საქართველოს რკინიგზის პროფკავშირი დღეს აქტივობებს ახორციელებს როგორც ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ასევე უცხურ ორგანიზაციებთან მუშაობის მხრივაც. ამ ორგანიზაციის აქტივობები განსაკუთრებით გასული ორი წლის მანძილზე გამოიკვეთა, როდესაც რკინიგზის პროფკავშირის ლიდერები საქართველოს რკინიგზაში არსებული საგაფიცვო მუხტის სწორი მიმართულებით წაყვანას ცდილობდნენ და ეს საქმე უნდა ითქვას რომ საკმაოდ კარგად გამოუვიდათ.
ამჟამად პროფკავშირი და საქართველოს რკინიგზა უკვე სოციალური პარტნიორობის ეტაპამდე არიან მისულნი. დარჩენილია კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება. ეს პროცესი სამწუხაროდ ძალიან გაიწელა. თუმცა, დიალოგი არ შეწყვეტილა და რკინიგზის პროფკავშირში დაწმუნებულები არიან, რომ ხელშეკრულება უახლოეს მომავალში აუცილებლად გაფორმდება და ეს დოკუმენტი რკინიგზიელთა ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყების გარანტი შეიძლება გახდეს.
საქართველოს რკინიგზის პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ვიტალი გიორგაძე მიიჩნევს, რომ პროფკავშირის მოვალეობა საპროტესტო მუხტის გაღვივება არ არის. რკინიგზის პროფკავშირში ამბობენ, რომ მათი ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის სიტუაციის ისეთ მომენტამდე მიყვანაა, რომ დამსაქმებელთან დაიწყოს კოლექტიური მოლაპარაკებები და ეს პროცესი თავისი ლოგიკური ფინალით – კოლექტიური მოლაპარაკების ხელშეკრულების დადებით დასრულდეს.
ვიტალი გიორგაძე, საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე: “ჩემი პროფკავშირული საქმიანობა 2009 წელს დაიწყო, როდესაც თბილისის მახარისხებელში ჩამოვაყალიბეთ პროფკავშირული ორგანიზაცია და ამის შემდეგ ამირჩიეს რკინიგზის პროფკავშირის გამგეობის წევრად. როდესაც ჩემი პროფკავშირული აქტივობების შესახებ გახდა ცნობილი, დამიბარა უფროსმა და მითხრა, რომ ან მე უნდა წავსულიყავი სამსახურიდან, ან ის გადადგებოდა. რა თქმა უნდა მე მომიწია სამსახურიდან წასვლა და დავრჩი უმუშევარი. ამის შემდეგ ხალხთან ყოველდღიურად მიწევდა და დღესაც მიწევს შეხვედრები და იმის ახსნა, თუ რა არის პროფკავშირი და რატომაა ეს ინსიტუტი მნიშვნელოვანი დასაქმებულებისათვის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პროფესიული კავშირების გაერთიანებას, რომელიც ამ წლების მანძილზე გვერდით გვიდგას და არ მიატოვა არც ერთი დაჩაგრული აქტივისტი.“
ორი წლის წინ, საქართველოს რკინიგზას ახალი სარკინიგზო ხაზის გასაკეთებლად ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისგან უნდა აეღო 100 მილიონი დოლარის ტრანში და ეს თანხა შემდგომში 200 მილიონამდე უნდა გაზრდილიყო. ტრანში იყო დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი, რაც წესით ირაკლი ეზუგბაიასდროინდელი რკინიგზისათვის მისაღები და საინტერესო თემა უნდა ყოფილიყო. მაგრამ, მხოლოდ იმის გამო, რომ რკინიგზის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო დასაქმებულთა პრობლემების გადაწყვეტა და ვერ აღკვეთა დასქმებულთა უფლებების მასობრივი დარღვევის შემთხვევები, (რაც დამფინანსებლის ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა იყო) ყველასდა გასაოცრად ამის შემდეგ რკინიგზამ გადაწყვიტა უარი ეთქვა იაფიან სესხზე და დაახლოებით 10 პროცენტში აეღო წლიური სესხი. რკინიგზის პროფკავშირის ინფორმაციით ეს გაკეთდა მხოლოდ იმიტომ, რომ რკინიგზის დეპარტამენტს არ სურდა დასაქმებულებისათვის ხელფასების გაზრდა და სხვა პრობლემების მოგვარება. ეს რკინიგზისათვის წამგებიანი ნაბიჯი აღმოჩნდა. ამა წლის იანვარში რკინიგზამ გადაიხადა დიდი პროცენტით აღებული სესხის პროცენტის ნაწილი – 17 მილიონი ლარი. ვიტალი გიორგაძის თქმით, ეს ფული დასაქმებულებს რომ მოხმარებოდა, ბევრი პრობლემის გადაჭრა იქნებოდა შესაძლებელი და არც გაფიცვებამდე მივიდოდა საქმე.
არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს პროფკავშირმა ხმის ამოღება მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში შეძლო და მანამდე ისინი არ აპროტესტებდნენ დასაქმებულთა უფლებების შელახვას. ეს შეხედულება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან პროფკავშირი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებშიც იბრძოდა. გასული წლის აგვისტოს თვეში რკინიგზის პროფკავშირმა გამართა გამაფრთხილებელი გაფიცვა ქუთაისში, ბროწეულას სადგურში. ამ გაფიცვამ თავისი შედეგი საბოლოო ჯამში გამოიღო და დასაქმებულთა მოთხოვნების დიდი ნაწილი შესრულდა. ბროწეულას სადგურის თანამშრომლებს 100 ლარით გაუზარდეს ხელფასი და ახლა კვების ფულად დამატებით 50 ლარს იღებენ. როდესაც ერთმა სამსახურმა დააფიქსირა პროტესტი, მას სხვა სამსახურებიც აჰყვნენ, რაც ბუნებრივია. უკვე გასული წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს რკინიგზამ განახორციელა 2 საათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა. ეს ის დროა, როდესაც უკვე შეეიცვალა რკინიგზის მენეჯმენტი და იცვლებოდა ხელმძღვანელობა.
ვიტალი გიორგაძე: “ჩვენ მანამდე შევხვდით საქართველოს ეკონომიკის მინისტრს და საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარეს. ამ ხალხს ნათლად ავუხსენით შექმნილი მდგომარეობა. მათ გაიგეს, რომ არანაირ საბოტაჟს ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა და დასაქმებულები გამოსულები იყვნენ ელემენტარული შრომითი და ფინანსური პირობების შესრულების მოთხოვნით. რკინიგზაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ დაიწყო დიალოგი, რაც უდავოდ დადებითი მოვლენა იყო. ამ დიალოგმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენი მოთხოვნების თითქმის 70% დღეს დაკმაყოფილებულია. ხელფასების მატება პრაქტიკულად ყველა სამსახურში განხორციელდა. ამ წუთისათვის ხელფასების მატების გარეშე მხოლოდ სალიანდაგო სამსახურია დარჩენილი და მოგვცეს პირობა, რომ სალიანდაგო სამსახურშიც მალე იქნება ხელფასების მატება.“
საქართველოს რკინიგზაში ირაკლი ეზუგბაიას მმართველობამდე, დასაქმებულებს ჰქონდათ ღამის საათების, ზედმეტი საათების, სადღესასწაულო დღეების, წელთა ნამსახურების სულ სხვადასხვა ტარიფებით ანაზღაურება. ეს ყველაფერი ირაკლი ეზუგბაიამ გააუქმა და დააწესა საშუალო ხელფასი. ადამიანი ვერანაირად ვერ გამოთვლის თვეში რამდენ ღამეს იმუშავებს და რამდენი სამუშაო დღე ექნება ზეგანაკვეთური. ამის დათვლა შეუძლებელია. რეალურად გამოვიდა ისე, რომ დასაქმებულებს ხელფასები დააკლდათ.
