მიმდინარეობს საიტის განახლება

სამოქალაქო პოლიტიკური უფლებები

სამოქალაქო–პოლიტიკური უფლებები

შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება

 

2.0. პრაქტიკაში არსებული მდგომარეობა

         ზოგადად,  შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების ეფექტური გარანტი კანონმდებლობის პრაქტიკაში სწორი იმპლემენტაციაა.  მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობით არსებული საკანონმდებლო ბაზა ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული თავისუფლებით სრულ სარგებლობას,  თუ შესაბამისიორგანოების მიერ არ მოხდება კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების პრაქტიკაში რეალიზება. სამწუხაროდ, ამ კუთხით საქართველოში, ისევე როგორც წინა წლებში, მრავალი პრობლემა დაფიქსირდა.

          როგორც უკვე შესავალში აღვნიშნეთ, 2011 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა შეკრება–მანიფესტაციის რამდენიმე შემთხვევა,  რომლებშიც აღნიშნული თავისუფლებით სარგებლობისას კონკრეტულ პირთა და პირთა ჯგუფების უფლებების დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა.  უნდა აღინიშნოს ის ფაქტი,  რომ პრაქტიკაში არსებული ხარვეზები არაერთხელაა განხილული საქართველოს სახალხო 87 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011 დამცველის წინა წლების ანგარიშებში.  2011  წელს,  ისევე,  როგორც წინა წლებში,  დაფიქსირდა სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და შეკრებებისა და მანიფესტაციების დაშლისას ძალის გადამეტების ფაქტები,  ასევე,  იყო ჟურნალისტთა შეურაცხყოფის ფაქტებიც შეკრება–მანიფესტაციების დროს.  აღნიშნულ ქვეთავში ყურადღებას სწორედ პრაქტიკაში არსებულ სისტემურ პრობლემებსა და იმ ცალკეულ შემთხვევებზე გავამახვილებთ, რომლებმაც კონკრეტულ პირთა შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების შელახვა გამოიწვიეს. 

 

2.1 სამართალდამცავების მოთხოვნათა კანონიერება შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს

           ,,მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა…  აქციას შეიძლება ბევრი მიზანი ჰქონდეს,  მათ შორის განსხვავებული,  არაპოპულარული ან უმცირესობათა მოსაზრებების გამოხატვა…    მშვიდობიანი შეკრებების დაცვა აუცილებელია ისეთი ტოლერანტული და პლურალისტული საზოგადოების ფორმირებისათვის,  რომელშიც სხვადასხვა მრწამსის,  საქმიანობისა თუ პოლიტიკური შეხედულებების ჯგუფები ერთად, მშვიდობიან თანაცხოვრებას შეძლებენ.

          საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში ვრცლად იყო საუბარი 2011  წლის 3  იანვარს ქ.თბილისში,  გმირთა მოედანზე,  ომში დაღუპულთა მემორიალთან ვეტერანების აქციის დაშლის ფაქტზე. აღნიშნული ფაქტის შესწავლისას გამოვლინდა რამდენიმე პრობლემური საკითხი.  კერძოდ,  მიუხედავად იმისა,  რომ აქციის გამართვის ადგილი კანონის მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგებოდა, სამართალდამცავებმა მოითხოვეს აქციის შეწყვეტა.  მათ,  ,,არამართლზომიერ“ ნივთად მიიჩნიეს ადგილზე მიტანილი კარავი,  მიუხედავად იმისა,  რომ იგი ხელოვნურად არ კეტავდა არც ტრანსპორტისა და არც ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილს, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

          მსგავს პრობლემებს ადგილი ჰქონდა ქ.ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ,,ჰერკულესის“  მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მუშათა საპროტესტო აქციების დროსაც.  კერძოდ,  ქარხანაში არსებული შრომის მძიმე პირობების გამოსწორების მოთხოვნით,  დასაქმებულებმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაფიცვა დაიწყეს. რამდენიმე მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართა.

         2011 წლის 13 და 15 სექტემბერს, აქციების მიმდინარეობისას მოხდა 2 ინციდენტი.

