ირაკლი პეტრიაშვილი:
„პროფკავშირს მაშინ შეექმნა პრობლემები, როდესაც მან ხელისუფლება კუთხეში მიაყენა“
მაკა ჯაიანი
საქართველოს პროფკავშირების უახლეს ისტორიაში, 2011 წელი ერთ–ერთი ყველაზე რთული წელი იყო. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, პროფკავშირების ავტორიტეტის ამაღლების პარალელურად, ორგანიზაციაზე ზეწოლა გაძლიერდა. ხელისუფლებამ, რომელსაც, ქართული პროფკავშირების პრინციპული პოზიციის გამო, არა ერთ მაღალ საერთაშორისო ტრიბუნასთან მოუწია თავის მართლება შეუსრულებელი დაპირებების, ადამიანის ფუნდამენტური – შრომის უფლების პერმანენტული დარღვევის, პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის გამო, გადაწყვიტა, ორგანიზაცია პროცესებიდან გაეთიშა, ეიძულებინა რა იგი, ყველა რესურსი გადარჩენისთვის ბრძოლისკენ მიემართა.
სამოქალაქო საზოგადოების ერთ–ერთი მთავარი ინსტიტუტის, პროფკავშირის წინააღმდეგ დაწყებული ამ ბრძოლის პირველი ნიშანი რამდენიმე დარგში „ყვითელი პოფკავშირების“ ჩამოყალიბების მცდელობა იყო. მას შედეგი, ფაქტობრივად, არ მოჰყოლია, – ამ ტიპის პროფკავშირები კი ჩამოაყალიბეს, მაგრამ დასაქმებულებმა ისინი არ სცნეს, რადგან „ყვითელი პროფკავშირები“ მათ რეალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ამის გამო, ხელისუფლებამ რადიკალურ გზას მიმართა, – რიგმა დამსაქმებლებმა პროფკავშირისთვის საწევროს გადრიცხვები აკრძალეს. ამასთან, პროფკავშირის წევრებს აიძულებდნენ, დაეწერათ განცხადებები და უარი ეთქვათ ორგანიზაციის წევრობაზე. ანტიპროფკავშირული კამპანიის კულმინაციას წარმოადგენდა პედაგოგთა და მეცნიერთა, რკინიგზის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, საჯარო მოსამსახურეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის დარგობრივ პროფკავშირებში მიმდინარე პროცესები.
მიუხედავად ყველაფერი ამისა, საქართველოს პროფკავშირებმა სახე შეინარჩუნა. ამის დასტურია მისი ყოველდღიური საქმიანობა და მისი ლიდერის საერთაშორისო აღიარება. გაზეთი „სოლიდარობა“ გასულ, 2011 წელს პროფკავშირების გაერთიანების თავმდჯდომარესთან, ირაკლი პეტრიაშვილთან ერთად აჯამებს.
– ურთულესი წელი გვქონდა, ურთულესი გამოწვევების წინაშე იყო საქართველოს პროფკავშირები, მთლიანად, ყველა დარგი, ყველა წევრი, ყველა ლიდერი. პრობლემა შეექმნა ბევრ დარგს, ძირითადად, იმ დარგებს, რომლებიც საქართველოს პროფკავშირების ბიუჯეტის ძირითადი მონაწილეები იყვნენ. ჩვენი ბიუჯეტის 65% დღეს დაკარგულია, თუმცა, ხალხს არ დაუწერია პროფკავშირებიდან წასვლის შესახებ განცხადებები. ისინი ისევ არიან პროფკავშირის წევრები, მაგრამ მათი დამსაქმებლები არ ასრულებენ იმ ვალდებულებას,რომელიც შესაბამისი ხელშეკრულებებით, დარგობრივი შეთანხმებებით იყო მოწესრიგებული – ცენტრალიზებულად არ რიცხავენ საწევროს. ანტიკონსტიტუციური და ანტისაკანონმდებლოა, როცა ადამიანს უნდა მისი საწერვო მის ორგანიზაციაში გადაირიცხოს და ხელმძღვავნელი არ აკეთებს ამას, მეტიც, ამის გამო, სამსახურიდან დათხოვნითაც ემუქრება.
ვფიქრობ, რომ ორგანიზაციამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედებენი მისი მარგი ქმედების კოეფიციენტის შესუსტებაზე იყო ორიენტირებული, მეტ–ნაკლებად გაართვა თავი ამ პრობლემებს. ყველა მხრიდან გვებრძოდნენ და სამწუხარო ამ ბატალიებში იყო ის, რომ ჩვენ შეგვეძლო, ის ენერგია, რაც გადარჩენისთვის ბრძოლას შევალიეთ, დასაქმებული ადამიანების უკეთ დაცვისთვის, უფრო მეტი კანონ–პროექტის შემუშავებისთვის მოგვეხმარა.
კანონმდებლობის მხრივ, ჩვენ ვართ, სადღაც, უდაბნოში, სადაც მოქმედებს ერთი კანონი: მზე არის – ცხელა, დაღამდება – ყინავს, დანარჩენი არაფერი გვაქვს. ამ უდაბნოში მყოფებმა, ზოგადად, შეიძლება, ვიცოდეთ, რომ სადღაც არსებობს ოაზისი, სადაც მოქმედებს კანონი პროფკავშირების შესახებ, კონსტიტუცია, დაცული გარანტიებით, მაგრამ ეს ოაზისი იმდენად შორია, რომ იქამდე გავძლებთ თუ არა, ასე, წყლის გარეშე, არ ვიცით.
– მაგრამ საქართველოს პროფკავშირებმა გაუძლო ამ ბრძოლას, ასე არ არის?
– საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ამ გამოწვევას ჩვენ, მეტ–ნაკლებად, თავი გავართვით.
