მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ლუკა

ლუკამ რომ გაიღვიძა, მამამისი ისევ  სამსახურში წასული დაუხვდა. ერთ კვირაზე მეტი იყო, ბავშვს მამა არ ენახა. სულ ასე ხდებოდა – მამა გვიანობამდე მუშაობდა და როდესაც ლუკა იღვიძებდა, მამა უკვე სამსახურში იყო. არადა, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მამისათვის ექსკურსიაზე წასასვლელი ფული უნდა ეთხოვა. დედას ფულს ვერ სთხოვდა და რომც ეთხოვა, იცოდა ვერ მისცემდა, რადგან დედა ყველა თეთრს გამოზოგილად ხარჯავდა. პურზე, საკვებზე, სკოლის წიგნებზე, ბებოს წამლებზე – დედას წინასწარ ჰქონდა ფული გადადებული და ლუკას ექსკურსიის თანხა უბრალოდ არ ექნებოდა გათვალისწინებული. მამა კი სხვა იყო. მამა სადმე იშოვნიდა ექსკურსიისათვის საჭირო 20 ლარს. ბოლოს და ბოლოს ვინმესგან ისესხებდა.  ლუკამ იცოდა მამას ხელფასის აღებამდე კიდევ ორი კვირა იყო დარჩენილი, მაგრამ ექსკურსიაზე წასვლა ისე ძალიან უნდოდა, რომ მზად იყო დედის საყვედურებიც კი მოესმინა, როდესაც მამას ფულზე დაელაპარაკებოდა.

ლუკას მამა რკინიგზელი იყო და მისი 400 ლარიანი ხელფასი ოჯახს თვიდან–თვემდეც ვერ ყოფნიდა. სულ ასე იყო.  8 წლის ბავშვი არაერთხელ შესწრებია მშობლების საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ: „ცხოვრების ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა“, “რაღაც სხვა გზა უნდა ეძიათ“, „ლუკას მამა თავის უფროსთან უნდა მისულიყო ხელფასის მომატებით თხოვნით“. მაგრამ არაფერი იცვლებოდა. ლაპარაკი ლაპარაკად რჩებოდა, ოჯახს კი კვლავ 400 ლარით უნდა გაეტანა თავი.

ლუკა ადგა საწოლიდან. დედაც სადღაც წასულიყო. მოხუცი ბებო კი აბა რას მიხედავდა?! თვითონ გაიცხელა ჩაი, ამოიღო საპურე ქვაბიდან დედის მიერ წინა დღეს გადანახული ოთხი ნაჭერი პური, კარადაში ბიცოლას ნაჩუქარი მურაბის ქილაც იპოვა და დიდი კაცივით ოსტატურად გადაუსვა პურზე მურაბის თხელი წვენი, რომელიც ალაგ–ალაგ ეღვრებოდა, მაგრამ ამას ბავშვი დიდ ყურადღებას არ აქცევდა. იღმურძლებოდა ლუკა და თან თავის ექსკურსიაზე ფიქრობდა….

ლუკა ვერ იხსენებდა ერთ შემთხვევასაც კი, როდესაც მისი ექსკურსია ოჯახში დიდი განხილვის საგანი არ გამხდარა. ექსკურსიის ფული ოჯახში თითქმის არასოდეს ჰქონდათ და სწორედ ამიტომ, მეოთხეკლასელი ლუკა კლასთან ერთად ექსკურსიაზე სულ ორჯერ იყო წასული. ერთხელ მასწავლებელმა დადო ფული მის ნაცვლად, მეორედ კი, მამამ დედის ჩუმად მისცა ფული. ლუკა პატარა ბიჭი კი იყო, მაგრამ უკვე ნათლად გრძნობდა უსამართლობათა იმ დიდი ჯაჭვის არსებობას, რომელიც მის გარშემო იყო. დედა მასწავლებელი იყო, რომელიც სკოლიდან საშტატო შემცირების გამო ჯერ კიდევ მაშინ დაითხოვეს, ლუკა 4 წლის რომ იყო. მამა პროფესიით ინჟინერი იყო, მაგრამ რაკი თავისი სპეციალობით სამსახური ვერ ნახა, რკინიგზაში გზის მუშად მუშაობდა. ლუკა თავის გარშემო გამუდმებულად ხედავდა ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ მუშაობდნენ, მაგრამ მის ოჯახზე ბევრად კარგად ცხოვრობდნენ. ლუკას დედა კი სამსახურს წლები ეძებდა და მაინც ვერაფერი ნახა.

სკოლაში გაკვეთილებზე უგულისყუროდ იჯდა. ინგლისურის მასწავლებელმა შენიშვნაც კი მისცა ამის გამო. ლუკა მომდევნო შაბათის ექსკურსიაზე ფიქრობდა. სკოლა მამას სამსახურთან ახლოს იყო. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ლუკამ წიგნები ჩანთაში ჩააწყო, მძიმე ჩანთა ზურგზე მოიკიდა და საბოლოოდ  გადაწყვიტა მამასთან ფულის სათხოვნელად მისულიყო. თუმცა, ამის გაკეთება ყველაზე მეტად არ უნდოდა. მამა მუშების მოსასვენებლად გამოყოფილ ციცქნა, ჩამოფხავებულ  ოთახში სკამზე ჩამომჯდარი დაუხვდა. ერთი საქმე მოეთავებინა და რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ისვენებდა. ხელებზე ჯერ ისევ შავი, ჭუჭყიანი ხელთათმანები ეკეთათ და რამდენიმე მუშა, ხელთათმანიანი ხელით აბოლებდა უფილტრო სიგარეტს. 

