებას; და
(დ) ტერმინი განაწილება ნიშნავს – ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც უზრუნველყოფს, ან ხელს უწყობს ამავე მუხლის (გ) ქვეპარაგრაფის თანახმად წარდგენილი პირის დასაქმებას.
2. რეკომენდაციის მიზნებიდან გამომდინარე, მთავრობებისა და ემიგრაციის კომპეტენტური ორგანოების მიმართ მინიშნებების ინტერპრეტაცია, იმ შემთხვევაში, თუ დასაქმების მიზნით მიგრირებული პირი ლტოლვილია, ან იძულებით გადაადგილებული პირია, უნდა მოხდეს როგორც მინიშნება საერთაშორისო ინსტრუმენტებით დადგენილი პირობების დაცვით ჩამოყალიბებული ნებისმიერი ორგანოს მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია ლტოლვილთა, და იძულებით გადაადგილებული პირთა დაცვაზე, ვინც ვერ სარგებლობს რომელიმე მთავრობის მხრიდან მფარველობით.
3. წინამდებარე რეკომენდაცია არ ეხება:
ა. საზღვარზე მომუშავე პირებს;
ბ. ლიბერალური (თავისუფალი) პროფესიებისა და ხელოვნების მუშაკების მოკლევადიან შესვლას ქვეყანაში; და
გ. მეზღვაურებს;
II
4.
(1) წევრი სახელმწიფოების ზოგადი პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს დასაქმების შესაძლებლობების შექმნასა და გამოყენებას, და ამ მიზნით ხელს უნდა უწყობდეს სამუშაო ძალის საერთაშორისო გადანაწილებას, კერძოდ კი სამუშაო ძალის დინებას იმ ქვეყნებიდან სადაც მათი მოჭარბებაა, იმ ქვეყნებში, სადაც მუშახელის ნაკლებობაა.
(2) წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებული ზომები სათანადოდ უნდა აფასებდეს სამუშაო ძალის მდგომარეობას ქვეყანაში და მთავრობამ დასაქმების მიზნით მიგრაციასთან დაკავშირებულ ყველა ზოგად საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაიაროს დამსაქმებელთა და მშრომელთა შესაბამის ორგანიზაციებთან.
III
5.
(1) თითეულ ქვეყანაში მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების დასახმარებლად გაწეული უფასო მომსახურება, კერძოდ კი მათთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს:
(ა) საჯარო ხელისუფლების მიერ;
(ბ) ერთი ან მეტი მოხალისე ორგანიზაციის მიერ, რომლებიც არ მოქმედებენ მოგების ან სარგებელის მისაღებად, რომლებიც ამ საქმიანობაზე დაშვებულნი არიან საჯარო ხელისუფლების მიერ და იმყოფებიან აღნიშნული ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ; ან
(გ) ნაწილობრივ საჯარო ხელისუფლების და ნაწილობრივ ერთი ან მეტი მოხალისე ორგანიზაციის მიერ, რომლებიც აკმაყოფილებს წინა (ბ) პარაგრაფში ჩამოყალიბებულ პირობებს.
(2) აღნიშნული მომსახურება მიგრანტებსა და მათი ოჯახის წევრებს უნდა გაეწიოს მათსავე მშობლიურ ენაზე, დიალექტზე ან მათთვის გასაგებ ენაზე და უნდა მიეცეთ რჩევები ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ემიგრაციას, მიგრაციას, დასაქმებასა და საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის დანიშნულების ადგილას არსებულ ჯანმრთელობის პირობებს, ემიგრაციის ან ადგილწარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების პირობებს, და ზოგადად ნებისმიერ საკითხს, რაც შეიძლება მათი, როგორც ემიგრანტების ინტერესის სფეროში შედიოდეს.
(3) მომსახურებამ უნდა უზრუნველყოს მიგრანტთა და მათი ოჯახის წევრთა დახმარება ადმინისტრაციული ფორმალობების შესრულებაში და სხვა ნაბიჯების გადადგმაში, რაც დაკავშირებულია მიგრანტთა საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებასთან, თუ კი ასეთი საჭიროება წარმოიქმნება.
(4) მიგრანტთა ადაპტაციისათვის ხელშეწყობის თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მოსამზადებელი კურსების ორგანიზება რათა მოხდეს მიგრანტთა ინფორმირება იმიგრაციის ქვეყანაში მუშაობის გავრცელებული მეთოდებისა და ზოგადი პირობების შესახებ, და ინსტრუქტირება ჩაუტარდეთ იმიგრაციის ქვეყნის ენაზე. ემიგრაციისა და იმიგრაციის ქვეყნები ერთობლივად უნდა შეთანხმდნენ მსგავსი კურსების ორგანიზების თაობაზე.
6. მოთხოვნის შემთხვევაში წევრმა სახელმწიფოებმა საკუთარი საემიგრაციო კანონებისა და რეგულაციების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახადონ შრომის საერთაშორისო ოფისის და სხვა წევრი სახელმწიფოებისათვის, მათ შორის ინფორმაცია ემიგრაციის შეზღუდვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დებულებებისა და ემიგრანტებისათვის მინიჭებული შესაძლებლობების შესახებ, ასევე სათანადო დეტალების შესახებ, რომლებიც ეხება ემიგრაციის მსურველ პირთა კატეგორიებს.
7. მოთხოვნის შემთხვევაში წევრმა სახელმწიფოებმა საკუთარი საემიგრაციო კანონებისა და რეგულაციების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახადონ შრომის საერთაშორისო ოფისის და სხვა წევრი სახელმწიფოებისათვის, მათ შორის ადმინისტრაციული დებულებების, საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში შესვლის ნებართვის, მიგრანტთა სასურველი პროფესიული კვალიფიკაციის, იმ კანონებისა და რეგულაციების შესახებ, რომლებიც აფერხებს დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთათვის ნებართვის მინიჭებას, და იმიგრანტებისათვის მინიჭებული სხვა კონკრეტული შესაძლებლობების შესახებ, და იმ ზომების შესახებ, რაც აიოლებს იმიგრაციის ქვეყნის საზოგადოებაში მათ სოციალურ და ეკონომიკურ ადაპტაციას.
8. შესაძლებლობის ფარგლებში, დასაქმების მიზნით ემიგრაციისა თუ იმიგრაციის პირობების ცვლილებების გამოქვეყნებასა და მათი ძალაში შესვლის ვადებს შორის უნდა არსებობდეს რაიმე გონივრული ინტერვალი, რათა მოხდეს ემიგრაციისათვის მზადებაში მყოფი ადამიანების შეცვლილი პირობების შესახებ დროულად ინფორმირება.
9. შესაფერის ეტაპზე უნდა შეიქმნას წინამორბედ პარაგრაფში აღნიშნული პრინციპული ზომების ადეკვატური საჯაროობის პირობები და მისი გამოქვეყნება უნდა მოხდეს მიგრანტთათვის გასაგებ ენებზე.
10. შესაბამის პირობებში მიგრაციის ხელშეწყობა უნდა მოხდეს ისეთი ზომების გამოყენებით, როგორიცაა:
(ა) აუცილებლობის შემთხვევაში, მიგრაციის ქვეყანაში ჩამოსვლისას დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა უზრუნველყოფა ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით, საკვებითა და ტანსაცმლით,
(ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, სახელობო პროფესიული სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რათა დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირს მიეცეს მიგრაციის ქვეყანაში მოთხოვნადი კვალიფიკაციის შეძენის საშუალება;
(გ) ვალუტის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობისა და საკანონმდებლო აქტების ძალით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, გასცეს ნებართვა დასაქმების მიზნით მიგრირებული პირის მიერ ამ სახის შემოსავლებისა და დანაზოგების გადარიცხვაზე ამავე პირის სურვილის მიხედვით.