ფაქტია, რომ ამ სივრციდან პროფკავშირის გაქრობა, რაც მავანთ გეგმაში ჰქონდათ, ვერ მოხერხდა. ვერ მოხერხდა იმ ადამიანების მეშვეობით, ვინც სისხლ–ხორცეულად არის დაინტერესებული ამ ორგანიზაციის არსებობით. მე მინდა, ამისთვის, ყველა დარგის, ყველა პირველადი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელიც სხვადასხვა ქმედებებებში, იდეალებში, არის პროფკავშირელი, მადლობა გადავუხადო; მინდა, მადლობა გადავუხადო, როგორც გაერთიანების, ისე დარგების აპარატის მუშაკებს, რომლებმაც ბევრი რამ გადაიტანეს ამ პერიოდში და ძალიან ბევრი გააკეთეს.
ერთადერთი გამოწვევა არის ის, რომ ბევრი ორგანიზაცია ფინანსურად დაზარალადა, შესაბამისად, დაზარალდა გაერთიანება, მაგრამ, როგორც იტყვიან, სხვა ცომით არის მოზელილი პროფკავშირული იდეა და კადრები, განსხვავებით ზოგიერთი პარტიისგან ან ბლოკისგან, ადვილად არ იშლება, სხვა ფესვები აქვს, სხვა იდეალები, აქაც და, ზოგადად, კაცობრიობის წარმოდგენაში, შესაბამისად, ასე ადვილად, თანაც, ოროსნების დასამარცხებელი ეს ორგანიზაცია არ გახლავთ.
– რამდენად კარგად ესმის ეს ქართულ საზოგადოებას?
– შეიძლება, ყველა ოჯახში ვერ შევედით, ყველას ვერ დავანახეთ რა და როგორ გავაკეთეთ დასაქმებულების დასახმარებლად, ან რამდენად შეესაბამება ჩვენი გაკეთებული იმას, რასაც საზოგადოება ითხოვს, სრულად ვერ დავანახეთ ბრძოლის ჟინი, ერთგულების ხარისხი, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო და უფრო დიდი ნაწილი ხედავს და აფასებს ამას. ეს აჩვენა, მაგალითად, IRI–ის ბოლო გამოკითხვამ, რომლის მიხედვითაც, პროფკავშირების ისტორიაში პირველად, პროფკავშირებისადმი ნდობის რეიტინგი 30%–ია. უნდა გითხრათ, რომ ეს სერიოზული მაჩვენებელი იქნებოდა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, არაფერს ვამბობ ბელარუსზე, საიდანაც ახლახანს დავბრუნდი და სადაც პროფკავშირებისადმი ნდობა 6%–ია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს იქ დემოკრატიული პროფკავშირის ჩამოყალიბებას, გაძლიერებას და, ჩვენ არც კი დაგვესიზმრება, იმდენი საერთაშორისო რესურსი მიედინება ამისკენ.
ამ კვლევის მიხედვით, ას ადამიანზე თუ გადავთვლით, ყოველი მესამე ენდობა საქართველოს პროფკავშირებს, მაგრამ მე მოვუწოდებდი გულით პროფკავშირელებს, ვისთვისაც მეორეხარისხოვანი არ არის ეს ორგანიზაცია, თვითკმაყოფილებას ნუ მიეცემიან ამ რეიტინგის გამო და ყურადღება გაამახვილონ გამოკითხულთა იმ პროცენტზე, რომელსაც პროფკავშირებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხი არა აქვს. ეს არის რესურსი, რომელთანაც უნდა მივიდეს ყველა გონიერი პროფკავშირელი, უნდა აუხსნას ჩვენი მიზნები, ჩვენი აზრები, ჩვენი გეგმები და გახადოს მონაწილე ამ პროცესებისა, რომელიც მარტო და მხოლოდ პროფკავშირელ ლიდერებს კი არ სჭირდება, სჭირდება ამ ქვეყანას, თითოეულ მის მოქალაქეს, სოციალური სამართლიანობისთავის, უკეთესი მომავლისათვის.
– არის თუ არა ამის გამოხატულება ის კანონ–პროექტები, რომელიც საქართველოს პროფკავშირებმა პარლამენტში წელს შეიტანა?
– რა თქმა უნდა, არის. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვართ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოთამაშე და განვსაზღვრავთ მოვლენების მიმდინარეობას, გვეკითხებიან რაღაცას, როგორც მსოფლიოში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე – ამ ქვეყანაში.
ჩვენ მომავალ თაობაზე ვზრუნავთ, გვინდა, ყველა სტუდენტი იყოს დაზღვეული და სწორედ ამას შეეხებოდა ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა სტუდენტური დაზღვევის თაობაზე. ეს არის კანონ–პროექტი „უმაღლესი განათლების“ შესახებ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. იგი ითვალისწინებს საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების 100 ათასზე მეტი სტუდენტის უზრუნველყოფას ჯანმრთველობის დაზღვევის პოლისით. ეს ნიშნავს იმას, რომ სტუდენტებს, უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე, ექნებათ შესძლებლობა, ისარგებლონ სოციალური დაცვის ისეთი მნიშვნელოვანი გარანტიით, როგორიცაა ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა. ამისთვის, შეიქმნება სპეციალური სადაზღვევო პაკეტი, რომელიც ყველა ძირითად და მნიშვნელოვან სამედიცინო მომსახურებას მოიცავს. სტუდენტები საკმარისად დიდ თანხას იხდიან სწავლისთვის, რომ სასწავლებლებმა მათ დაზღვევაზე იფიქრონ. მით უმეტეს, რომ სტუდენტობა დაბალი რისკ–ჯგუფის უზარმაზარი კონტიგენტია და სადაზღვევო კომპანიები მოლაპარაკებებზე სიამოვნებით წამოვლენ.
