პროფესიული კავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა
16 / 05 / 2013

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციტივა პილოტური ხასიათისაა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ამჟამად პრიორიტეტი ენიჭება აგრარულ სექტორის კურსდამთავრებულთათვის საწარმოო პრაქტიკის გავლას (სტაჟირება–შეგირდობა) და პროფესიული უნარ–ჩვევების დაუფლების მიზნით საქართველოს საწარმოში სტაჟირების პროგრამის (3–დან 4 თვემდე) დაფინანსებას. ეს კი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასების სუბსიდიების სახით გაცემას ითვალისწინება.
პროექტის მიზანია, შემცირდეს უმუშევრობა აგარარული სფეროში დასაქმების მსურველს ახალგაზრდებში და მათი კვალიფიკაციის სხვადასხვა აპრობირებული მეთოდების გამოყენებით ამაღლდეს. მიმდინარე წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოა სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ, გამოყოფილი ფინანსური რესურსების თვალსაზრისით. რაც გულისხმობს მისი მასშტაბების გაფართოებას, რომელიც ცხადია დაკავშირებული იქნება დამატებით შრომის რესურსების მოზიდვასთან. სწორედ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გახდება ერთ–ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარს დროულად მიაწოდოს პროფესიული კადრები აგრარული სფეროს სხვადასხვა სპეციალობებში. საკანონმდებლო ინიციატივა თავისი მაშტაბურობიდან გამომდინარე იქნება მომგებიანი როგორც სტუდენტებისათვის, ასევე ბიზნეს სექტორისათვის, რაც საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ამ ეტაპზე პილოტურად მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგში იქნება გამოყენებული, იმ ახალგაზრდების დასაქმების პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებს, რომელთაც აგრარული განათლება გააჩნიათ. თუმცა, პროექტის განხორციელების მონიტორინგის დადებითი რეზულტატის შედეგად სხვა დარგებშიც მსგავსი ინიციატივების დანერგვის პრეცედენტს შექმნის, რაც ახალგაზრდების არა მარტო უმუშევრობის პრობლემის რეალურად გადასაჭრელად წინ გადადგმული ნაბიჯი გახდება, არამედ იგი ახალგაზრდების გარიყულობის, სიღარიბისა და ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციასაც შეუწყობს ხელს.