საზოგადოებას კარგად ახსოვს რუსთავის აზოტთან დაკავშირებული 2017 წლის მოვლენები, როდესაც საწარმოში შეიცვალა მმართველი კომპანია და ახალი კომპანიის ადმინისტრაციამ ქიმიური ქარხნის 350-მდე ღვაწლმოსილი მუშაკი სამუშაოდან გაანთავისუფლა წინასწარი გაფრთხილების, ყოველგვარი ახსნა-განმარტების და მიზეზების დასაბუთების გარეშე. უფრო სწორად თუ ვიტყვით კი არ გაანთავისუფლეს ისე, როგორც ამას განთავისუფლების პროცედურა მოითხოვს, არამედ დაუბლოკეს ქარხნის ტერიტორიაზე შესასვლელი საშვი და ამ ადამიანებმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისგან შეიტყვეს, რომ მათ ტერიტორიაზე აღარ შეუშვებდნენ, რადგან ასე ჰქონდათ ნაბრძანები.

350 ადამიანს, რომლებმაც რუსთავის აზოტს მიუძღვნეს თავისი ცხოვრების ათეულობით წელი და საკუთარი ჯანმრთელობა, იმის ნაცვლად, რომ ვინმეს მათთვის მადლობა გადაეხადა გაწეული შრომისა და თავდადებისთვის, აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი მეთოდით შეუწყვიტეს პროფკავშირის მიერ მათთვის მოპოვებული განუსაზღვრელვადიანი შრომითი კონტრაქტები.
ამ ფაქტმა საქართველოს პროფკავშირების, მისი წევრი დარგობრივი ორგანიზაციების, სხვა საწარმოს თანამშრომლების, სამოქალაქო სექტორის, სტუდენტების, დამოუკიდებელი აქტივისტების და საერთაშორისო პროფკავშირული საზოგადოების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და 2-3 თვის განმავლობაში რუსთავის აზოტის მიმდებარე ტერიტორია საპროტესტო აქციებმა მოიცვა. სამუშაოდან განთავისუფლებული ადამიანების მხარდაჭერის მიზნით საპროტესტო აქციაზე ჩამოვიდნენ ბელარუსის, ყირგიზეთისა და სომხეთის პროფკავშირის წარმომადგენლები და გლობალური პროფკავშირის Industriall Global Union-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური წარმომადგენელი.

იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა მძიმეა და დასაქმებულთა უდიდეს ნაწილს საკუთარი ხელფასიდან დანაზოგის გაკეთება არ შეუძლია, 350 ადამიანიდან შემოთავაზებულ კომპენსაციას დათანხმდა 294, ხოლო 56-მა ადამიანმა 2017 წლის მარტიდან საქართველოს პროფკავშირების იურისტების დახმარებით კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყო სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელეთა სასარჩელო განცხადება სრულად დააკმაყოფილა, კომპანიის ადმინისტრაციამ კი 1-ლი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, ხოლო მას შემდეგ, რაც მე-2 ინსტანციის სასამართლომ 1-ლი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, კომპანიის ადმინისტრაციამ უზენაეს სასამართლოს მიმართა. უზენაეს სასამართლოში პროცესი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო კიდევ ერთი წლის განმავლობაში მოსარჩელეები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდნენ და 2020 წლის 29 იანვარს საბოლოოდ გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა 1-ლი და მე-2 ინსტანციის გადაწყვეტილებები.

კომპანიის ადმინისტრაციასა და აღსულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შედეგად, 56-დან, სამუშაო ადგილს დაუბრუნდა და განაცდური ანაზღაურება ჩაერიცხა 19 მოსარჩელეს. 31-მა განაცდური ანაზღაურება მიიღო და უარი განაცხადა სამუშაო ადგილზე აღდგენასთან დაკავშირებით. მიმდინარე მომენტისთვის დარჩენილია 6 მოსარჩელე, რომლებიც სამუშაოზე აღდგენის სურვილს აცხადებენ, ხოლო კომპანიის ადმინისტრაცია უკვე 6 თვეზე მეტია ვაკანსიების უქონლობას იმიზეზებს.