მეორე საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პარლამეტში წელს შევიტანეთ, ეწოდება ინიცაიტივა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სტიპენდიის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“. მისი მიზანია მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში მომუშვეებს, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, საშიშ, მძმე და მავნე პირობებში მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, კომპენსაციის სახით, დაენიშნოს თანხა, რომელიც გამოითვლება მათი ხელფასისა და შრომითი სტაჟის შესაბამისად და მოქმედი პენსიის ოდენობაზე ბევრად მეტი იქნება. საქართველოს პროფკავშირებმა შეუმუშვა შესაბამისი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, ეს ცვლილები ბიუჯეტისთვის უმტკივნეულოდ განხორციელდება.
ჩვენ მოგვაჩნია, რომ ყველა დასაქმებული დაფასებული უნდა იყოს, არ უნდა არსებობდეს დისკრიმინაცია და ამისთვის გვინდა იმ კანონ–პროექტის მიღება. რატომ უნდა სარგებლობდნენ ამ ტიპის კომპენსაციით მხოლოდ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, რატომ უნდა ჰქონდეთ განსხვავებული პენსიები პარლამენტის წევრებს და რატომ არ უნდა ჰქონდეს მსგავსი არჩევანის უფლება ისეთი პროფესიის ადამიანებს, როგორებიც არიან: მეტალურგები, მეხანძრეები, რკინიგზელები, მაღაროელები და სხვა პროფესიის ჩვენ თანამოძმეები?
საქართველოს პარლამენტში ჩვენ მიერ მომზადებული სხვა კანონ–პროექტებიცაა შეტანილი. მათ შორის: „შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“, „უმუშევრობის შემწეობის დანიშვნის შესახებ“, „სალარო აპარატების გაუქმების შესახებ“. შარშან, საქართველოს პროფკავშირებმა შეიმუშავა სოციალური ხასიათის ცვლილებების პაკეტი ქვეყნის კონსტიტუციისთვის, რითაც მოთხოვდა, უმაღლეს საკანონმდებლო დოკუმენტში მეტად ასახულიყო ადამიანის შრომითი და სოციალური გარანტიები.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობს ამ ინიციატივების განხილავს, მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს შრომა უკვალოდ არ ჩაივლის. ამ ცვლილებების იგნორირება არ შეიძლება, მათი გატარება აუცილებელია და საზოგადოება ხედავს, რა აქტიურები ვართ ჩვენ ამ მიმართულებით. საინტერესოა ისიც, რომ ასე ორგანიზებულად ხელმოწერების შეგრვება ბევრ პოლიტიკურ პარტიას არ შეუძლია, ზოგიერთს, ადამიანური რესურსიც არა აქვს საამისოდ. ბევრი პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ ნდობა ჩვენ საზოგადოებას არც გააჩნია და ეს იმავე IRI–ის გამოკითხვაში გამოჩნდა, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად აღებულს აქვს ნდობის 40% და მარტო ერთ ორგანიზაციას, პროფკავშირს – 30%. ფაქტია ისიც, რომ ზოგიერთი ინსტიტუტი საერთოდ არ ჩანს ჩამონათვალში, მოსახლეობის ნდობას საერთოდ არ იმსახურებს.
– პროფკავშირებისადმი საზოგადოების მზარდი ინტერესი IRI–ის ბოლო კვლევებში აშკარად ფიქსირდება. როგორ ფიქრობთ, ხომ არ გახდა ეს ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ ქუთაისში გამართული გაფიცვა ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა?
– როგორიც უნდა ყოფილიყო მიზეზი, იმან, რაც ქუთაისში მოხდა, არა მარტო კონკრეტულ ადმაიანებს, მთელი ქვეყნის იმიჯს მიაყენა ზიანი. გამაოგნებელია, რომ 21–ე საუკუნეში, საქართველოში გაფიცვები იმ მეთოდებით ისჯება, როგორითაც საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ჩიკაგოში დასაჯეს. ეს სამწუხაროდ მეტყველებს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე, სამოქალაქო ინსტიტუტებისადმი დამოკიდებულებაზე და, საბოლოოდ, ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს დასასრული. არ შეიძლება, ადამიანს უგრეხდნენ ხელებს და ისე აწერინებდნენ პროფკავშირებიდან გასვლის შესახებ განცხადებას ან, პირიქით, ადმინისტრაციული რესურსებით, ხელოვნურად შექმნილ „ყვითელ პროფკავშირებში“ შესვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებენ. ამ დროს კი, ტელევიზორებიდან ხელისუფლება გვეუბნება, რომ დღეს უკეთესად ვცხოვრობთ, ვიდრე ოდესმე ვცხოვრობდით.
ერთად–ერთი, რაც ამ ადამიანებს შემიძლია ვუთხრა, არის ის, რომ მოხარული ვართ, მათ მაგივრად, დღეს იმაზე უკეთესად რომ ცხოვრობენ, ვიდრე აქამდე ცხოვრობდნენ, მაგრამ ხალხი ნამდვილად არ ცხოვრობს უკეთესად. არც დასაქმებული ადამიანი ცხოვრობს უკეთესად და არც, მით უმეტეს, უმუშევარი, რომელსაც შემწეობაც კი არა აქვს. უმწეოთა რაოდენობა საქართველოში ოფიციალური მონაცემებითაც კი გაიზარდა. ერთი რჩევა მექნება მათვის, – როგორც ნაგვის გადასახადი მიაბეს ელექტროენერგიის გადასახადს, ისე შეუერთონ ტელევიზორები საქართველოს მოქალაქეების მაცივრებს, იქნებ, ასე მაინც აისახოს მათი რიტორიკით გადმოცემული საქარველო ჩვენ რეალობაში, თორემ, მაცივარს რომ აღებს ადამიანი, სულ სხვა რეალობას ხედავს.