        2011  წლის 13  სექტემბერს აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებმა დადგეს კარავიკარვის დადგმიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებიმათ გაფიცულებს კარვის აღება მოსთხოვეს. სამართალდამცავებმა კარავი დაშალეს და პოლიციის ავტომანქანაში მოათავსეს. მოგვიანებით,  10-15  წუთშიმათ კარავი მფლობელებს დაუბრუნესაღნიშნულიინციდენტის შემდეგ გაფიცვა გაგრძელდათუმცა გაფიცულთა განმარტებითმათ კარვის დადგმა აღარ უცდიათ.  

          რაც შეეხება 2011  წლის 15  სექტემბერს განვითარებულ მოვლენებსსაქართველოს სახალხო დამცველისთვის მიცემული ახსნაგანმარტებების თანახმადდაახლოებით 21:30  საათზე აქციის მიმდინარეობის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის დაახლოებით 30  ეკიპაჟიპოლიციის თანამშრომლებმა მოითხოვეს აქციის დაშლა და დააკავეს აქციის მონაწილეთა ნაწილისაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატისრევაზ თოფურიას, ახსნაგანმარტების თანახმადის საქართველოს მეტალურგიულისამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტ თამაზ დოლაბერიძესთან ერთადრამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა დაკავებულებს ქ.ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში და პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაშითუმცა, დაკავებულებთან შეხვედრა მხოლოდ მათი გათავისუფლების შემდგომ მოახერხა. ადვოკატისა და აქციის მონაწილეთა ახსნაგანმარტებების თანახმადაქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქუთაისის შს საქალაქო სამმართველოშისადაც მათ დააწერინეს ხელწერილები იმის თაობაზე, რომ დასაქმებულები აღარ გააგრძელებდნენ გაფიცვაში მონაწილეობას და დაუბრუნდებოდნენ სამსახურს, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს აგებდნენ კანონით დადგენილი წესით

          საქმის შესწავლის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ახსნაგანმარტებები ჩამოართვეს თავად აქციის მონაწილეებსსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელსრომელიც გაფიცულებს იურიდიულ დახმარებას უწევდა და საქართველოს მეტალურგიულისამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტსთამაზ დოლაბერიძეს. უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებული აქციის მონაწილეებიდან მხოლოდ სამმა პირმა განაცხადა თანხმობა, ახსნაგანმარტება მიეცა საქართველოს სახალხო დამცველისთვისმათი ვინაობის კონფიდენციალურად დატოვების პირობითხოლო დანარჩენებმა აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ ზეპირი საუბრისას დაადასტურეს. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმასაქმეზე არსებული გარემოებების სრულყოფილი და ორმხრივი შესწავლის მიზნითსცადეს ქარხანა ,,ჰერკულესის“  ადმინისტრაციასთან შეხვედრა და მათგან ზემოაღნიშნულ ინციდენტებზე ახსნაგანმარტების მოპოვებათუმცა ქარხნის ადმინისტრაციამ შეხვედრასა და ახსნაგანმარტების მიცემაზე უარი განაცხადა. მოპოვებული მასალის ანალიზის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა,  როგორც უკვე აღვნიშნეთ,  რამდენიმე დარღვევა დააფიქსირა.

 

2.1.1 კარვის აღების მოთხოვნა

          საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიცემული ახსნაგანმარტებებისა და

საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული კადრების თანახმადაქციის

მიმდინარეობისას და კარვის დადგმისას არ მომხდარა არც საქართველოს ორგანული

კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ და არც ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებსაქართველოს კანონის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა.

         კერძოდ, როგორც მოპოვებული მასალიდან ირკვევა, აქციები მიმდინარეობდა ქარხანა ,,ჰერკულესის“ ეზოს შესასვლელიდან დაახლოებით 50–60 მეტრში. აქციის მონაწილეთა განმარტებით, კარავი გაიშალა ადგილზე მოშიმშილე მუშებისათვის. 2011 წლის 13 სექტემბერს სამართალდამცავებმა ისე, რომ აქციის მონაწილეებისათვის არაფერი განუმარტავთ, კარავი აიღეს.

         ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-111 მუხლით განსაზღვრულია ის ქმედებები, რომლებიც აქციათა მიმდინარეობისას იკრძალება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა,  თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით,  სხვადასხვა კონსტრუქციით ან/და საგნებით გადაკეტვა“. ჩვენს ხელთ არსებული მასალის თანახმად, აქციის მონაწილეთა მიერ დადგმული კარავი არ აფერხებდა ტრანსპორტის მიმოსვლის და არც ქარხნის შესასვლელის ბლოკირებას იწვევდა. ამასთან, ადგილზე მისულ სამართალდამცავებს არ განუმარტავთ აქციის მონაწილეებისათვის კარვის აღების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რაც აქციის მონაწილეთა უფლებების დარღვევას წარმოადგენს.

 

2.1.2. აქციის დაშლის მოთხოვნა

         რაც შეეხება 15 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს, ჩვენს ხელთ არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აქცია მიმდინარეობდა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დაცვით.

        კერძოდ, საქართველოს კანონი ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ ითვალისწინებს აქციის ჩატარების მსურველთა ვალდებულებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიმართონ წერილობითი გაფრთხილებით იმ შემთხვევაში, თუ აქციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე იგეგმება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.

         როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვიდეომასალიდან კარგად ჩანს, რომ აქციის მონაწილეები აქციას მართავდნენ ქარხანა ,,ჰერკულესის“ ეზოს შესასვლელიდან მოშორებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე არ არის გამოყოფილი არც ტრანსპორტისა და არც ხალხის სამოძრაო ადგილი, იგი ფაქტობრივად მინდორს წარმოადგენს. შესაბამისად, აქციის მონაწილეების მხრიდან არ ხდებოდა არც შენობის შესასვლელის ბლოკირება და არც ტრანსპორტის მოძრაობა ფერხდებოდა.

         ვინაიდან აქცია არ იმართებოდა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის 1 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, აშკარაა, რომ არ არსებობდა ადგილობრივ თვითმმართველობაში გაფრთხილების შეტანის აუცილებლობა.

          რაც შეეხება აქციის მონაწილეთა, როგორც დასაქმებულთა ვალდებულებას, შეატყობინოს, ადმინისტრაციას მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ, აქციის მონაწილეთა განმარტებით, მათ საქართველოს ორგანული კანონის –„საქართველოს შრომის კოდექსის“ 49-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად, წერილობით მიმართეს ქარხნის ადმინისტრაციას მოსალოდნელი გაფიცვების შესახებ, რის შემდეგაც, ამავე წლის 2 სექტემბერს, გამაფრთხილებელი გაფიცვა გამართეს.

          შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება სამართალდამცველების მოქმედების ლეგიტიმურობა, როდესაც მოითხოვდნენ მონაწილეების მხრიდან აქციის დაშლას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავები ქარხნის ადმინისტრაციან გამოიძახა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საქმის ორმხრივი შესწავლის მიზნით, სცადეს ქარხანა ,,ჰერკულესის“ ადმინისტრაციასთან დაკავშირება მთელი რიგი სამართლებრივი გარემოებებისდასაზუსტებლად, რაც სამწუხაროდ, ადმინისტრაციის უარის გამო ვერ მოხერხდა.

          2011 წლის 15 სექტემბერს ადგილზე დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. ჩვენს ხელთ არსებული ახსნაგანმარტებების თანახმადარც დაკავებისას და არც მის შემდგომ სამართალდამცავებს არ განუმარტავთ აქციის მონაწილეთათვის მათი დაკავების საფუძველი. ამასთან, მათი პოლიციის შენობაში ყოფნის პერიოდში ე.წ. ხელწერილების გარდა არ შემდგარა არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი.

         2011 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით

მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და შემდგომი რეაგირებისათვის გადაუგზავნა ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია. თუმცა, აღნიშნულ ფაქტზე

გატარებული ღონისძიებების შესახებ არანაირი ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია.