ლუკას არასოდეს უყვარდა ამ ოთახში შესვლა, რადგან შიგნით ყოველთვის თამბაქოსა და ზეთის სუნი იდგა. მუშების დასასვენებელ ოთახში იატაკიც კი აყრილი იყო და დაბლა ფეხს თუ დააბრახუნებდი, ისეთი მტვერი დგებოდა, ოთახში ვერ გაჩერდებოდი. ზოგიერთი მუშა ამ ოთახში შესვლას კარეთ, კიბეებზე ჩამოჯდომასაც კი არჩევდა. ძველი თანამშრომლები კი უკვე მიჩვეულები იყვნენ ამ პირობებს და ხელმძღვანელებისათვის პირობების გაუმჯობესების არაერთი მოთხოვნით გატანჯულებს, სიტუაციის გამოსწორების იმედი ჯერ კიდევ ჰქონდათ.

მამის მეგობრები ლუკას დიდი მხიარულებით შეხვდნენ. რამდენიმე მათგანმა ბიჭს ხელიც ჩამოართვა და ზურგზე ხელი დაუტყაპუნა – უკვე რამხელა ბიჭი გაზრდილაო. მერე ერთ–ერთმა მათგანმა ბავშვს ძველი, მორყეული სკამი დაუდგა და მტვრიანი სკამი ცხვირსახოცით გადაუწმინდა. 

  • მამა, შენთან რაღაც საქმე მაქვს. მოდი, გარეთ გავიდეთ და იქ გეტყვი რა – უთხრა ლუკამ და თავი დახარა.
  • რატომ უნდა გავიდეთ შვილო. აქ მითხარი. რა საქმე გაქვს მაგნაირი, რომ ჩუმად უნდა მითხრა…
  • რა ვიცი აბა…
  • მითხარი, რამე მოხდა?
  • არაფერი, რაღაც მინდოდა მეთხოვა და….
  • მთხოვე მერე, აქ არ ვარ?
  • მამა, ფული მჭირდება, 20 ლარი…
  • ფული რად გინდა? შენც ტოტალიზატორში თამაში ხომ არ დაიწყე ბიჭო?
  • არა მამა. ექსკურსიაზე მიდის ჩემი კლასი და…
  • ახლა რომ არ მაქვს შვილო ფული? ხვალ საღამოს რომ გიშოვო და მოგცე? 
  • ხვალ  ფულის აგროვების ბოლო დღეა. მერე ექსკურსიაზე ვეღარ წავალ მამა…

ყველანი გაჩუმდნენ. მამა–შვილს უხერხულად ჩაექინდრათ თავი. ლუკა მართალი იყო. ჯობდა გარეთ, ცალკე ესაუბრათ ლუკას ექსკურსიის ფულზე. ადამიანებს ხომ ყველაზე მეტად საკუთარი უსუსურობის აღიარება გვიჭირს და გვრცხვენია…

მერე მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო… პირველი ლუკას მამის მეგობარი, მევლუდი ძია წამოდგა სკამიდან, შესასვლელში ჩამოკიდებული ქურთუკი ჩამოხსნა, კარგა ხანს აფათურა ქურთუკის ჯიბეებში ხელი და ბოლოს როგორც იქნა იპოვა დახეული ხუთლარიანი. არაფერი უთქვამს, მივიდა და ფული მაგიდაზე სიტყვის უთქმელად დადო. ლუკას მამამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ, ახლა უკვე სხვებმა აღარ დააცადეს. ალიკამ რკინის ორლარიანი დააგდო მაგიდაზე, გორელ რეზოს მთელი ათი ლარი აღმოაჩნდა, დანარჩენი სამი ლარი კი, ლუკას მამამ მოიძია ჯიბეში. 

ლუკამ იცოდა, რომ დედა როდესაც ამ ამბავს გაიგებდა, გასილაქება თუ არა, ერთი კარგი ალიყური არ ასცდებოდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა მართლა არ იყო. შაბათს ექსკურსიაზე ხომ მისი შეყვარებულიც მიდიოდა. მერე რა, რომ ლუკა მხოლოდ რვა წლის ბიჭი იყო. ბიჭი, რომელსაც ოცი ლარის შოვნა მამის თავმოყვარეობად და გაწითლებად დაუჯდა. მით უმეტეს, რომ მამას ხელფასამდე მთელი ორი კვირა იყო დარჩენილი.

მიდიოდა გახარებული ლუკა სახლისაკენ და ჯიბეში მეათედ იმოწმებდა ასე წვალებით აგროვილ ექსკურსიის ფულს. ლუკა გახარებულიც იყო და დარცხვენილიც, რადგან ხვდებოდა მამას როგორც ატკენდა ეს ამბავი გულს. მაგრამ, ლუკამ ცხოვრებაში პირველად გაიგო ამ ქვეყნად ყველაზე დიდი  და მნიშვნელოვანი ფენომენის – სოლიდარობის ფასი. პატარა ლუკამ თვალნათლივ დაინახა თუ რა შეუძლია გაჭირვებულ, მაგრამ თანადგომის შემძლე ადამიანებს. პატარა ლუკას ადამიანები უყვარდა!

ლევან სეფისკვერაძე