თუ ეს პოზიტივია, გვითხრან. გვითხრან, რატომ აქვს მოსახლეობის 25%–ს საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი და საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდოლოგიაც განგვიმარტონ, რაც ცალკე საუბრის თემაა. მე ვერ ვხედავ დამოუკიდებელ ექსპერტებს სტატისტიკის დეპარტამენტის ბორდის შემადგენლობაში, იქ მთავრობის წარმომადგენლები არიან და, ბუნებრივია, კარგ სურათს გვიხატავენ.
დიდი სურვილი მაქვს და ეს, ძირითადად, ჩვენი გასაკეთებელი იქნება, რომ ხალხმა საკუთარი თავისი დაფასება, თავისი მრავალრიცხოვნების გამოყენება, კარგად „გაყიდვა“ ისწავლოს. 2012 წელი საარჩევნო წელია. პოლიტიკოსების უმრავლესობა მე მაგონებს მტრედებს, რომლებიც, არჩევნებამდე ხალხის ხელის გულიდან იღებენ საკვებს, არჩევნების შემდეგ კი, გამაძღრები, ისეთივე ზიანს აყენებენ მას, როგორსაც ჩვენ ქვეყანაში მრავლად არსებულ კუტურულ ძეგლებს. დროა, ხალხმა მოითხოვოს პოლიტიკოსებისგან ის, რაც ეკუთვნის და, არჩევნების შემდეგ, მტრედებისგან „გალამაზებულ“ კულტურულ ძეგლებს არ დაემსგავსოს. ეს მიიღწევა ხალხის შეკრულობით, სოლიდარობით, მოქმედებათა თანმიმდევრობით. ასე ყველაფრის მიღება შეიძლება, ეს იქნება კარგი დაზღვევა, კარგი შრომის კოდექსი, სოციალური დიალოგის განვითარება, ღირსეული პენსია, რეალური ხელფასი თუ ნებისმიერი სხვა რამ.
– საუბრის დასაწყისში თქვენ გადარჩენისთვის ბრძოლა ახსენეთ. რა დაგანახათ ამ ბრძოლამ პროფკავშირების შიგნით? რისი შეცვლაა საჭირო, რა არის გასაკეთებელი?
– ის, რაც შესაცვლელია, გასაკეთებელია, გამოსასწორებელია, მხოლოდ ამ ბრძოლას არ დაუნახვებია ჩვენთვის. საქართველოს პროფკავშირების ყველაზე თანმიმდევრული და მიზანმიმართული კრიტიკოსები თავად ვართ. ამასთან, საკადრის პასუხს არ ვუგვიანებთ არავის, ვინც უსაფუძვლოდ ცდილობს ამ ორგანიზაციის გაკრიტიკებას.
ამ ვითარებას არ დაუნახვებია ჩვენთვის პრობლემები, ეს იყო წესების გარეშე ბრძოლა, წელს ქვევით დარტყმები, იმ დემოკრატიულ ინსტიტუტზე, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. პროფკავშირი აქამდეც არსებობდა, მაგრამ მას მსგავსი პრობლემები არ შექმნია. პროფკავშირს მაშინ შეექმნა პრობლემები, როდესაც დააყენა შრომის კოდქსის საკითხი, დისკრიმინაციის საკითხი, უკანონოდ გათავისუფლებების საკითხი, არ დაეთანხმა კონსტიტუციას, ჰქონდა ამბიცია, რომ შეემუშავებინა საკანონმდებლო წინადადებები, იმის ალტერნატივა, რაც ძლიერთა ამა ქვეყნისათა იდეოლოგიაში არ ჯდებოდა.
მთავრობა კომფორტშია ძალიან ბევრი პოლიტიკოსისგან რომელიც აბსოლუტურად არაეთიკურად მოიხსენიებს მას, შვიდივე ბრუნვაში ატრიალებს და მხოლოდ ლანძღავს. ჩვენ, ჩვენი მოქმედებებით, კუთხეში მივაყენეთ ხელისუფლება და გამოსავალი არ დავუტოვეთ, როცა დავსვით კითხვები: შეუძლიათ თუ არა, თქვენი შრომის კოდექსით, ფეხმძიმე გაუშვან სამსახურიდან? შეუძლიათ თუ არა, ქალი გაუშვან სამსახურიდან? შეუძლიათ თუ არა, პრობლემები შეუქმნან ადამიანს, მისი ეთნიკურობისა და სხვა მომენტების გამო? ნაზღაურდება თუ არა მოქმედი შრომის კოდექსით ზეგანაკვეთური სამუშო?.. პასუხს ვერ გვცემენ ამ და უამრავ სხვა კითხვაზე, ვერც ჩვენ და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებს.
– ეს ის კითხებია, რომელზე მიუღებელი პასუხების გამო, საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობებში ბევრი უხერხულობა ექმნება. ამის გამო, საზოგადოების ერთი ნაწილი საქართველოს პროფკავშირებს აკრიტიკებს. რას ეტყოდით მათ?
– ვეტყოდი, რომ ამ უხერხულობებს არ ქმნის საქართველოს პროფკავშირი, მათ საქართველოს ხელისუფლება ქმნის. მხოლოდ ლაპარაკი და შენობებზე მოფრიალე დროშები არ არის საქმე. საქმეა ევროპული სტანდარტების, ღირებულებების გაზიარება და ჩვენი ტრადიციებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად დანერგვა.
ჩვენ ქვეყანას უამრავი ვალდებულება აქვს აღებული. ადამიანებს აინტერესებთ, რატომ უნდა გავწიოთ ჩვენ ოპონირება იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში აქვს აღებული? რატომ ვეუბნებით უცხოელებს, რომ აქ ამ ვალდებულებებს იგნორირებას უკეთებს საქართველოს მთავრობა და ის საკანონმდებლო ნორმები, რომელსაც ისინი აყალიბებენ? უკვირთ, რატომ ვამბობთ რომ საჩვენებლად ვართ ჩართული სამმხრივ კომისიაში, თუმცა კი, ამას მოითხოვს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესი, ევროპა, რომელიც რეალურ სოციალურ პარტნიორობაზე და სამოქალაქო საზოგადოების რეალურ ჩართულობაზე ლაპარაკობს?