 

 

შრომის უფლება საჯარო სამსახურში

          2011  წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთი

მოქალაქის განცხადება განიხილა, რომლებიც შეეხებოდა საჯარო სამსახურიდან მათი,  როგორც საჯარო მოხელეების,  გათავისუფლებისას საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული შრომის უფლების დარღვევის ფაქტებს. 

          წინამდებარე თავში მიმოვიხილავთ შრომის უფლების ფართო კონცეფციიდან ერთ–ერთი კომპონენტის – დასაქმების დაცვის უფლების  სათანადო რეალიზაციის წინაშე არსებულ პრობლემებს და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2011  წელსგამოვლენილი საჯარო სამსახურების უფლებამოსილ პირთა მიერ ზემოხსენებული უფლების დარღვევის გამომწვევ მიზეზებს.  

         ნიშანდობლივია ის გარემოება,  რომ 2011  წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველს ძირითადად მიმართავდნენ ის ყოფილი საჯარო მოხელეები,  რომლებიც საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლდნენ სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევის (დისციპლინური გადაცდომა)  ან დაწესებულების რეორგანიზაციისას განხორციელებული შტატების შემცირების საფუძვლით და რომლებიც მიიჩნევდნენ,  რომ დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებისას დაირღვა მათი შრომის უფლების ერთ–ერთი კომპონენტი – დასაქმების დაცვის უფლება.

           იმ მოსაზრების საფუძვლიანობას,  რომ შრომასთან დაკავშირებული უფლებები ეკონომიკური,  სოციალური და კულტურული უფლებების ყველაზე პრობლემატურ სფეროს განეკუთვნა,  ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განხილული შრომის უფლების სავარაუდო ხელყოფასთან დაკავშირებით განცხადებების სიჭარბეც (გასათვალისწინებელია შრომის უფლების მხოლოდ ერთი კომპონენტი – დასაქმების დაცვის უფლება).

          საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელეების შრომითი უფლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების დეტალური განხილვის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ,  რომ რიგ შემთხვევებში საჯარო სამსახურიდან საჯარო მოხელეები თავისუფლდებიან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების უგულებელყოფის შედეგად,  რაც,  თავის მხრივ იწვევს კონკრეტული მოქალაქეების შრომის უფლების უხეშ დარღვევას.

          საქართველოში შრომასთან დაკავშირებული უფლებების დაცვის მოქმედი რეგულაციები დადგენილია როგორც საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით,

ასევე შრომით სამართალთან დაკავშირებული იმ საერთაშორისო შეთანხმებებით,  რომელთა ხელშემკვრელი მხარე არის საქართველო და რომელთაც პირდაპირი მოქმედების ძალა აქვთ საქართველოსთვის.

          საქართველოში მოქმედი ეროვნული კანონებიდან საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივი საფუძვლები,  საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები და საჯარო მოსამსახურისსამართლებრივი მდგომარეობა (მათ შორის,  საჯარო მოხელის უფლებები და გარანტიები)  დეკლარირებულია საქართველოს კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“.  

          ამდენად,  სწორედ „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით არის რეგლამენტირებული და განსაზღვრული საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ როგორც საჯარო მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის,  ისე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები (მათ შორის,  გარკვეული პერიოდის მიხედვით საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შეზღუდვის იმპერატიული მოთხოვნები).

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  ნათლად ჩანს,  რომ საჯარო მოხელე დაკავებული თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს კანონისმიერი – „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის მეათე თავით გათვალისწინებული ერთ–ერთი საფუძვლის არსებობისას და საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება,  რომ საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოები – სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო)  დაწესებულებები,  სადაც საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად,  წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს და შებოჭილნი არიან საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციებით. შესაბამისად,  საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო ან საჯარო სამსახურის უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილებას – კონკრეტული საჯარო მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ – იღებს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.