„რკინიგზაში მიმუშავია და ვიცი როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ღამის საათების ანაზღაურებას. ღამით მუშაობა ეს არის ორჯერ მეტი დატვირთვა და დამანგრეველად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. თან რკინიგზაში მუშაობა იმდენად საპასუხისმგებლოა, რომ ერთი წამითაც კი ვერ მოადუნებს ადამიანი ყურადღებას. ჩვენ შევძელით ამ ყველაფრის გამოსწორება და ახალი ადმინისტრაცია ამაში ძალიან დაგვეხმარა. თუმცა, რკინიგზაში კვლავ ბევრი პრობლემებია.რკინიგზის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების პროცესში ხელფასების მატებასთან და ღამის საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით ვიყავით უკომპრომისოები და მახარებს ის, რომ ამ მხრივ გარკვეულ წარმატებებს ნამდვილად მივაღწიეთ.
ჩვენი იარაღი არის კანონი, სოლიდარობა და სამართლიანობა. ჩვენი მიზანია, რომ დასაქმებულებამდე მივიტანოთ პროფკავშირის პოზიციები. სამწუხაროდ დღეს კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ჰქონიათ, რომ პროფკავშირის მიზანი და ფუნქცია, დასაქმებულების შვილების სკოლაში მიყვანა და დასასასვენებელი საგზურების გაცემაა. ასეთი დამოკიდებულებები სამწუხაროდ ბევრ პრობლემას გვიქმნის. ჯერ კიდევ დიდი შრომაა გასაწევი მსგავსი აზროვნების და შეხედულებების შესაცვლელად“ – ამბობს ბატონი ვიტალი გიორგაძე.
საქართველოს რკინიგზაში შრომის პირობები წლების მანძილზე წარმოუდგენლად რთული იყო. არ იცავდნენ ელემენტარულ უსაფრთხოების წესებს და იყო შემთხვევები, როდესაც დასაქმებულებს სამსახურში შრომის იარაღები საკუთარი სახლებიდან მიჰქონდათ. ინფრასტრუქტურა იყო პრაქტიკულად განადგურებული. დღემდე მოუგვარებელია ელმავლების მემანქანეებისათვის ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელიც ელმავლის კაბინებში გაგრილების სისტემების არარსებობას უკავშირდება. ზაფხულში ელმავლის კაბინაში სიცხე 60 გრადუსზე მეტასაც კი აღწევს და ამ პირობებში მემანქანეები მაინც ახერხებენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. საქართველოს პროფკავშირმა რკინიგზის დეპარტამენტთან უკვე დაიწყო მოლაპარაკება ამ პრობლემის მოსაგვარებლად და რკინიგზის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ ხელშეკრულებას გააფორმებენ კომპანიებთან, რომლებიც აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტას შეძლებენ. ამჟამად პრობლემის გადასაწყვეტად ფინანსურ დეტალებზე მიდის შეანხმება.
ასევე მნიშვნელოვანია რკინიგზის სადგურების კეთილმოწყობის საკითხიც. დღეს საქართველოს თითქმის არც ერთ რკინიგზის სადგურში არ არის საპირფარეშო და სველი წერტილები. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ რკინიგზას არ შეუძლია, თვითონ (საკუთარი ადამიანური რესურსებით) განახორციელოს ამ საკითხების მოგვარება. საჭიროა გამოცხადდეს ტენდერი. წინა წლებში გამართული ტენდერები მრავალ კითხვას ტოვებს, რადგან ბევრი რამ საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულმა ფირმებმა უხარისხოდ გააკეთეს.
საქართველოს რკინიგზის პროფკავშირის რიგები ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ახალგაზრდებით შეივსო, რაც აჩენს იმის იმედს, რომ ეს ორგანიზაცია მომავალში კიდევ უფრო მეტს გააკეთებს დასაქმებულთა დასახმარებლად. რკინიგზაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება დიდწილად სწორედ პროფკავშირის აქტიურ მუშაობ