ყველაფერი ეს აქ მართლაც საჩვენებლად და მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ ამას მოითხოვს ევროპა, დასავლეთი, საიდანაც დახმარებებს ელოდებიან. რეალურად, იგნორირებულია პროფკავშირების საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც პარლამენტშია შესული, ვაგებთ სასამართლო პროცესებს, რომელსაც არ უნდა ვაგებდეთ და ა.შ. როცა ამაზე ხმამაღლა ვლაპარაკობთ, მთავრობა და მასთან ასოცირებული ადამიანები ღიზიანდებიან და, რადგან ღიზიანდებიან, ე.ი. სიმართლეს ვამბობთ. დროა, გაღიზიანებას, გაბრაზებას, გაბუტვას თავი დაანებონ, აღიარონ არსებული რეალობა და ამ აღიარებას შესაბამისი ქმედებებიც მოაყოლონ.
ხელისუფლება ამაყობს, რომ დაიწყო მოლაპარაკებები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრომის ხელშეკრულების შესახებ. პრემიერის მრჩეველმა, ვახტანგ ლეჟავამ, ნიშნის მოგებით განაცხადა ეს. მინდა შევახსენო მას და ყველას, რომ პროფკავშირები მომხრეა საქართველოს ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს, ორივე ხელით ვუჭერთ მხარს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის შესვლას. ამას ხელს სწორედ ლეჟავა და მისი ნეოლიბერალი მამების იდეოლოგია უშლის. სანდო წყაროდან ვიცი, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება იქამდე, ვიდრე არ მოგვარდება პრობლემები, რომელიც პროფკავშირებს ექმნება. ამაზე ღიად ილაპარაკეს უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტმა კეტრინ ეშტონმა, ევროკავშირის გაფართოებასა და სამეზობლო პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა ევროკომისარმა შტეფან ფულემ, სხვა ოფიციალურმა პირებმა.
ჩვენ კუთხეში არ ვდგებით, თუ ძალით, ავტომატით არ მიგვაყენა ვინმემ, ისეთი წესებით, როგორიც საქართველოს პროფკავშირების წინააღმდეგ წელს გამოიყენეს.
– ადამიანს, რომელიც შიგნიდან არ იცნობს პროფკავშირის მუშაობას, მის წინაშე მდგარ პრობლემებს, შეიძლება, ამ ორგანიზაციის კრიტიკა არ გაუძნელდეს, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია, როცა კრიტკა, ამასთან, მეტად არასერიოზულიც, ისმის პროფკავშირელისგან. მხედველობაში მაქვს მანანა ღურჭუმალიძის ბოლო ინტერვიუ, რომელიც გაზეთ „ქრონიკაში“ დაიბეჭდა. თქვენი აზრით, რა მიზანი აქვს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის ყოფილი პრეზიდენტის თავდასხმას საქართველოს პროფკავშირების ხელმძღვანელებზე?
– რა მიზანი უნდა ჰქონდეს? მისი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ერთი კვირით ადრე, ის ჩემგან მოითხოვდა, რადგან პოლიტიკურ თავშესაფარს არ აძლევდნენ, კანადაში მიმეწერა წერილი, რომ მას მთავრობა სდევნიდა. მე არ მინახავს მანანა ღურჭუმალიძის მანქანაზე გადაჭრილი შლანგები, არც ის, რომ ძალოვანი სტრუქტურები აღმაშენებლის ძეგლთან იბარებდნენ, რათა, მისი სიტყვებთ, მოეტაცებინათ. ამასთან დაკავშირებით მას არც ოფიციალური წერილით მოუმართავს ჩვენთვის, შესაბამისად, არ ვაპირებდი, მონაწილეობა მიმეღო მის მიერ შეთხზული სცენარის განხორციელებაში. ამ ადამიანს ჰგონია, რომ მთელი მსოფლიო მისთვის არის შექმნილი, ჯერაც ვერ გათავისუფლდა ამ ილუზიისგან.
ამის პასუხი იყო ის ინტერვიუც. უბრალოდ, შორს არის აქედან და ასე ლაპარაკს ბედავს. აქ მსგავს რამეს ვერ ბედავდა და ვერც გაბედავდა. ფეხის წვერებზე ვინ დადიოდა, იცის ხალხმა. ალბათ, თავის მეუღლეში შევეშალე, ის ნამდვილად დადიოდა მის წინაშე ფეხის წვერებზე. ვინც მე მიცნობს, ჩემ ოჯახს იცნობს, იცის, რომ ჩემ ოჯახში, ისევე, როგორც სამსახურში, ქალს თავისი ადგილი აქვს და კაცს – თავისი. ფეხის წვერებზე მხოლოდ მამაჩემისა და უწმინდესისა და უნეტარესის წინაშე შეიძლება ვიარო, მეტი, არათუ საქართველოში, დედამიწის ზურგზე, არავინ არსებობს, ვის წინაშეც ირაკლი პეტრიაშვილი ფეხის წვერებზე გაივლიდა.
ტარანი თვლით არისო, ამბობენ და მე და გოჩა ალექსანდრიამ, როგორც ჩანს, მაშინ დავაშავეთ, როცა განათლების პროფკავშირების თავმჯდომარედ მის მოსავლას, არა პირდაპირ, მაგრამ ირიბად, ხელი შევუწყვეთ.
– რას გულისმობთ?
– ეს ისტორია უნდა იცოდეს ჩვენი გაზეთის მკითხველმა და სხვა გაზეთების მკითხველებმაც. არა იმ გაზეთებსა, ვისზეც ღურჭუმალიძე იძახდა, რომ თანხებს უხდიდა და მეც იგივეს მთავაზობდა –კონვერტით თანხების გადახდას ჟურნალისტებისთვის, ვისთანაც თავად ხშირად იბეჭდება. საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს.