         მართალია, საჯარო ხელისუფლების ორგანო/საჯარო სამსახურის უფლებამოსილი პირი საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებისას ახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, თუმცა კანონისმიერი მოთხოვნის თანახმად, საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

         ამდენად, საჯარო ხელისუფლების ორგანო/საჯარო სამსახურის უფლებამოსილი პირი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას (საჯარო მოხელის

სამსახურიდან გათავისუფლება) საკუთარი პასუხისმგებლობით, კანონმდებლობით

დადგენილ ფარგლებში, კანონის მიზნებისა და კონკრეტულ შემთხვევაში არსებული

გარემოებების გათვალისწინებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ანუ საჯარო

ხელისუფლების ორგანო/საჯარო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქართველოს

კანონმდებლობის თანახმად261 ვალდებულია საჯარო მოხელის სამსახურიდან

გათავისუფლებისას დაეყრდნოს კანონისმიერ რეალურ საფუძველს, ადმინისტრაციული წარმოებისას შეისწავლოს და გამოიკვლიოს კონკრეტული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობითი დასაბუთებისას ასახოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებიც საფუძვლად დაედო დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

         ამავდროულად, მნიშვნელოვანია საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვა, რომელსაც განაპირობებს კანონის უზენაესობის პრინციპი და რომლის ძალითაც ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს განახორციელოს რაიმე მოქმედება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ. ზემოაღნიშნული კანონისმიერი ვალდებულების მიუხედავად, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საჯარო მოხელეთა გათავისუფლებასთან დაკავშირებით განხილულ რიგ საქმეებში იკვეთება საჯარო ხელისუფლების ორგანოების მიერ ზემოთ თქმული კანონისმიერი დანაწესების უგულებელყოფა. ასევე ფიქსირდება საჯარო ხელისუფლების ორგანოების/საჯარო სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ გადაწყვეტილების (კონკრეტული საჯარო მოხელის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ასახვისას წინააღმდეგობა კანონთან და მისი (აქტის – გათავისუფლების შესახებ ბრძანების) მომზადებისა და გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა, რაც წარმოშობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს.

         საჯარო ხელისუფლების ორგანოებიდან საჯარო მოხელეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილული საქმეების ანალიზი გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ უფლებამოსილი პირები რიგ შემთხვევებში კონკრეტული მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებისას გადაწყვეტილებას იღებენ ყოველგვარი დასაბუთებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე. აღნიშნული მოსაზრების საფუძვლიანობის საილუსტრაციოდ გამოდგება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოქალაქე ს. ც.–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების (დისციპლინური გადაცდომა), მოქალაქე შ. კ.–ს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან და მოქალაქე ხ. შ.–ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მანდატურის სამსახურიდან დაწესებულების რეორგანიზაციისას განხორციელებული შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლების შესახებ საქმეები.

         2011 წლის 01 ივნისს საჯარო მოხელე ს. ც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტიდან გაათავისუფლეს დისციპლინური წესით დასჯის საფუძვლით. საქართველოს სახალხო დამცველმა მოცემული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ საჯარო მოხელის ს. ც.–ს დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებითა და გენერალური ინსპექციის დასკვნით ვერ დადგინდა, თუ რაში გამოიხატებოდა განმცხადებლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ, რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო მოხელე ს. ც.–ს მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ან გულგრილი დამოკიდებულების გამოვლენას. აქვე მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოხელე ს. ც.–ს პირადი საქმის თანახმად, მისი გათავისუფლების საფუძვლად მითითებული დისციპლინური გადაცდომა მისთვის პირველი იყო და ამ დრომდე იგი არაერთგზის იყო წახალისებული სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების“ მე–4 მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ დისციპლინური სახდელის შეფარდებისას ასევე არ იმსჯელა მისი გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, კერძოდ, დისციპლინური გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, მოსამსახურის წარსული საქმიანობა და რეპუტაცია (მორალური სახე) მიზანშეუწონელს ხდიდა თუ არა საჯარო მოხელე ს.ც.–ს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის გაგრძელებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჯარო მოხელის ს. ც.–ს გათავისუფლების შესახებ

გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის (გათავისუფლების შესახებ ბრძანების) ფორმალური კანონიერება დაირღვა266 და, შესაბამისად, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ომბუდსმენმა მოქალაქე ს. ც.–ს დარღვეული შრომის

უფლების აღდგენის მოთხოვნით რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან

საქმეთა მინისტრს.