(დ) როცა დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირს ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე ეძლევა მუდმივი ნებართვა, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს მიგრაციის ქვეყანაში მიგრანტის კაპიტალის ტრანსფერი ვალუტის ექსპორტ- იმპორტთან დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობისა და საკანონმდებლო აქტების ძალით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით.
(ე) მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სკოლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
11. მიგრანტებსა და მათი ოჯახის წევრებს დახმარება უნდა გაეწიოს რეკრეაციისა და საყოფაცხოვრებო პირობების სხვა საშუალებებზე ხელმისაწვდომობაში, და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ იმიგრაციის ქვეყნაში პირველადი პერიოდის ჩასახლებებში ხელმისაწვდომი იყოს სპეციალური საშუალებები.
12. როცა საქმე ეხება დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირებს, რომელთა სამუშაოზე აყვანა ხდება ჯგუფური ტრანსფერებისთვის მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებით, მათთვის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს იმავე წესით, როგორც ეს ხორციელდება ადგილობრივი მოქალაქეებისათვის.
IV
13.
(1) აუცილებლობის შემთხვევაში, მიგრანტის ინტერესებიდან გამომდინარე, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ, რომ ნებისმიერმა შუამავალმა, რომელიც დამქირავებლის სახელით ახორციელებს დასაქმების მიზნით მიგრირებული პირის სამუშაოზე აყვანას, წარდგენასა ან განაწილებას, დამქირავებლისგან მიიღოს წერილობითი რწმუნება, ან სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ იგი ნამდვილად მოქმედებს დამქირავებლის სახელით.
(2) აღნიშნული დოკუმენტი უნდა შედგეს, ან ითარგმნოს ემიგრაციის ქვეყნის ენაზე, და მასში ჩამოყალიბებული უნდა იყოს დამქირავებელთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი დეტალი, ასევე, სამუშაოზე აყვანის, წარდგენისა და განაწილების ხასიათი და მასშტაბი, რომელსაც შუამავალი განახორციელებს, ასევე, შეთავაზებული დასაქმებისა და ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია.
14.
(1) დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა ტექნიკური შერჩევა უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მცირე შეზღუდვებით, ამავე დროს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ შერჩეული მიგრანტები აკმაყოფილებდნენ შესაბამისი სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელი კვალიფიკაციის მოთხოვნებს.
(2) ამ სახის შერჩევის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს:
(ა) ოფიციალურ სამსახურებს, ან
(ბ) შესაფერის შემთხვევებში, იმიგრაციის ტერიტორიაზე არსებულ კერძო სამსახურებს, რომლებიც ფლობენ სათანადო უფლებამოსილებას და, საჭიროების შემთხვევაში მიგრანტის ინტერესებიდან გამომდინარე, იმყოფებიან ემიგრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ.
(3) შერჩევის ოპერაციებში მონაწილეობის უფლება წარმოადგენს იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული წინასწარი ნებართვის საგანს, სადაც ხორციელდება აღნიშნული ოპერაციები და იმ შემთხვევებსა და პირობებში რომლებიც განსაზღვრულია: იმავე ტერიტორიის კანონმდებლობისა და რეგულაციების მიერ, ან ემიგრაციის ტერიტორიაზე არსებულ კომპეტენტურ ორგანოსა და იმიგრაციის ტერიტორიაზე არსებულ კომპეტენტურ ორგანოს შორის დადებული შეთანხმებით.
(4) რამდენადაც ეს შესაძლებელია, დასაქმების მიზნით ემიგრაციაში წამსვლელმა პირებმა, ემიგრაციის ქვეყნიდან გამგზავრებამდე, უნდა გაიარონ იმიგრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის შემოწმება სამედიცინო და პროფესიული შერჩევის მიზნით.
(5) თუ სამუშაოზე აყვანა ხორციელდება განსაკუთრებით ფართო მასშტაბით, მაშინ უზრუნველყოფილი უნდა იქნას განსახილველი ემიგრაციისა და იმიგრაციის ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და კონსულტაციები.
(6) ამ პარაგრაფის წინამორბედ ქვეპარაგრაფებში მითითებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს იმ ადგილთან რაც შეიძლება ახლოს, სადაც ხდება დასაქმების მიზნით ემიგრაციაში წამსვლელი პირის სამუშაოზე აყვანა.
15.
(1) შეთანხმების ძალით უნდა ჩამოყალიბდეს დებულება, რომელიც დაარეგულირებს ოჯახის წევრების თანხლებისა თუ მათი მოგვიანებით ჩამოყვანის უფლების მინიჭებას დასაქმების მიზნით მიგრირებული იმ პირისათვის, რომელიც წარდგენილია მუდმივ საფუძველზე.
(2) ასეთი მიგრანტის ოჯახის წევრების მოძრაობა, რომლებსაც უფლება აქვთ თან ახლდნენ ან მოგვიანებით ჩავიდნენ მასთან, განსაკუთრებულად მხარდაჭერილი უნდა იყოს როგორც ემიგრაციის ისე მიგრაციის ქვეყნის მიერ.
(3) ამ პარაგრაფის მიზნებიდან გამომდინარე, დასაქმების მიზნით მიგრირებული პირის ოჯახის წევრებად განიხილებიან მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, დადებითი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული აგრეთვე დასაქმების მიზნით მიგრირებული პირის თხოვნაზე, რომ ოჯახის წევრების შემადგენლობაში ჩაითვალონ მის კმაყოფაზე მყოფი ოჯახის სხვა წევრებიც.
V
16.
(1) დააქმების მიზნით მიგრირებული პირი, რომელსაც ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება აქვს, და მისი ოჯახის წევრები, რომლებსაც უფლება აქვთ თან ახლდნენ ან მოგვიანებით ჩავიდნენ მასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა დასაქმდნენ იმავე პირობებით, როგორც ადგილობრივი მოქალაქეები.
(2) იმ ქვეყნებში, სადაც დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა დასაქმება გარკვეულ შეზღუდვებს ექვებდებარება, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მოხდეს ამ შეზღუდვების:
(ა) შეჩერება დასაქმების მიზნით მიგრირებულ იმ პირთა მიმართ, ვინც ამ ტერიტორიაზე რეგულარულად, გარკვეული პერიოდით ცხოვრობს, და ეს ვადა როგორც წესი არ აღემატება ხუთ წელიწადს, და
(ბ) შეჩერება დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა მეუღლეებისა და სრულწლოვანი შვილების მიმართ, ვისაც უფლება მიეცა თან ახლდნენ ან მოგვიანებით ჩავიდნენ მიგრანტთან, თუ კი ამ დროს შეზღუდვები შეჩერებულია თავად მიგრანტის მიმართ.
17. იმ ქვეყნებში, სადაც დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა რაოდენობა ძალიან დიდია, მათი დასაქმების პირობები უნდა გახდეს განსაკუთრებული ზედამხედველობის საგანი. ასეთი ზედამხედველობა ვითარების შესაბამისად უნდა განხორციელდეს ან სპეციალური ინსპექციის მიერ, ან შრომის ინსპექციისა თუ სხვა ოფიციალური ორგანოს მიერ, რომელიც ამგვარ კომპეტენციას ფლობს.