ეს ადამიანი, რომელიც კვაჭი კვაჭანტირაძისა და ყვარყვარე თუთაბერის ნაზავია, ყოველთვის ცდილობდა, მიეღო იმაზე მეტი, ვიდრე მის ცოდნას, გამოცდილებას, ინტელექტს შეეფერებოდა. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ირიბ ხელშეწყობას. მასწავლებელთა პროფკავშირის ხელმძღვანელი ის მაშინ გახდა, როცა საქართველოს პროფკავშირებში ახალგაზრდებმა გარდაუვალ ცვლილებებს ჩავუყარეთ საფუძველი, პროფკავშირების ძველი ხელმძღვანელობის აქტიური კრიტიკა დავიწყეთ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ დარგების წარმომადგენლებმა ჩემ წინამორბედს კაბინეტის კარი აუჭედეს და ღამეებს ვათევდით იქ, ადამიანების დასაცავად.
მაშინ ღურჭუმალიძე „მასწავლებელთა სოლიდარობის“ თავმჯდომარე იყო. იგი მოვიდა ჩვენთან, მხარი დაგვიჭირა, თუმცა, მეორე დღესვე მოინდომა, პროცესებს, რომელიც მთელი წელი მინდინარეობდა, სათავეში მოქცეოდა. მეორე დღეს მან მისაყვედურა იმის გამო, რომ ჟურნალისტები მხოლოდ ჩემგან იღებდნენ ინტერვიუებს და მას არაფერს ეკითხებოდნენ. გამომიცხადა, ერთად ვიყოთ და ინტერვიუებს მე მივცემო. მესამე დღეს, როცა მივდიოდი ღამენათევ ხალხთან, რომელიც ოფისს დარაჯობდა, კატეგორიულად მთხოვა, მის ოფისში მივსულიყავი, რადგან, როგორც მითხრა, მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა.
როცა მივედი, მითხრა, რომ, მიშა მისი მეგობარი იყო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა „ნაც. მოძრაობასთან“, რომ პროფკავშირებში არსებული ვითარება მის გარეშე არ გადაწყდებოდა, თუმცა, აყენებდა პირობას, რომ ორგანიზაციის ლიდერი თვითონ უნდა ყოფილიყო. მე ვუთხარი, რომ ლიდერობის ამბიცია არ მქონდა, მაგრამ ხალხი იყო ორიენტირებული ჩემზე, რადგან ამ საქმეს სათავეში ვედექი და ძნელი იქნებოდა მათთვის ამ ცვლილების ახსნა. როგორმე უნდა მოახერხოო, – განაცხადა.
ამასთან, მან მოინდომა ჩემი და ჩემი მეგობრების დაპირისპირება. ამბობდა, რომ ის იქნებოდა გაერთიანების თავმჯდომარე, გოჩა ალექსანდრია – მოადგილე და მეც რამე თანამდებობას მომცემდა. ამაზე ისევ ვუთხარი, რომ ვეტყოდი ხალხს, ჩრდილში რომ ვიქნებოდი, მაგრამ ისინი მის ლიდერობას მხარს არ დაუჭერდნენ. ისიც ვუთხარი, რომ მის ამ საქციელს ერქვა ზურგში ხანჯლის ჩარტყმა და, ამას სჯობდა, ჩვენთან საერთოდ არ მოსულიყო. მიუხედავად ამისა, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ძველი მმართველობის შეცვლა ორგანიზაციისთვის, ხალხს გადავეცი მისი სურვილი, მაგრამ, როგორც ვფიქრობდი, მხარი არავინ დაუჭირა. არც ჟურნალისტები იღებდნენ ინტერვიუს ღურჭუმალიძისგან, როცა მისკენ მივუთითებდი.
ორი თვის შემდეგ, როგორც მერე გავიგე, ის იყო მისული გიგა ბოკერიასთან და „ნაც. მოძრაობის“ რამდენიმე წევრთან, რომ მისი კანდიდატურისთვის მხარი დაეჭირათ და ორგანიზაციის სათავეში მოეყვანათ. არ ვიცი, რა პასუხი მიიღო მათგან, მაგრამ გამოხატა გაღიზიანება მისდამი დარგობრივი პროფკავშირების ლიდერებისა და აქტივისტების დამოკიდებულების გამო და პროფკავშირების რეფორმირების ხელშეწყობის იდეას ჩამოშორდა. შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები, იცით.
მასწავლებელთა პროფკავშირის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, მანანა კობახიძემ, რატომღაც იფიქრა, რომ მისი დროც მალე დადგებოდა და, როცა, თავის მოადგილესთან, ჰამლეტ თუთბერიძესთან ერთად, ჩემ კაბინეტში იჯდა, მითხრა, რომ, თუ მე მასზეც ისეთი დარტყმის განხორციელებას ვაპირებდი, როგორიც გაერთიანების თავმჯდომარეზე განვახორციელე, მზად იყო, გადამდგარიყო და ადგილი სხვისთვის დაეთმო, რათა მისი სახელი არ ამოსვრილიყო. მე მას ვუთხარი, რომ მსგავსი არაფერი ემუქრებოდა, რადგან პატივსაცემი ადამიანი იყო. ასე წავიდა ჩემგან, მაგრამ მაინც გადადგა ნაბიჯი, რომლითაც ადგილი, ფაქტობრივად, დაუთმო ღურჭუმალიძეს, ადამიანს, რომელიც, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ზეიმობდა ჰამლეტ თუთბერიძის გარდაცვალებას.