საქართველოს პროფკავშირების იურისტებმა პარალელურად კიდევ ერთი აზოტელის სასამართლო პროცესი აწარმოეს, რომელიც ასევე გამარჯვებით დაასრულეს. საქმე ეხება რუსთავის აზოტის ამონიუმის გვარჯილის საამქროს უფროსს, რომელიც კომპანიის ადმინისტრაციამ გამოგონილი მიზეზით გაანთავისუფლა სამსახურიდან და ამ შემთხვევაშიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ 2017 წლის იანვარში სამუშაოდან განთავისუფლებული 56 მოსარჩელის მსგავსად, ეს მოსარჩელეც თავიდან ბოლომდე მართალია კომპანიის ადმინისტრაციასთან.
საზოგადოება ვალდებულია გაანალიზოს, ქვეყანაში არსებულ რა პრობლემებზე მიუთითებს ყოველივე ზემოთთქმული?
– რუსთავის აზოტის ადმინისტრაცია, 350 ადამიანის სამუშაოდან განთავისუფლების მომენტში მოიქცა იმ სამართლებრივი წესრიგის მიხედვით, რომელიც ქვეყანაში 2013 წლამდე არსებობდა. საქართველოს შრომის კოდექსის 2013 წლამდე მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის მიხედვით დამსაქმებელს უფლება ქონდა ადამიანი სამუშაოდან გაენთავისუფლებინა წინასწარ გაფრთხილებისა და მიზეზების დასაბუთების გარეშე, ანუ დამსაქმებელზე არ ვრცელდებოდა მტკიცების არანაირი ვალდებულება.
– საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს შრომის კოდექსის აღმასრულებელი ორგანო და დასაქმებულის შრომით-სამართლებრივი უფლებების დამსაქმებლის მიერ შელახვის შემთხვევაში ერთადერთი გზა სასამართლოა, მაშინ როდესაც არ არსებობს შრომითი სასამართლოები, რის გამოც სასამართლო პროცესები არაგონივრული დროით ხანგრძლივდება, ეს კი საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ დასაქმებულმა უარი თქვას სასამართლო დავის დაწყებაზე, თუ კი ოდესმე მის შრომით უფლებებს შელახავს დამსაქმებელი.
– აღსრულების ბიურო სრულად ვერ იყენებს მის ხელთ არსებულ მექანიზმებს იმისთვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სრუფასოვნად იქნას აღსრულებული, არადა… სწორედ ეს არის აღსრულების ბიუროს მთავარი ფუნქციონალური მოვალეობა. თუმცა მოდით მეორე მხრიდან შევხედოთ საკითხს: კომპანიის ადმინისტრაციას, გარდა იმისა, რომ მოსარჩელეები სამსახურში უნდა აღადგინოს, მათ მიმართ ასევე გააჩნია საკმაოდ სოლიდური ფინანსური ვალდებულებაც – კომპანიამ მოსარჩელეებს 3 წელზე მეტი ხნის ხელფასი უნდა გადაუხადოს განაცდურის სახით. ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე რიგით მოქალაქეს ბანკისგან მიღებული აქვს უძრავი ქონების გირაოთი გამყარებული იპოთეკური სესხი და ვერ ახერხებს ამ სესხის დაფარვას. ბანკი კი სასამართლოს ძალით ედავება და სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმეში ერთვება აღსრულების ბიურო, რათა მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მოსარჩელის, ანუ ბანკის სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა, რომ აღსრულების ბიურომ იგივე ტიპის ლოიალობა გამოიჩინოს ბანკის წინაშე ფინანსური ვალდებულების მქონე რიგითი მოქალაქის მიმართ, რომელსაც იჩენს რუსთავის აზოტის ოპერატორი კომპანიის მიმართ.