VI
18.
(1) როცა მიგრანტი მუშაკი რეგულარულად არის დაშვებული წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაშინ ამ წევრმა სახელმწიფომ, შესაძლებლობის ფარგლებში, თავი უნდა შეიკავოს ამგვარი მიგრანტის ან მისი ოჯახის წევრის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიიდან გაძევებისგან იმ მიზეზით, რომ მას არ გააჩნია თავის რჩენის საშუალება, ან შრომის ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი სახის შეთანხმება დადებულია განსახილველი ემიგრაციისა და იმიგრაციის ტერიტორიებზე მოქმედ კომპეტენტურ ორგანოებს შორის.
(2) ნებისმიერ მსგავსი ტიპის შეთანხმებაში აღნიშნული უნდა იყოს:
(ა) რომ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ხსენებული მიგრანტი მუშაკის მიერ დასაქმების ქვეყანაში გატარებული ვადის ხანგრძლივობა და რომ პრინციპში, არც ერთი მიგრანტი, რომელმაც ქვეყანაში ხუთ წელიწადზე მეტი დაჰყო, არ უნდა იქნას გაძევებული.
(ბ) რომ მიგრანტს ამოწურული უნდა ჰქონდეს უმუშევრობის დაზღვევის შემწეობის გამოყენების უფლება;
(გ) რომ მიგრანტს გონივრულ ვადაში ჰქონდეს მიღებული შეტყობინება, რაც მას მისცემს დროს, უფრო კონკრეტულად კი საშუალებას, რომ განაგოს საკუთარი საკუთრება.
(დ) რომ მოგვარებულია მიგრანტისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ტრანსპორტირების შესაფერისი საშუალება;
(ე) რომ ხორციელდება შესაფერისი ღონისძიებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიგრანტსა და მისი ოჯახის წევრებს ეპყრობიან ჰუმანურად, და
(ვ) რომ მიგრანტისა და მისი ოჯახის წევრების დაბრუნებისა და მათი საოჯახო ნივთების საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების ხარჯები არ დაეკისრება მას.
19. განსახილველი ტერიტორიების კომპეტენტური ორგანოების მიერ უნდა გადაიდგას სათანადო ნაბიჯები დამსაქმებლებთან და მშრომელთა ორგანიზაციებთან კონსულტაციების გასავლელად მიგრანტი მუშაკების სამუშაოზე აყვანის, წარდგენისა და განაწილების საკითხების შესახებ.
VII
20. როცა დასაქმების მიზნით მიგრირებული პირი ან მისი ოჯახის წევრები, რომლებიც ინარჩუნებენ მათი ადგილწარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობას, ბრუნდებიან ქვეყანაში, ამ ქვეყანამ უნდა აღიაროს, ძალაში მყოფი ზომების შესაბამისად, ასეთი პირების სიღარიბისა და უმუშევრობის შემწეობით, და უმუშევართა ხელახალი დასაქმების ხელშეწყობით სარგებლობის უფლება, რაც უნდა გამოიხატოს ქვეყანაში წინამორბედი საცხოვრებლისა თუ სამუშაო ადგილის პირობების მიხედვით წარმოქმნილი ვალდებულებებისგან გათავისუფლებაში.
VIII
21.
(1) წევრმა სახელმწიფოებმა, შესაბამის შემთხვევებში, დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა შესახებ კონვენცია (შესწორებული ვერსია, 1949), და წინამდებარე რეკომენდაციის წინამორბედი პარაგრაფები, უნდა შეავსონ ორმხრივი შეთანხმებებით, სადაც კონკრეტულად იქნება აღწერილი კონვენციასა და რეკომენდაციაში ჩამოყალიბებული პრინციპების განხორციელების მეთოდები.
(2) ამგვარი შეთანხმებების დადების დროს, წევრებმა უნდა გაითვალისწინონ წინამდებარე რეკომენდაციის დანართში მოცემული შეთანხმების მოდელში ჩამოყალიბებული დებულებები, სადაც მოცემულია დასაქმების მიზნით მიგრაციის და მიგრანტთა, მათ შორის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა, ტრანსფერის, სამუშაოზე აყვანისა და დასაქმების რეგულირების პირობების შესაფერისი მუხლების ჩარჩო/სტრუქტურა.
დანართი
შეთანხმების მოდელი დროებითი და მუდმივი დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ, მათ შორის: ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიგრაცია (შენიშვნა: დახრილი შრიფტით მოცემული ფრაზები და წინადადებები ძირითადად ეხება მუდმივ მიგრაციას, კვადრატულ ფრჩხილში ჩასმული წინადადებები ეხება მხოლოდ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიგრაციას).
მუხლი 1. ინფორმაციის გაცვლა
1. იმიგრაციის ქვეყნის კომპეტენტურმა თანამდებობის პირებმა პერიოდულად უნდა მიაწოდონ ემიგრაციის ტერიტორიის კომპეტენტურ ორგანოებს სათანადო ინფორმაცია, ან ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია მიაწოდოს საერთაშორისო ინსტრუმენტების თანახმად დაფუძნებულ ნებისმიერ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დაიცვას ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები, ვინც არ სარგებლობს რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან დაცვით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა:
(ა) მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების ქვეყანაში შესვლასთან, დასაქმებასთან, ცხოვრების უფლების მინიჭებასთან და განსახლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული დებულებები;
(ბ) მიგრანტების სასურველი რაოდენობა, კატეგორია და პროფესიული კვალიფიკაცია;
(გ) მიგრანტთა ცხოვრებისა და მუშაობის პირობები, კერძოდ, საცხოვრებელი ხარჯები და პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მინიმალური ხელფასი, დასაქმების რეგიონი, დამატებითი შემწეობა (თუ კი ასეთი რამ არსებობს), ხელმისაწვდომი დასაქმების ხასიათი, პრემია (თუ კი ასეთი რამ არსებობს), სოციალური დაზღვევა და სამედიცინო დახმარება; დებულებები, რომლებიც ითვალისწინებს მიგრანტთა და მათი სამუშაო იარაღებისა და პირადი ნივთების ტრანსპორტირებას, დაბინავების პირობებს და ტანსაცმლითა და საკვებით უზრუნველყოფას, მიგრანტთა დანაზოგებისა და სხვა თანხების ამ შეთანხმების საფუძველზე გადარიცხვასთან დაკავშირებულ ზომებს;
(დ) მიგრანტთათვის სპეციალური აღჭურვილობის უზრუნველყოფა (თუ კი ასეთი რამ არსებობს);
(ე) მიგრანტთათვის ზოგადი განათლებისა და პროფესიული ტრენინგების უზრუნველყოფა;
(ვ) მიგრანტთა სწრაფი ადაპტაციის ხელშემწყობი ზომების მიღება;
(ზ) ნატურალიზაციასთან (გაქვეშევრდომებასთან) დაკავშირებული პროცედურები და ფორმალობები;
2. ემიგრაციის ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ, ან ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შემთხვევაში, საერთაშორისო ინსტრუმენტების თანახმად დაფუძნებულმა ნებისმიერმა ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვაზე, ვინც არ სარგებლობენ რომელიმე მთავრობის მხრიდან დაცვით, დაინტერესებულ პირებისათვის და ორგანოებისათვის ინფორმაცია უნდა გახადონ ხელმისაწვდომი.
