მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე

28 აპრილი – სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე  მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორის საქართველოშიც.

დასაქმებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უერთდება მსოფლიო პროფკავშირების მოთხოვნას, რათა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ „შრომის უსაფრთხოება და დასაქმებულთა ჯანმრთელობა სამუშაო ადგილებზე“ აღიაროს ფუნდამენტურ უფლებად, ისევე როგორც:

  • გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების ეფექტური აღიარების უფლება;
  • იძულებითი ან სავალდებულო შრომის გაუქმება;
  • ბავშვთა შრომის აღმოფხვრა;
  • დისკრიმინაციის აკრძალვა სამუშაო ადგილებზე.

სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული ტრავმებისგან და პროფესიული დაავადებებისგან მსოფლიოში ყოველწლიურად 2,6 მილიონი ადამიანი იღუპება. არსებული ვითარება პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა განიხილებოდეს ფუნდამეტური უფლების რანგში. ამას გარდა, აუცილებელია „კოვიდ-19“-ის პროფესიულ დაავადებად აღიარება.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო)  2019  წლის  დეკლარაცია, რომელიც მთავრობებმა, დამსაქმებლებმა და პროფკავშირებმა ერთსულოვნად მიიღეს, მოიცავს დაპირებას, რომ დასაქმებულის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე  დაცული იყოს. ამას  გარდა, მსგავს პირობას შსო-ს  წესდებაც შეიცავს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანმრთელობა, როგორც ადამიანის ფუნდამეტურ უფლება უკვე აღიარა.

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია და მისი წევრები მთავრობებს მოუწოდებენ:

  • მოახდინონ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონვენციების (#81, #129, #155,#176, #187)რატიფიცირება და დანერგვა;
  • ჩამოაყალიბონ ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული ორგანოები, სადაც პროფკავშირები და დამსაქმებელთა წარმომადგენლები ერთად იქნებიან წარმოდგენილნი;
  • ხელმისაწვდომი გახადონ ჯანდაცვის სერვისები და „კოვიდ-19“ აღიარონ პროფესიულ დაავადებად.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისთვის პრიორიტეტულ საკითხს ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს შრომის უსაფრთხოება, რადგან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე უფრო დიდი ღირებულება არ არსებობს. ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესაფასებლად საწარმოო უბედური შემთხვევების სტატისტიკა ყველაზე კარგი ინდიკატორია.

ბოლო  ოთხი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ლეტალური შემთხვევების მაჩვენებლებში კლება შეინიშნება, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა, კერძოდ:

  • 2018 წელს გარდაიცვალა 59, მძიმედ დაშავდა 199;
  • 2019 წელს გარდაიცვალა 45, მძიმედ დაშავდა 168;
  • 2020 წელს გარდაიცვალა 39, მძიმედ დაშავდა 249;
  • 2021 წელს გარდაიცვალა 33, მძიმედ დაშავდა 253.

საქართველოში ბოლო წლებში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ამოქმედდა კანონები ,,შრომის უსაფრთხოების“ და ,,შრომის ინსპექციის“ შესახებ. შრომის ინსპექციის სამსახური ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიდა გაზრდილი მანდატით, რაც გულისხმობს ეკონომიკის ყველა სქეტორში შრომის სტანდარტებზე ზედამხადეველობას. შეიქმნა შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ორგანო – მრჩეველთა საბჭო.

ზემოაღნიშნული შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებისა და სრულყოფის თვალსაზრისით წინსვლა გვაქვს, თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით კანონქვემდებარე აქტებზეც.

საქართველოს კანონქვემდებარე აქტები ე.წ. „ტექნიკური რეგლამენტები“, რომლებიც ძალაში შევიდა 2013 წლიდან, ფარავს ეკონომიკური საქმიანობის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს. შესაბამისად, იმ სფეროებში, სადაც შრომის უსაფრთხოების საკითხები არ რეგულირდება საქართველოს ნორმატიული აქტებით, დამსაქმებლებმაც და ზედამხედველმა უწყებებმაც უნდა იხელმძღვანელონ 1992 წლამდე მოქმედი საბჭოთა ნორმატიული აქტებით. შესაბამისად, საქმიანობის ამ სფეროებში ზედამხედველ უწყებებს სამუშაო ადგილებზე დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი დამსაქმებლებისთვის ადმინისტრაციული სახდელების დასაკისრებლად სამართლებრივი მექანიზმი არ გააჩნიათ.

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და კანონის მკაცრი აღსრულება აუცილებელია. შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესაფასებლად მთავარი ინდიკატორებია საწარმოო შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც სახელმწიფო ამ დრომდე არ აღრიცხავს.

მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობებლად და სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შესამცირებლად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და კანონის აღსრულების ეფექტური სისტემის შექმნა.