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რამდენიმეწლიანი ძალისხმევის შედეგად, საქართველომ 2013 წლიდან დაიწყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების, ხოლო 2014 წლიდან კი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში არსებული დირექტივების შესრულება. ამის დასტურია ის, რომ 2013 წელს შრომის კოდექსში შევიდა პოზიტიური ცვლილებები, რის შემდეგაც დამსაქმებელს დაეკისრა მტკიცების ვალდებულება დასაქმებულთან შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის დროს, ასევე, შეიქმნა შრომის უსაფრთხოების კანონი, გამკაცრდა რეგულაციები შრომის უსაფრთხოების მიმართულებით და რაც ყველაზე მთავარია, ეტაპობრივად, მაგრამ მაინც ძლიერდება შრომის ინსპექცია როგორც შრომით სფეროში არსებული კანონმდებლობისა და ტექნიკური რეგლამენტების აღმასრულებელი ორგანო, ანუ სულ მალე შრომის ინსპექცია სამუშაო ადგილებზე გააკონტროლებს არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არამედ შრომით-სამართლებრივ მდგომარეობასაც. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ საქართველო ცდილობს შრომითი სტანდარტები ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვოს და ეს ძალიან იმედის მომცემი ტენდენციაა. ეს იძლევა იმედს, რომ საქართველოში შრომა აღქმულია როგორც არა ჩვეულებრივი პროდუქტი, რომელსაც დასაქმებული გაყიდის იმ ფასად რომელსაც შრომის ბაზარი შესთავაზებს, ანუ როგორც ეს იყო 2012 წლამდე, არამედ აღქმულია როგორც საზოგადოებრივი პროცესი, რომელსაც მოწესრიგება და დარეგულირება ჭირდება.
ამ პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, ბიზნეს-კომპანიებისა და დამსაქმებელთა ასოციაციების ნაწილი საქართველოს ისევ იმ ჭაობისკენ ექაჩება, რომელიც 2012 წლამდე იყო. ისინი კვლავ ავითარებენ იმ მოსაზრებას, რომ გამკაცრებული შრომის კოდექსი, შრომის უსაფრთხოების მკაცრი ნორმები და შრომით სფეროში მიღებული ყოველი ახალი რეგულაცია, შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესს, ანუ ისინი თვლიან, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში დასაქმებული ადამიანების წვლილი ნულოვანია და ეკონომიკა მხოლოდ ბიზნესის მხრებზე დგას.
საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია და ამ სტატიაში აღწერილი პრობლემები შესანიშნავი სახელმძღვანელო მასალაა პარლამენტის წევრობის იმ კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც პარლამენტში მოხვედრისთვის იბრძოლებენ 31 ოქტომბერს. ეს არის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ჩვენი ქყვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესს და რომელთა მოგვარებაზეც წესით უნდა იმუშაოს მომავალმა პარლამენტმა თუ გვინდა, რომ საქართველო რეგიონში ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.
დიახ, სამართლის მაძიებელი ის 7 მოსარჩელე რუსთავის აზოტიდან, არიან მთავარი ინდიკატორები იმისა, ვცხოვრობთ თუ არა ნორმალურ სახელმწიფოში. მათ ხელში უჭირავთ სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლებიც ადასტურებენ რომ ისინი მართლები არიან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც მოქალაქეებს სასამართლოს მიერ დადასტურებულ სიმართლეს აპოვნინებს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტი ამ საქმეს აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე – დღეს თუ არა ხვალ, ამ თვეში თუ მომავალ თვეში, აუცილებლად იქნება აღსრულებული სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და რუსთავის აზოტის მოსარჩელეები კუთვნილს აუცილებლად მიიღებენ, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესი დამოკიდებულია არა გამართულ და მოწესრიგებულ სახელმწიფო სისტემებზე, არამედ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების იმ ნაწილზე, რომელთა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები ან მათ მიერ გამოვლენილი სუსტი პოზიციები მნიშვნელოვნად აფერხებენ ქვეყნის განვითარების პროცესს.