3. ემიგრაციის ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ, ან ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შემთხვევაში, საერთაშორისო ინსტრუმენტების თანახმად დაფუძნებულმა ნებისმიერმა ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვაზე, ვინც არ სარგებლობენ რომელიმე მთავრობის მხრიდან დაცვით, პერიოდულად უნდა მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია იმიგრაციის განსახილველი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა:
(ა) ემიგრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული დებულებები;
(ბ) ემიგრანტების სასურველი რაოდენობა და პროფესიული კვალიფიკაცია, ასევე მათი ოჯახის წევრების შემადგენლობა;
(გ) სოციალური დაცვის სისტემა;
(დ) სპეციალური შეღავათები მიგრანტთათვის (თუ კი ასეთი რამ არსებობს);
(ე) სახცოვრებელი გარემო და პირობები, რომელსაც მიგრანტი მიჩვეულია;
(ვ) მიგრანტთა კაპიტალის ექსპორტთან დაკავშირებული მოქმედი საკანონმდებლო დებულებები.
4. იმიგრაციის ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ დაინტერესებულ პირებსა და ორგანოებს უნდა მიაწოდოს ეს ინფორმაცია.
5. ზემოთ 1-დან მე-4 პარაგრაფის ჩათვლით აღნიშნული ინფორმაცია განსახილველი მხარეების მიერ ასევე უნდა გადაეცეს შრომის საერთაშორისო ოფისს.
მუხლი 2. შეცდომაში შემყვანი პროპაგანდის წინააღმდეგ განსახორციელებელი ღონისძიებები.
1. მხარები თანხმდებიან, რომ მათ შესაბამის ტერიტორიებზე, მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების ფარგლებში, მიიღებენ ყველა პრაქტიკულ ზომას ემიგრაციასა და მიგრაციასთან დაკავშირებით ყოველგვარი შეცდომაში შემყვანი პროპაგანდის წინააღმდეგ.
2. ამ მიზნით, შესაფერის შემთხვევაში, მხარეები იმოქმედებენ სხვა განსახილველი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოსთან თანამშრომლობის საფუძველზე.
მუხლი 3. ადმინისტრაციული ფორმალობები
მხარეები თანხმდებიან, რომ მიიღებენ მიგრანტთა და შესაძლებლობის ფარგლებში მათი ოჯახის წევრების გამგზავრებასთან, მგზავრობასთან, ქვეყანაში შესვლასთან, ცხოვრებასა და განსახლებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ფორმალობების დასაჩქარებელ და გასამარტივებლად საჭირო ზომებს. საჭიროების დროს, ამგვარ ზომებში უნდა შევიდეს თარჯიმნის მომსახურება.
მუხლი 4. დოკუმენტების სანდოობა
1. მხარეებმა უნდა განსაზღვრონ თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ემიგრაციის ტერიტორიაზე არსებული კომპეტენტური ორგანოს მიერ მიგრანტ მუშაკებსა და მათი ოჯახის წევრებზე გაცემული დოკუმენტი, ხოლო ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შემთხვევაში, მათი (ვინც არ სარგებლობენ რომელიმე მთავრობის მხრიდან დაცვით) დაცვისთვის საერთაშორისო ინსტრუმენტების თანახმად დაფუძნებული ნებისმიერ ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რათა მოხდეს ამ დოკუმენტების აღიარება იმიგრაციის ტერიტორიაზე, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა:
(ა) ოჯახური მდგომარეობა;
(ბ) იურიდიული სტატუსი;
(გ) პროფესიული კვალიფიკაცია;
(დ) ზოგადი განათლება და პროფესიული ტრენინგი, და
(ე) მონაწილეობა სოციალური დაცვის სისტემაში.
2. მხარეებმა ასევე უნდა განსაზღვრონ ამგვარი აღიარების განხორციელების გზები.
3. ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შემთხვევაში, იმიგრაციის ქვეყნის ხელისუფლებამ სანდოდ უნდა სცნოს ნებისმიერი სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც გაცემულია ემიგრაცის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ეროვნული პასპორტის ნაცვლად, კერძოდ, სამგზავრო დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (მაგ. 1946 წლის 15 ოქტომბრის საერთაშორისო შეთანხმების ძალით დადგენილი სამგზავრო დოკუმენტი და “ნანსენის” პასპორტი).
მუხლი 5. მიგრაციის პირობები და კრიტერიუმები
1. მხარეებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ:
(ა) მიგრანტთა და მათი ოჯახის წევრთა წინაშე არსებული მოთხოვნები, გამომდინარე მათი როგორც ასაკიდან, ფიზიკური უნარიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, ასევე ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სფეროს და სხვადასხვა პროფესიული თანამდებობისთვის შესაფერისი პროფესიული კვალიფიკაციიდან.
(ბ) მიგრანტთა ოჯახის წევრთა კატეგორია, რომლებსაც უფლება აქვთ თან ახლდნენ, ან მოგვიანებით შეუერთდნენ მას.
2. მხარეებმა ამ შეთანხმების 28-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაადგინონ:
(ა) ხსენებულ ვადაში სამუშაოზე ასაყვან მიგრანტთა რაოდენობა და მათი პროფესიული კატეგორიები;
(ბ) სამუშაოზე აყვანისა და განაწილებისა თუ განსახლების სფეროები, – გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ლტოლვოლებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში სამუშაოზე აყვანის სფეროების განსაზღვრა წარმოადგენს საერთაშორისო ინსტრუმენტების თანახმად დაფუძნებული ნებისმიერი ორგანოს პრეროგატივას, რომელიც პასუხისმგებელია ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვაზე, ვინც არ სარგებლობენ რომელიმე მთავრობის მხრიდან დაცვით.
3. მიგრანტების, რომლებსაც მოეთხოვებათ მიგრაციის ტერიტორიაზე არსებული ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება და ვისაც ადვილად შეუძლია მიგრაციის ტერიტორიაზე არსებული პირობების მიმართ ადაპტაცია – სამუშაოზე ასაყვანად, მხარეებმა უნდა განსაზღვრონ კრიტერიუმები, რომლითაც მიგრანტთა ტექნიკური შერჩევის დროს იხელმძღვანელებენ.
4. აღნიშნული კრიტერიუმების ჩამოყალიბებისას, ორმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს:
(ა) სამედიცინო შერჩევასთან მიმართებაში:
(ი) იმ სამედიცინო შემოწმების ხასიათი, რომელიც უნდა გაიაროს მიგრანტმა (ზოგადი სამედიცინო შემოწმება, რენტგენული შემოწმება, ლაბორატორიული შემოწმება, ა.შ.)
(იი) იმ დაავადებებისა და ფიზიკური დეფექტების ჩამონათვალის შედგენა, რაც დანამდვილებით წარმოადგენს გარკვეული პროფესიული სამუშაოს შესრულებისთვის უუნარობის მიზეზს;
(იიი) მინიმალური ჯანდაცვის პირობები, რომლებიც გაწერილია ჯანდაცვის საერთაშორისო კონვენციებში და უკავშირდება მოსახლეობის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილებას.
(ბ) პროფესიული სწავლებისთვის შერჩევასთან დაკავშირებით:
(ი) თითეული პროფესიისა თუ პროფესიული ჯგუფების შესაბამისად მიგრანტის მიერ დასაკმაყოფილებელი კვალიფიკაცია;
(იი) როცა რთულია კონკრეტული პროფესიული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საჭირო რაოდენობის კვალიფიციური მუშაკების სამუშაოზე აყვანა, ალტერნატიული პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც მუშაკისაგან მოითხოვს მსგავს კვალიფიკაციასა თუ უნარებს;
(იიი) ფსიქო-ტექნიკური ტესტირების შემუშავება;
(გ) ასაკობრივ ბაზაზე მიგრანტთა შერჩევასთან დაკავშირებით, ასაკობრივი კრიტერიუმის მისადაგებისას, უნდა განხორციელდეს მოქნილი მიდგომა, რათა ერთის მხრივ მხედველობაში იქნას მიღებული სხვადასხვა პროფესიული მოთხოვნები, და მეორეს მხრივ, მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში სხვადახვა ინდივიდის ცვალებადი შესაძლებლობები.
