დასაქმებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უერთდება მსოფლიო პროფკავშირების მოთხოვნას, რათა – შსო-მ ‘შრომის უსაფრთხოება და დასაქმებულთა ჯანმრთელობა სამუშაო ადგილებზე’, აღიაროს ფუნდამენტური უფლებად, ისევე როგორც:
- გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების ეფექტური აღიარების უფლება;
- იძულებითი ან სავალდებულო შრომის გაუქმება;
- ბავშვთა შრომის აღმოფხვრა;
- დისკრიმინაციის აკრძალვა სამუშაო ადგილებზე;
მსოფლიოში ყოველწლიურად 2,6 მილიონი ადამიანი იღუპება სამუშაოსთან დაკავშირებული პროფესიული ავადმყოფობისა და ტრავმებისაგან. ვითარება პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა.
პანდემიამ ნათლად დაგვანახა ის დაუცველი პირობები, რომელშიც დასაქმებულები და მოქალაქეების იმყოფებიან. მტკიცებულებები მთელი მსოფლიოდან ადასტურებს, რომ ვირუსი ვრცელდება სამუშაო ადგილებზე და არა მხოლოდ ჯანდაცვისა და ზრუნვის სფეროებში, არამედ ქარხნებში, ხორცპროდუქტების წარმოებაში, საწყობებში, სკოლებში, ოფისებში, ტრანსპორტსა და სხვა სექტორებში.
აქედან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა განიხილებოდეს ფუნდამენტური უფლების რანგში.
ამას გარდა აუცილებელია კოვიდ 19-ის პროფესიულ დაავადებად აღიარება.
ყოველ 10 წამში მსოფლიოში, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო ერთი ადამიანი იღუპება. თუკი პანდემიამდე უამრავი დასაქმებული სამარცხვინო პირობებში მუშაობდა, დღეს ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა დაიცვას დასაქმებულები და საზოგადოების წევრები, რომლებიც ამგვარი დასაქმების ტერიტორიებზე გადაადგილდებიან ან მათთან შემხებლობაში არიან. ეს მათი ფუნდამენტური უფლებაა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2019 წლის დეკლარაცია, რომელიც მთავრობებმა, დამსაქმებლებმა და პროფკავშირებმა ერთსულოვნად მიიღეს, მოიცავს დაპირებას, რომ დასაქმებულის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე იყოს დაცული. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებაც შეიცავს მსგავს პირობას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კი უკვე აღიარებს ჯანმრთელობას როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისთვის შრომით ურთიერთოებებში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა და წარმოადგენს შრომის უსაფრთხოება, რამდენადაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე დიდი ღირებულება.
პროფკავშირების მოთხოვნით, საქართველოში შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ამოქმედდა კანონები ,,შრომის უსაფრთხოების“ და ,,შრომის ინსპექციის“ შესახებ. შრომის ინსპექციის სამსახური ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიდა გაზრდილი მანდატით, რაც გულისხმობს ეკონომიკის ყველა სქეტორში შრომის სტანდარტებზე ზედამხადეველობას. შეიქმნა შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ორგანო-მრჩეველთა საბჭო.
თუ ზემოაღნიშნული შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებისა და სრულყოფის თვალსაზრისით წინსვლა გვაქვს, იგივეს ვერ ვიტყვით კანონქვემდებარე აქტებზეც.
საქართველოს კანონქვემდებარე აქტები ე.წ. „ტექნიკური რეგლამენტები“, რომლებიც ძალაში შევიდა 2013 წლიდან, ფარავს ეკონომიკური საქმიანობის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს. შესაბამისად იმ სფეროებში, სადაც შრომის უსაფრთხოების საკითხები არ რეგულირდება საქართველოს ნორმატიული აქტებით, დამსაქმებლებმაც და ზედამხედველმა უწყებებმაც უნდა იხელმძღვანელონ 1992 წლამდე მოქმედი საბჭოთა ნორმატიული აქტებით. საქმიანობის იმ სფეროებში ზედამხედველ უწყებებს სამუშაო ადგილებზე დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში არ გააჩნიათ სამართლებრივი მექანიზმი დამსაქმებლებისთვის ადმინისტრაციული სახდელების დასაკისრებლად.
ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და კანონის მკაცრი აღსრულება. შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესაფასებლად მთავარი ინდიკატორებია საწარმოო შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების სტატისტიკური მონაცემები. ამ უკანასკნელს სახელმწიფო ამ დრომდე არ აღრიცხავს.
2020 წელს შრომის უსაფრთხოება კვლავ მთავარ გამოწვევად დარჩა, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რიცხვმა 39-ს, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 249-ს მიაღწია.
2019 წელს გარდაიცვალა 45, ხოლო მძიმედ დაშავდა 168. 2018 წელს გარდაცვლილია 59 და მძიმედ დაშავებულია 199 ადამიანი. საგრძნობი კლებაა სამშენებლო სექტორში გასულ წელსა და 2019 წელს შორის სასიკვდილო შემთხვევების მხრივ, კერძოდ 2020 წელს გარდაიცვალა 11 და მძიმედ დაშავდა 44 დასაქმებული, იმ დროს როცა 2019 წელს გარდაიცვალა 29 და მძიმედ დაშავდა 54 ადამიანი.
კანონის ეფექტური აღსრულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ქვეყანაში შრომის ინსპექტორების საკმარისი რაოდენობა და რეგიონული სტრუქტურების გახსნა. დღეს საქართველოს სულ რაღაც 53 შრომის ინსპექტორი ჰყავს, რომელთა ლოკალიზაციის ადგილია მხოლოდ დედაქალაქი.
მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შესამცირებლად მნიშვნელოვანია სახელწმიფოს მიერ ზემოთ აღნიშნული ნაკლოვანებების გათვალისწინება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.