           2010 წლის 5 ნოემბერს საჯარო მოხელე შ. კ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლდა დაწესებულების რეორგანიზაციისას განხორციელებული შტატების შემცირების საფუძვლით. საჯარო მოხელე შ. კ.–ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებას „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ერთეულების რიცხოვნობის, სტრუქტურისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის 3 (სამი) საშტატო ერთეული შემცირდა ერთი საშტატო ერთეულით.

         აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი

სასამართლოს მიერ ერთ–ერთ გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტება, რომლის

თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი დაწესებულებაში

შტატების შემცირების პირობებში ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, თანამშრომელთა პროფესიული ჩვევები, კვალიფიკაცია, შრომის დისციპლინა და ა.შ.

ადეკვატურად, ობიექტურად შეაფასოს და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება,  ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული საჯარო

მოხელის, არამედ მთლიანად საჯარო სამსახურისათვის.

         მოცემული საქმის დეტალური განხილვის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველის სეხედულებით,  საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დაწესებულების რეორგანიზაციისას განხორციელებული შტატების შემცირებისას,  სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის

სამმართველოში არსებული სამი უფროსი სპეციალისტის შტატით გათვალისწინებული თანამდებობებიდან ერთი თანამდებობის შემცირებისას,  არ დაასაბუთა 3  უფროსი სპეციალისტიდან სწორედ საჯარო მოხელე შ.კ–ს გათავისუფლების საფუძვლიანობა ანუ საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა არ დაასაბუთა,  თუ რის საფუძველზე მიანიჭა უპირატესობა მოცემული სტრუქტურული ერთეულის 2  უფროს სპეციალისტს და 3  (სამი)  არსებული საშტატო ერთეულიდან ერთის შემცირებისას გაათავისუფლა საჯარო მოხელე შ.კ..  ამავდროულად,  აღსანიშნავია ის გარემოება,  რომ საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საჯარო მოხელე შ.  კ.–ს გათავისუფლებისას ვალდებული იყო,  ობიექტურად შეეფასებინა მისი (შ.კ.–ს)  პროფესიული ჩვევები,  კვალიფიკაცია,  შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

           ამდენად,  ვინაიდან გამოიკვეთა,  რომ საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან საჯარო მოხელის შ. კ.–ს გათავისუფლების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის (გათავისუფლების შესახებ ბრძანების)    ფორმალური კანონიერება დაირღვა,  საქართველოს სახალხო დამცველმა მოქალაქე შ. კ.–ს დარღვეული შრომის უფლების აღდგენის მოთხოვნით რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.

          2011  წლის იანვრიდან საჯარო მოხელე ხ.  შ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მანდატურის სამსახურში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა დაწესებულების რეორგანიზაციისას განხორციელებული შტატების შემცირების საფუძვლით.  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010  წლის 29  ნოემბრის №1/23  გადაწყვეტილებით დამტკიცებული თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო)  სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის თანახმად,  განხორციელდა საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი)  აპარატების სტრუქტურის რეორგანიზაცია,  რასაც თან სდევდა შტატების შემცირება.  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილებაში საშტატო ერთეულების რაოდენობა შემცირდა 36 ერთეულით, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღებში (განყოფილებაში) –5 ერთეულით, ხოლო მანდატურის სამსახურში არსებული 21 საშტატო ერთეულის რაოდენობა შემცირდა 2 ერთეულით, ანუ მანდატურის სამსახურში შტატების რაოდენობა განისაზღვრა 19 ერთეულით. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შტატების შემცირებით რეორგანიზაციის განხორციელების გამოცხადების შემდეგ პირადი განცხადების საფუძველზე მანდატურის სამსახურიდან გათავისუფლდა 2 საჯარო მოხელე – მანდატური. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აპარატის დამტკიცებული ახალი საშტატო ნუსხით მანდატურის სამსახურში გათვალისწინებულ იქნა 19 საშტატო ერთეული და საჯარო მოხელის ხ. შ.–ს სამსახურიდან გათავისუფლებისას სრულად იყო შევსებული, ამ უკანასკნელის თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სწორედ შტატების შემცირება, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილებებით, მანდატურის სამსახურში მანდატურებად გადმოიყვანეს სხვა სტრუქტურული ერთეულის (საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილებისა და კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების) 2 საჯარო მოხელე.