მუხლი 6. სამუშაოზე აყვანის, წარდგენისა და განაწილების ორგანიზება
1. პირი ან ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია მიგრანტთა ან მათი ოჯახის წევრთა სამუშაოზე აყვანის, წარდგენისა და განაწილების ოპერაციებში, უნდა დასახელდეს შესაბამისი ტერიტორიის კომპეტენტური ორგანოს მიერ, ხოლო ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში, იგი უნდა დასახელდეს ერთის მხრივ, საერთაშორისო ინსტრუმენტების თანახმად დაფუძნებული ნებისმიერი ორგანოს მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვაზე, ვინც არ სარგებლობენ რომელიმე მთავრობის მხრიდან დაცვით, და მეორეს მხრივ, იმიგრაციის ტერიტორიის კომპეტენტური ორგანოს მიერ, რაც წარმოადგენს ორ მხარეს შორის შეთანხმების საგანს.
2. მომდევნო პარაგრაფებში ჩამოყალიბებული დებულებების კვალდაკვალ, სამუშაოზე აყვანის, წარდგენისა და განაწილების ოპერაციებში მონაწლეობის უფლება უნდა შემოიფარგლოს შემდეგი ორგანიზაციებით:
(ა) იმ ტერიტორიაზე არსებული საჯარო დასაქმების სამსახურები, ან სხვა საჯარო ორგანიზაციები, სადაც ხორციელდება ხსენებული ოპერაციები.
(ბ) საჯარო სამსახურები, რომლებიც არ მდებარეობს ხსენებული ოპერაციების განხორციელების ტერიტორიაზე, მაგრამ ამ ტერიტორიაზე მოქმედების უფლება აქვს მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ძალით.
(გ) ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც დაარსებულია საერთაშორისო ინსტრუმენტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. გარდა ამისა, რამდენადაც ამის შესაძლებლობას იძლევა საერთაშორისო კანონი და რეგულაციები, და მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ნებართვისა და ზედამხედველობის პირობებში, სამუშაოზე აყვანის, წარდგენისა და განაწილების ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა:
(ა) მომავალი დამქირავებელი ან მისი სახელით და მის სასარგებლოდ მოქმედი პირი, და
(ბ) კერძო სააგენტოები.
4. სამუშაოზე აყვანის, წარდგენისა და განაწილების ადმინისტრაციული ხარჯები არ უნდა დაეკისროს მიგრანტს.
მუხლი 7. შესარჩევი ტესტირება
1. პირმა, რომელსაც განზრახული აქვს დასაქმების მიზნით მიგრაცია, ემიგრაციის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს შესაბამისი გამოცდა, ნებისმიერმა ასეთმა გამოცდამ რაც შეიძლება ნაკლები სირთულე უნდა შეუქმნას მას.
2. მიგრანტთა შერჩევაზე მომუშავე ორგანიზაციასთან დაკავშირებით, მხარეები უნდა შეთანხმდნენ შემდეგზე:
(ა) ოფიციალური სააგენტოებისა და კერძო სამსახურების აღიარებისა და შემადგენლობის საკითხზე, რომლებსაც ემიგრაციის ქვეყნის ტერიტორიაზე შესარჩევი ოპერაციების ჩატარების უფლებამოსილება ენიჭება იმიგრაციის ტერიტორიის კომპეტენტური ორგანოს მიერ.
(ბ) შესარჩევი გამოცდების ორგანიზების შესახებ, იმ ცენტრების შესახებ, სადაც უნდა ჩატარდეს ამგვარი გამოცდები, და გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების უზრუნველყოფის შესახებ.
(გ) შერჩევის ორგანიზებაში ორი მხარის კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლობის შესახებ, განსაკუთრებით, მათი დასაქმების სამსახურების თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 8. მიგრანტებისათვის ინფორმაციის მიწოდება და დახმარების გაწევა
1. შესარჩევ ცენტრსა თუ შეკრებაზე სამედიცინო და პროფესიული შემოწმების შემდეგ შერჩეულმა მიგრანტებმა, მათთვის გასაგებ ენაზე უნდა მიიღონ ყველა ინფორმაცია, რაც კი შესაძლოა აინტერესებდეთ მისი მომავალი სამუშაოს ხასიათის, დასაქმების რეგიონის, მისი სამსახურებრივი დავალების, მგზავრობის, სამუშაო და საცხოვრებელი პირობების შესახებ, ასევე იმ ქვეყნისა და რეგიონის ჯანდაცვისა და მსგავსი თემების შესახებ, რომელშიც იგი აპირებს გამგზავრებას.
2. დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლისა და მიმღებ ცენტრში (თუ კი ასეთი არსებობს) ან საცხოვრებელ ტერიტორიაზე მოხვედრის კვალდაკვალ, მიგრანტებმა და მათი ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ ყველა დოკუმენტი, რაც სამსახურისთვის, ცხოვრებისთვის და ქვეყანაში განსახლებისთვის სჭირდებათ. ასევე, უნდა მიიღონ ცხოვრებისა და სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაცია და ინსტრუქციები, და ნებისმიერი სხვა სახის დახმარება, რაც დასჭირდებათ მიგრაცის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ პირობებთან ადაპტაციისათვის.
მუხლი 9. განათლება და პროფესიული ტრენინგი
მხარეებმა კოორდინირება უნდა გაუწიონ მიგრანტებისათვის სასწავლო კურსების ორგანიზებას, რაც შეიძლება მოიცავდეს: მიგრაციის ქვეყნის შესახებ ზოგად ინფორმაციას, იმავე ქვეყნის ენაზე მომზადებულ ინსტრუქციას და პროფესიულ მომზადებას.
მუხლი 10. ტრენინგის მსმენელების გაცვლა
მხარეები თანხმდებიან, რომ კვლავაც გაცვლიან ტრენინგის მსმენელებს და ცალკე შეთანხმების საშუალებით დაადგენენ ასეთი გაცვლის ორგანიზების პირობებს.
მუხლი 11. ტრანსპორტის პირობები
1. მათი საცხოვრებელი ადგილიდან შესარჩევ ცენტრამდე მგაზვრობის დროს, ასევე, ხსენებულ ცენტრში მათი ყოფნის პერიოდში, მიგრანტებმა და მათი ოჯახის წევრებმა, იმიგრაციის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისაგან, ან ლტოლვოლებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში –
საერთაშორისო ინსტრუმენტების თანახმად დაფუძნებული ნებისმიერი ორგანოდან, რომელიც პასუხისმგებელია ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვაზე, ვინც არ სარგებლობენ რომელიმე მთავრობის მხრიდან დაცვით, უნდა მიიღონ ნებისმიერი სახის დახმარება, მათი მოთხოვნის შესაბამისად.
2. ემგრაციიდა და მიგრაციის ქვეყნების კომპეტენტურმა ორგანოებმა, თითეულმა თავისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ფარგლებში, უნდა დაიცვან მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, და გაუწიონ დახმარება შესარჩევი ცენტრიდან მათი დასაქმების ადგილამდე მგზავრობის პერიოდში, ასევე, მიმღებ პუნქტებში (თუ ასეთი არსებობს) მათი ყოფნის დროს.
3. მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ადამიანებისათვის შესაფერისი ფორმით და ძალაში მყოფი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.
4. მხარეები უნდა შეთანხმდნენ ამ მუხლში ჩამოყალიბებული დებულებების განხორციელების გზების შესახებ.
მუხლი 12. სამგზავრო და საარსებო ხარჯები
მხარეები უნდა შეთანხმდნენ იმ მეთოდების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მოხდება მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება და მგზავრობის, ავადმყოფობის ან ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში საჭირო საარსებო ხარჯებისა და ასევე მათი პირადი ნივთების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება.
მუხლი 13. თანხების გადარიცხვა
1. ემიგრაციის ტერიტორიის კომპეტენტურმა ორგანომ, შესაძლებლობის ფარგლებში და უცხოური ვალუტის იმპორტირებისა და ექსპორტის შესახებ ეროვნული კანონებისა და რეგულაციების დაცვით, ნება უნდა დართონ და ხელი შეუწყონ მიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს მათი ქვეყნიდან თანხების გამოტანაში, რაც საზღვარგარეთ ცხოვრების პირველ პერიოდში დასჭირდებათ.
2. წინამდებარე შეთანხმების ძალით, იმიგრაციის ტერიტორიის კომპეტენტურმა ორგანომ, შესაძლებლობის ფარგლებში და უცხოური ვალუტის იმპორტირებისა და ექსპორტის შესახებ ეროვნული კანონებისა და რეგულაციების დაცვით, ნება უნდა დართონ და ხელი შეუწყონ ემიგრაციის ტერიტორიაზე მიგრანტთა დანაზოგების და ნებისმიერი სხვა თანხების პერიოდულ გადარიცხვებს.
3. ზემოთ, 1-ლ და მე-2 პარაგრაფებში აღწერილი თანხების გადარიცხვა უნდა განხორციელდეს ვალუტის ოფიციალური კურსის შესაბამისად.
4. მხარებმა ყველა აუცილებელი ზომა უნდა მიიღონ თანხების გადარიცხვისთვის საჭირო ადმინისტრაციული ფორმალობების გასამარტივებლად და დასაჩქარებლად, ისე, რომ ასეთი თანხები უმცირესი შეფერხებით მიეწოდოს ადრესატებს.
5. მხარეებმა უნდა განსაზღვრონ როდის და რა პირობებში მოეთხოვება მიგრანტს ხელფასის ნაწილის გადარიცხვა მისი ოჯახის წევრების საკუთარ ქვეყანაში ან ემიგრაციის ქვეყანაში სარჩენად.
მუხლი 14. ადაპტაცია და ნატურალიზაცია (ქვეშევრდომობა)
იმიგრაციის ტერიტორიის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიიღოს ზომები ადგილობრივ კლიმატურ, ეკონომიკურ და სოციალურ პირობებთან ადაპტაციის ხელშესაწყობად და გააადვილოს მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების ნატურალიზაციის პროცედურები.
მუხლი 15. საცხოვრებელი და სამუშაო პირობების ზედამხედველობა
1. უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმიგრაციის ტერიტორიის კომპეტენტური ორგანოს ან შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ საცხოვრებელი და სამუშაო პირობების ზედამხედველობა, მათ შორის მიგრანტების ჰიგიენური პირობების ზედამხედველობა.
2. დროებით მიგრანტებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ზედამხედველობის განსახორციელებლად, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ რომ ემიგრაციის ქვეყნის უფლებამოსილი წარმომადგენლები, ან ლტოლვოლებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში, საერთაშორისო ინსტრუმენტების თანახმად დაფუძნებული ნებისმიერი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვაზე, ვინც არ სარგებლობენ რომელიმე მთავრობის მხრიდან დაცვით, თანამშრომლობდნენ იმიგრაციის ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოსთან ან უფლებამოსილ სამსახურთან.
3. ფიქსირებული პერიოდის განმავლობაში, რომლის ხანგრძლივობაც უნდა განისაზღვროს მხარეთა მიერ, მიგრანტებმა მათი დასაქმების პირობებთან დაკავშირებით უნდა მიიღონ განსაკუთრებული დახმარება.
4. მიგრანტებს დასაქმებასა და საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული დახმარება შეიძლება გაეწიოს, იმიგრაციის ქვეყნის შრომის რეგულარული ინსპექციის სამსახურის ან მიგრანტთა სპეციალური მომსახურების სამსახურის მეშვეობით, და შესაფერის შემთხვევაში, ნებადართულ მოხალისე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
5. შესაფერის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნას ასეთი სამსახურების თანამშრომლობა ემიგრაციის ტერიტორიის წარმომადგენლებთან, ან ლტოლვოლებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში, საერთაშორისო ინსტრუმენტების თანახმად დაფუძნებულ ნებისმიერ ორგანოსთან, რომელიც პასუხისმგებელია ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვაზე, ვინც არ სარგებლობენ რომელიმე მთავრობის მხრიდან ასეთი მომსახურებით,
მუხლი 16. დავების მოგვარება
1. მიგრანტსა დამ მის დამქირავებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, მიგრანტისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაფერისი სასამართლო, ან მისი საჩივრის დაკმაყოფილების სხვა საშუალება, მიგრაციის ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.
2. ხელისუფლებამ უნდა შექმნას დამატებითი მექანიზმი, რამდენადაც ამას მოითხოვს შეთანხმების ნიადაგზე წარმოქმნილი დავების გადაწყვეტა.
მუხლი 17. თანაბარი მოპყრობა
1. იმიგრაციის ტერიტორიის კომპეტენტურმა ორგანომ, მიგრანტებსა და მათი ოჯახის წევრებს მათთვის განკუთვნილ დასაქმების ადგილებზე უნდა მიანიჭოს ადგილობრივი მოქალაქეების მსგავსად თანაბარი უპირატესობებით სარგებლობის უფლება, რაც უნდა განხორციელდეს სამართლებრივი და ადმინისტრაციული დებულებებისა თუ კოლექტიური შრომითი შეთანხმებების შესაბამისად.
2. ასეთი თანასწორი მოპყრობა უნდა განხორციელდეს იმიგრაციის ტერიტორიაზე კანონიერად არსებული იმიგრანტების ეროვნული, რასობრივი, რელიგიური თუ სქესობრივი უფლებების დისკრიმინაციის გარეშე, შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:
(ა) რამდენადაც ასეთი საკითხები რეგულირდება კანონმდებლობისა თუ რეგულაციების ძალით ან წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელისუფლების მხრიდან კონტროლის საგანს, ესენია:
(I) ანაზღაურება, ოჯახური დახმარების ჩათვლით, როცა იგი ანაზღაურების შემადგენელი ნაწილია, სამუშაო საათები, ყოველკვირეული დასვენების დღეები, ზეგანაკვეთური სამუშაო დრო, ანაზღაურებადი შვებულება და სხვა რეგულაციები, რომლებიც ითვალისწინებს დასაქმებას, მათ შორის საშინაო სამუშაოს შეზღუდვას, მინიმალური ასაკის შესახებ დებულებას, ქალთა სამუშაოს, და ახალგაზრდების მუშაობას.