ღურჭუმალიძემ კარგად იცოდა ადამიანების დაშანტაჟება და დააშანტაჟა, პატარა ბავშვივით მოატყუა მანანა კობახიძე. მიშასთან ერთად გადაღებულ სურათებს უფრიალებდა ცხვირწინ. პოზიციების დამცველად კობახიძეს ჰყავდა ზურაბ ჟვანია, მაგრამ იგი გარდაიცვალა. ღურჭუმალიძე აშანტაჟებდა კობახიძეს, ასევე, ობიექტებში კაზინოების გახსნით, სხვა საკითხებით, სთავაზობდა, მოადგილედ დარჩენილიყო და დარგის თავმჯდომარეობა მისთვის მიეცა. კობახიძემ ზეწოლას ვეღარ გაუძლო და ასე მოექცა 3000–წევრიანი ორგანიზაცია სათავეში მასწავლებელთა 100000–წევრიან პროფკავშირს.
აი, ასეთი გზით მოვიდა ღურჭუმალიძე ამ ორგანიზაციის სათავეში, თუმცა, იძახის, ჩემი ორგანიზაციააო. ამას იმ ორგანიზაციაზე ამბობს, რომლის შესახებაც, როცა პრობლემები შეექმნა, ხმამაღლა ამბობდა, თუ მე არ ვიქნები ამ პროფკავშირში, ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილაო. ამის უამრავი მოწმეა. მისი გაკეთებული აქ არაფერია, გაფუჭებული კი, რაცაა, ყველამ ნახა.
ღურჭუმალიძეს თავკერძა თავადობა სურდა. მაშინდელ პროფკავშირში ბევრს ჰქონდა ამის სურვილი, მაგრამ ახალმა ხელმძღვანელობამ მოახრეხე, რომ ყველა ერთად ყოფილიყო. განათლების პროფკავშირი მანანა კობახიძის თავმჯდომარეობის დროს გავიდა გაერთიანებიდან, წინა ხელმძღვანელობის მიერ არჩევნების გაყალბებისადმი პროტესტის ნიშნად. როცა ჩვენ მოვედით ხელმძღვანელობაში, შევთავაზეთ ღუჭუმალიძეს, შემოსულიყო გაერთიანებაში, რადგან ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, მასწვალებელთა ნიშას ჩვენ ცარიელს ვერ დავტოვებდით.
ღურჭუმალიძემ ბევრი იფიქრა, ბევრი იძრომიალა, ბევრი არარსებული ილაპარაკა ხან ევროპელებთან, ხან ამერიკელებთან, თითქოს, ჩვენ ძალით გვინდოდა გაერთიანებაში მისი შემოყვანა და ა.შ. სინამდვილეში, მან ზუსტად იცოდა ჩემი რეიტინგი და ზუსტად იცოდა – თავისი, ის, თუ როგორ არ მიიღეს იგი, თუნდაც, თბილისელმა მასწავლებლებმა, მან ზუსტად იცოდა, რომ, დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად შეიქმნებოდა მისი ალტერნატივა. ეს თავისთავად მოხდებოდა, არა ჩემი ხელშეწყობით, არამედ იმის გამო, რომ მასწავლებლებს უნდოდათ პროფკავშირების გაერთიანებაში ყოფნა და ის ამას ვერ აკრძალავდა.
ყველაფერი ამის გამო და იმისთვის, რომ, როგორც გამგეობის წევრს, განათლების მუშაკთა სხვა ორგანიზაციები დაებლოკა, იგი გაერთიანებაში შემოვიდა. შემდგომ უნდოდა, რომ საწევრო არ გადაეხადა, მაგრამ მოუწია გადახდა და, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც იტყვიან, კაკალს ვერ გააგდებინებდი, ერთ–ერთი სერიოზული გადამხდელი იყო. შემდეგ, უნდოდა კვოტების გაზრდა, გაერთიაების საანგარიშო–საარჩევნო ყრილობის წინ და ეს ყველას ძალიან კარგად ახსოვს. უნდოდა იმიტომ, რომ გაერთიანების ხელმძღვანელად მოსულიყო. პრობლემა ის არის, რომ ამას ცდილობდა ძალიან ბინძური მეთოდებით, ალქაჯობით, რომელიც მის მოქმედებებს ყოველთვის სდევდა თან.
ეს ხდებოდა იმ ფონზე, როცა მუდმივად მის დაცვაში ვიყავი, რადგან, ხასიათიდან გამომდინარე, პრობლემები ჰქონოდა გამგეობის წევრებთან, თავისი საქციელით ძალიან აღიზიანებდა დარგის თავმჯდომარეებს. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, ჯანმრთელები არიან ჩვენი დარგის თავმჯდომარეები და თავად მოგიყვებიან, რას და როგორ სთავაზობდა მათ ღურჭუმალიძე, როცა ეუბნებოდა, პეტრიაშვილის წინააღმდეგ იყავით და, მე რომ მოვალ, ბევრ რამეს გაგიკეთებთო. იმის ნავლად, რომ ორგანიზაციის განმტკიცებით ყოფილიყო დაკავებული, იატაკქვეშა სამუშოებს ატარებდა ჩემ ჩასანაცვლებლად, ყველა ღონეს იყენებდა, რომ პროფკავშირებს სათავეში მოქცეოდა, როგორმე დაეკნინებინა და შეესუსტებინა ჩემი გავლენა. პეტრიაშვილს ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია, მიუშვა „გიჟი“ და, რაც ქნა, თავადაც ნახეთ. სამწუხაროა, რომ მისმა საქციელმა პროფკავშირების დისკრედიტაცია მოახდინა.
– იქნებ, არ ღირდა მისი დაცვა, როცა გამგეობასთან პრობლემები ექმნებოდა?