          აღნიშნულ საქმეში არსებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, საქართველოს ადმინისტრაციული

კანონმდებლობით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილება ქუთაისის

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს აძლევდა შესაძლებლობას, ემსჯელა და

შეერჩია ყველაზე მისაღები კანდიდატურა მხოლოდ იმ საჯარო მოხელეებს შორის,

რომლებიც მსახურობდნენ მანდატურის სამსახურში და თუ მათი რიცხვი არ აღემატებოდა საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ რაოდენობას. ამავდროულად,

საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილებასა და კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღებში მომსახურე საჯარო მოხელეების კანდიდატურების პროფესიული და პიროვნული ჩვევები უნდა შეედარებინათ შესაბამის სამსახურებში არსებული მოსამსახურეების პროფესიულ და პიროვნულ ჩვევებთან.

          ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელე ხ. შ.–ს მანდატურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებაში მითითებული არ იყო, თუ რატომ მიენიჭა უპირატესობა მანდატურის სამსახურში თანამდებობებზე დარჩენილ 17 მოსამსახურეს და საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილებიდან და კანცელარიისა და მოქალაქეთა

მისაღებიდან გადმოყვანილ 2 მოსამსახურეს. ანუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ საჯარო მოხელე ხ. შ.–ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, არ დაასაბუთა შესასრულებელი სამუშაოსთვის რა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების, პირადული თვისებებისა და სხვა უნარ–ჩვევების საფუძველზე მოხდა ზემოაღნიშნული საჯარო მოხელეებისათვის უპირატესობის მინიჭება საჯარო მოხელე ხ. შ.–სთან შედარებით.

          ამდენად, ვინაიდან გამოიკვეთა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან საჯაროოხელის ხ. შ–ს გათავისუფლების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ–

სამართლებრივი აქტის (გათავისუფლების შესახებ ბრძანების) ფორმალური კანონიერება  დაირღვა, საქართველოს სახალხო დამცველმა მოქალაქე ხ. შ.–ს დარღვეული შრომის უფლების აღდგენის მოთხოვნით რეკომენდაციით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

          ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცალკეულ

შემთხვევებში საჯარო ხელისუფლების ორგანოები/საჯარო სამსახურის უფლებამოსილი პირები საჯარო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებენ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით მაშინ, როცა კანონის უზენაესობის პრინციპი ერთმნიშვნელოვნად კრძალავს კანონის დანაწესისგან გადახვევას. ადმინისტრაციული ორგანოების ამგვარი (კანონსაწინააღმდეგო) ქმედებები კი შედეგად იწვევს საჯარო მოხელეთა სამსახურებიდან უსამართლო გათავისუფლებას, ანუ მათი დასაქმების დაცვის უფლების ხელყოფას.

          ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ დასაქმების სფეროში არსებული სერიოზული

პრობლემების გათვალისწინებით, რომლებმაც მრავალ ქვეყანაში წარმოქმნა რიგი ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებები, 1982 წლის 2 ივნისს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური კონფერენციის 68–ე სესიაზე მიღებულ იქნა №158 კონვენცია „დასაქმების შეწყვეტის შესახებ“. ვინაიდან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №158 კონვენციის ძირითადი მიზანია – არ დაითხოვონ მუშაკი დაწესებულებებიდან კანონიერი, სათანადო საფუძვლის არსებობის გარეშე, მიმაჩნია, რომ საქართველოს მიერ აღნიშნული კონვენციის რატიფიკაცია დამატებით გარანტიებს შექმნის დასაქმებულთა (მათ შორის, საჯარო მოხელეთა) შრომის უფლებასთან დაკავშირებული ერთ–ერთი კომპონენტის, დასაქმების დაცვის უფლების სათანადო რეალიზაციისათვის