(II) პროფესიული კავშირის წევრობა და კოლექტიური შეთანხმების პირობებით სარგებლობა;
(III) სკოლებში, სახელობო სასწავლებლებში და პროფესიულ და ტექნიკურ სასწავლებლებსა და კურსებზე მიღება, ისე რომ არ დაირღვეს იმიგრაციის ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესები.
(IV) რეკრეაციული და სოციალური კეთილდღეობის ზომები;
(ბ) დასაქმებასთან დაკავშირებული გადასახადები, მოსაკრებლები ან შეწირულობები, რომელთა გადახდაც ხდება დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით;
(გ) ჰიგიენა, უსაფრთხოება და სამედიცინო დახმარება;
(დ) სასამართლო წარმოება, რომელიც ხორციელდება წინამდებარე შეთანხმებაში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 18. ხელობისა და პროფესიის ხელმისაწვდომობა და ქონების შეძენის უფლება
თანასწორი მოპყრობა ასევე უნდა შეეხოს:
(ა) ეროვნული კანონებისა და რეგულაციების მიერ ნებადართულ საზღვრებში ხელობისა და პროფესიის ხელმისაწვდომობას;
(ბ) საქალაქო თუ სასოფლო საკუთრების შეძენა, ფლობა და გადაცემა.
მუხლი 19. საკვებით მომარაგება
მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების საკვებით მომარაგება უნდა განხორციელდეს იმავე წესით, როგორც ეს ხორციელდება იგივე პროფესიის ადგილობრივი მუშაკების მიმართ.
მუხლი 20. საბინაო პირობები
იმიგრაციის ტერიტორიის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ მიგრანტსა და მისი ოჯახის წევრებს ჰქონდეთ შესაფერისი ჰიგიენური და საბინაო პირობები, რამდენადაც აუცილებელი საცხოვრებელი ხელმისაწვდომია.
მუხლი 21. სოციალური დაცვა
1. ორმა მხარემ ცალკე შეთანხმების საშუალებით უნდა დაადგინოს მიგრანტებისა და მათ კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის სოციალური დაცვის სისტემის მოქმედების მეთოდები.
2. ამავე შეთანხმებით განისაზღვრება, რომ იმიგრაციის ტერიტორიის კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა მიგრანტებმა და მათ კმაყოფაზე მყოფმა პირებმა ისარგებლონ ადგილობრივი მოქალაქეების მსგავსად თანაბარი უპირატესობებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადგილობრივი მოქალაქეებისათვის მოქმედებს კონკრეტული ცენზი.
3. შეთანხმებაში უნდა აისახოს შესაბამისი დებულება, რომელიც შეეხება უფლებების შემძენი, ან უფლების მიღების პროცესში მყოფი მიგრანტის საარსებო წყაროს უზრუნველყოფას, რაც შესაბამისობაშია მიგრანტებისათვის საპენსიო უფლების შენარჩუნების შესახებ (1935) კონვენციასთან, ან ამავე კონვენციის რომელიმე შესწორებულ ვერსიასთან.
4. შეთანხმებაში უნდა აისახოს შესაბამისი დებულება იმის შესახებ, რომ იმიგრაციის ტერიტორიის კომპეტენტურმა ორგანომ ყველა ზომა მიიღოს, რათა უზრუნველყოს დროებით მიგრანტებისა და მათ კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის ადგილობრივი მოქალაქეების მსგავსი თანაბარი მოპყრობა, რაც წარმოადგენს უფლებების შემძენი, ან უფლების მიღების პროცესში მყოფი მიგრანტისთვის საარსებო წყაროს უზრუნველსაყოფად დამატებითი სავალდებულო საპენსიო სქემის საგანს.
მუხლი 22. დასაქმების ხელშეკრულება
1. იმ ქვეყნებში სადაც გამოიყენება ხელშეკრულებების მოდელების სისტემა, მიგრანტისათვის დასაქმების ინდივიდუალური ხელშეკრულება უნდა შედგეს იმ ხელშეკრულების მოდელის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ მომზადდა ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი დარგებისათვის.
2. დასაქმების ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში უნდა ჩამოყალიბდეს საქმიანობის და შესაბამისი ხელშეკრულების მოდელში მოცემული დასაქმების ზოგადი პირობები, და იგი უნდა ითარგმნოს მიგრანტისთვის გასაგებ ენაზე. ხელშეკრულების ასლი მიგრანტს უნდა გადაეცეს ემიგრაციის ტერიტორიის დატოვებამდე, ან თუ განსახილველ ორ მხარეს შორის არსებობს ასეთი მოლაპარაკება, უნდა გადაეცეს მიმღებ ცენტრში იმიგრაციის ქვეყანაში ჩასვლის კვალდაკვალ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ქვეყნიდან გამგზავრებამდე მიგრანტი წერილობით უნდა იყოს ინფორმირებული პროფესიული კატეგორიის შესახებ, რომელშიც მას მოუწევს მუშაობა და სამუშაოს სხვა პირობების შესახებ, კერძოდ კი გარანტირებული მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ, რაც ხორციელდება დოკუმენტით, რომელიც ეხება პირადად მას, ან მიგრანტთა იმ ჯგუფს, რომლის წევრიც თავადაა.
3. დასაქმების ინდივიდუალური ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ისეთ აუცილებელ ინფორმაციას, როგორიცაა:
(ა) მუშაკის სრული სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი, ოჯახური მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილი და სამუშაოზე აყვანის (გაწვევის) ადგილი.
(ბ) სამუშაოს ხასიათი და მისი შესრულების ადგილი;
(გ) პროფესიული კატეგორია, სადაც განაწილდა მიგრანტი;
(დ) ჩვეულებრივი სამუშაო საათებისათვის, ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის, ღამის ცვლაში სამუშაოსთვის განკუთვნილი ანაზღაურება, ანაზღაურებადი შვებულება და ხელფასის გადახდის ხერხი.
(ე) პრემიები, კომპენსაცია და შეღავათები, თუ კი ასეთი არსებობს.
(ვ) პირობები და ზომა, თუ როდის და რამდენად შეუძლია დამქირავებელს მოახდინოს დაქირავებულის ხელფასიდან დაქვითვა.
(ზ) საკვებთან დაკავშირებული პირობები, თუკი საკვებით მომარაგება დამქირავებლის ვალდებულებაა.
(თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი გაგრძელებისა თუ შეწყვეტის პირობები;
(ი) პირობები, რომელთა თანახმადაც ნებადართულია მიგრაციის ტერიტორიაზე შესვლა და ცხოვრება.
(კ) მიგრანტისა და მისი ოჯახის წევრების მგზავრობის ხარჯების ანაზღაურების მეთოდები;
(ლ) დროებითი მიგრაციის შემთხვევაში, მშობლიურ ქვეყანაში, ან ემიგრაციის ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მეთოდი.
(მ) საფუძველი, რომლის გამოც შესაძლებელია ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე შეწყვეტა.
მუხლი 23. დასაქმების ადგილის შეცვლა
1. თუ იმიგრაციის ტერიტორიის კომპეტენტური ორგანო ჩათვლის, რომ სამსახური, რომელშიც მოხდა მოგრანტის დასაქმება არ შეესაბამება მის ფიზიკურ შესაძლებლობებს ან პროფესიულ კვალიფიკაციას, მან უნდა უზრუნველყოს ხსენებული მიგრანტის ისეთ სამუშაო ადგილზე დასაქმება, რომელიც შეეფერება მის ფიზიკურ შესაძლებლობებსა და პროფესიულ კვალიფიკაციას, და სადაც მისი დასაქმება მოხდება ეროვნული კანონებისა და რეგულაციების დაცვით.
2. უმუშევრობის პერიოდში, თუ კი ასეთ რამეს აქვს ადგილი, მიგრანტისა და მის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის (რომლებსაც უფლება აქვთ თან ახლდნენ ან მოგვიანებით ჩავიდნენ მასთან) საარსებო წყაროს უზრუნველყოფის მეთოდი უნდა განისაზღვროს ცალკე შეთანხმების საშუალებით.
მუხლი 24, დასაქმების სტაბილურობა
1. თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დასაქმების მიზნით მიგრირებული პირი ზედმეტი იქნება იმ სამსახურისა თუ ეკონომიკური საქმიანობის სფეროსათვის, სადაც მუშაობს, იმიგრაციის ტერიტორიის კომპეტენტურმა ორგანომ, ხელშეკრულებაში ჩამოყალიბებული პირობების შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს ხსენებული მიგრანტის სხვა შესაფერის სამუშაოზე გადაყვანა, სადაც მისი დაქირავება მოხდება ეროვნული კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.
2. თუ მიგრანტს არ აქვს უმუშევრობის დაზღვევით ან დახმარების სქემით სარგებლობის უფლება, უმუშევრობის ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში, მისთვის და მის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის საარსებო წყაროს უზრუნველყოფა უნდა დადგინდეს ცალკე შეთანხმებით, თუ კი ეს პირობა არ მოდის წინააღმდეგობაში მისი ხელშეკრულების პირობებთან.
3. წინამდებარე მუხლის დებულებებმა არ უნდა შეამციროს მიგრანტის უფლება, მიიღოს მის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ნებისმიერი სარგებელი, როცა საქმე ეხება დამქირავებლის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას.
მუხლი 25. დებულებები სავალდებულო დაბრუნების შესახებ
1. იმიგრაციის ტერიტორიის კომპეტენტური ორგანო კისრულობს, რომ მიგრანტი და მისი ოჯახის წევრები, რომლებიც თან ახლდნენ ან მოგვიანებით შეუერთდნენ მას, არ იქნებიან დაბრუნებულნი ემიგრაციის ქვეყანაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიგრანტს თავად სურს ასე იმის გამო რომ აღარ შეუძლია სამუშაოს შესრულება ავადმყოფობის ან დაშავების გამო.
2. იმიგრაციის ტერიტორიის მთავრობა კისრულობს, რომ არ გააგზავნის ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს ან მიგრანტებს, რომლებსაც პოლიტიკური მიზეზების გამო აღარ სურთ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება, რომელიც არ წარმოადგენს იმ ქვეყანას, საიდანაც მოხდა მათი სამუშაოზე აყვანა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი ოფიციალურად გამოხატავენ ასეთ სურვილს წერილობით მიმართვაში, რომელიც ეგზავნება მიგრაციის ტერიტორიის კომპეტენტურ ორგანოს, და საერთაშორისო ინსტრუმენტების თანახმად დაფუძნებულ ნებისმიერ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვაზე, ვინც არ სარგებლობენ რომელიმე მთავრობის მხრიდან დაცვით.
მუხლი 26. გამგზავრება შინ
1. მიგრაციის ქვეყნის მთავრობის მიერ დაფინანსებული გეგმის თანახმად წარდგენილი დასაქმების მიზნით მიგრირებული პირის სახლში გამგზავრების ხარჯები, რომელიც ვალდებულია დატოვოს დასაქმების ადგილი მისი პასუხისმგებლობის სფეროდან დამოუკიდებელი მიზეზით, და რომელსაც ეროვნული კანონებისა და რეგულაციების ძალით არ შეუძლია ისეთ სამუშაოზე გადასვლა, რომლის პირობებსაც აკმაყოფილებს, უნდა მოგვარდეს შემდეგნაირად:
(ა) მიგრანტის და მის კმაყოფაზე მყოფი პირების შინ გამგზავრების ხარჯები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაეკისროს მიგრანტს.
(ბ) დამატებით ორმხრივ შეთანხმებებში უნდა აისახოს ასეთი გამგზავრების ხარჯების ანაზღაურების მეთოდი.
(გ) ნებისმიერ შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ ორმხრივ შეთანხმებაში არ არის ამგვარი შემთხვევის დამარეგულირებელი დებულება, მიგრანტისათვის სამუშაოზე აყვანისას მიწოდებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს კონკრეტულ დეტალებს იმის შესახებ, თუ რაზეა პასუხისმგებელი პიროვნება ან სააგენტო, როცა საქმე ეხება ამ მუხლში აღწერილი პირობების გამო წარმოქმნილი გამგზავრების ხარჯების განაღდებას.
2. წინამდებარე ხელშეკრულების 28-ე მუხლში ჩამოყალიბებული თანამშრომლობისა და კონსულტაციის მეთოდების თანახმად, ორმა მხარემ უნდა დაადგინოს ხსენებულ პირთა შინ დაბრუნების ორგანიზებისთვის საჭირო ზომები და უზრუნველყოს მათი მგზავრობის პერიოდში მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა და ყველა სახის დახმარება, რითიც ისინი სარგებლობდნენ იმიგრაციის ქვეყნისაკენ მგზავრობის დროს.
3. ემიგრაციის ტერიტორიის კომპეტენტურმა ორგანომ დაბრუნებისას ხსენებული პირები უნდა გაათავისუფლოს საბაჟო მოსაკრებლებისაგან, კერძოდ:
(ა) მათი პირადი ნივთები; და
(ბ) პორტატული ხელსაწყოები და აღჭურვილობა, რომელსაც როგორც წესი ფლობენ მშრომელები კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად, და რომლებიც ხსენებული პირის მფლობელობასა და სარგებლობაში იყო საკმარისად ხანგრძლივი დროის განმავლობაში, და რომლის გამოყენებაც მას განზრახული აქვს მომავალ საქმიანობაშიც.
მუხლი 27. ორმაგი დაბეგვრა
ორმა მხარემ ცალკე შეთანხმების ძალით უნდა დაადგინოს ზომები, რომელსაც მიიღებენ დასაქმების მიზნით მიგრირებული პირის შემოსავლების ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად.
მუხლი 28. თანამშრომლობის მეთოდი
1. ორი მხარე უნდა შეთანხმდეს კონსულტაციებისა და თანამშრომლობის მეთოდზე, რომელიც აუცილებელია წინამდებარე შეთანხმების განსახორციელებლად.
2. ორი მხარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, შრომის საერთაშორისო ოფისი უნდა ჩაებას ხსენებული კონსულტაციებისა და თანამშრომლობის პროცესში.
მუხლი 29. დასკვნითი დებულებები
1. მხარეებმა უნდა განსაზღვრონ შეთანხმების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ვადა.
2. მხარებმა უნდა განსაზღვრონ წინამდებარე შეთანხმებაში ჩამოყალიბებული ის დებულებები, რომლებიც ძალაში დარჩება ამ შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგაც.
ცნობარი:
რეკომენდაცია: R061 დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ რეკომენდაცია, 1939
რეკომენდაცია: R062 დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ (სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა) რეკომენდაცია, 1939
კონვენციები: C097 დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ კონვენცია (შესწორებული ვარიანტი) 1949
ILO მთავარი გვერდი NORMES მთავარი გვერდი ILOLEX მთავარი გვერდი Universal Query NATLEX
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების განყოფილებას (NORMES) ელ-ფოსტით:
საავტორო უფლება © 2006 შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)
webinfo@ilo.org