– პროფკავშირები ცოცხალი ორგანიზმია და მის ხემძღვანელსაც უხდება კომპრომოისებზე წასვლა. მე ამას პროფკავშირული ერთობის შენარჩუნებისთვის ვაკეთებდი. ჩვენი წინამორბედებიდან გამომდინარე, პროფკავშირები ისედაც დისკრედიტირებული იყო და არ მინდოდა, საზოგადოებაში ელაპარაკათ, ერთმანეთს „ჭამენო“. მინდიდა, ერთიანები ვყოფილიყავით. რაც შევძელი, იყო ის, რომ ეს დარგი გაერთიანებაში შემოვიყვანე, საწევროს შემოტანა დავაწყებინე. მიუხედავად იმისა, რომ ღურჭუმალიძე თავიდან საუბარს არავის აცლიდა, ცოტა ხანში, „ლაგამი“ ჰქონდა ამოდებული და გამგეობაზე უკვე ისე იქცეოდა, როგორც წესები მოითხოვდა. აბსოლუტური ალქაჯი, ალქაჯობიდან გადავიყვანე ქაჯობაში და არ დამაცალა, როგორც იტყვიან, ქალად რომ მექცია, კანადაში გაიქცა.
ჩემი შეცდომა რაც არის, არის ის, რომ მე დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტების საქმიანობაში, თუ მათი მხრიდან უხეში დარღვევები არ დავინახე, არ ვერევი. არც ჩემი სტრუქტურები ერევიან, სარევიზიო კომისია და სხვა. ნამდვილად არ ვიცოდი იმ თანხების შესახებ, რაც ამ ორგანიზაციაში იხარჯებოდა. ზოგს კორუფცია ჰგონია, ფულს პირდაპირი გაგებით რომ მოიპარავს, ზურგზე მოიდებს და წაიღებს. კორუფციად, უნამუსობად და ამორალურობად არ მიაჩნია ის ამბავი, რომ მასწავლებელს 70 ლარი აქვს ხელფასი, თავად კი – 3600, 3000 ლარს, კიდე, ქმარს უნიშნავს, თითქოს, მის მეტი ვერავინ გაუკეთებს გაზეთს; მასვე უფორმებს კონტრაქტს, რომ წიგნი მოამზადოს და დაბეჭდოს; თავის ქალიშვილს პროექტში სვამს და ა.შ. ეს კორუფცია არავის ჰგონია, არადა, კორუფციაა. ასე თუ მივუდგებით, ყველას შეუძლია, თავისთან თავისი ოჯახის წევრები დაასაქმოს.
ასე, მეც შემიძლია ჩემი ოჯახის წევრები მოვიყვანო და დავასაქმო აქ, მაგრამ, აბა, ნახეთ, რომელი ნათესავი დამისაქმებია? ერთადერთი ჩემი ნათესავი მუშობს გაერთიანებაში და ისიც ამერიკელებმა დაასაქმეს, რადგან ერთად–ერთი კანდიდატი იყო, ვისაც გერმანიაში ჰქონდა გავლილი შესაბამისი სწვალება და განსახორციელებელ საქმეს თავისი ასაკითაც შეეფერებოდა.
ახლა ნახეთ ღურჭუმალიძის პროექტები და ანგარიშები. დავსვათ კითხვა: რატომ იყო გაერთიანებულ ორგანიზაციაში პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ანგარიშის გარდა, მეორე – მისი ყოფილი ორგანიზაციის, „სოლიდარობის“ ანგარიში და ბეჭედი ცალკე, რაზეც პედაგოგებსა და ორგანიზაციის საბჭოს წევრებს ხელი არ მიუწვდებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ, ყრილობის გადაწყვეტილებით, ეს ორგანიზაცია დაშლილი იყო? რისთვის სჭირდებოდა ეს? იმ გრანტების თანხებისთვის ხომ არა, რომელიც მათ ერიცხებოდა?
ეს მცირე მინიშნებებია ღურჭუმალიძისთვის იმის თაობაზე, თუ რა ვიცით მისი საქმიანობის შესახებ. ასეთი კიდევ ბევრია, რაც ჯერ არ თქმულა, არა იმიტომ, რომ ხელს ვაფარებთ, არამედ იმის გამო, რომ ბევრს ვერაფერს მიიღებს პროფკავშირები აქედან, უარესს თუ არა.
– აპირებთ ამ საკითხებზე ხმამაღლა საუბარს?
– ნათქვამია, ნაგავს, რაც უფრო გაქექავ, მეტ სუნს ამოუშვებსო. საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი მის ლაპარაკს, მაგრამ მან უნდა იცოდეს თავისი ადგილი, უნდა იცოდეს, ვინც არის, როგორია მისი ნამდვილი სახე. ამას სხვებიც ხედავენ და მარტო მისთვის არ არის ცნობილი სინამდვილეში რას წარმოადგენს. სიმართლე გითხრათ, მის ადგილზე მე თავი შემზიზღდებოდა.
თუ მართალი იყო, აქ დარჩენილიყო, ჩემსავით დაეყენებინა თავი საფრთხის ქვეშ. სხვათა შორის, პირველმა მან მითხრა, რომ იხილებოდა ჩემი დაკავების საკითხი და, თუ დროზე ვუშველიდი თავს და საქართველოდან წავიდოდი, ძალიან კარგი იქნებოდა. მე ვიცოდი, რომ მას აღარ უნდოდა აქ მუშაობა და კანადაში აპირებდა წასვლას, მთხოვდა, 10 სექტემბრამდე როგორმე გამეწელა პროცესები, რომ ეს მოეხერხებინა, რადგან მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა „შავი პი არი“ და, ამის გამო, მის ოჯახს პრობლემები ექმნებოდა. მითხრა, რომ ერთი წელი გეგმავდა კანადაში მეუღლეთან ერთად წასვლას, ბილეთებიც ჰქონდა აღებული და ისიც მთხოვა, მისი მეუღლისთვის არ მეთქვა, რომ საქმის კურსში ჩამაყენა. ეს საუბარი ივნისში შედგა. მე შევინახე ეს ამბავი, ისე, რომ არ ვუთხარი არც მისი საბჭოს წევრებს. მის წინააღმდეგ აგორებული „შავი პი არი“ კი, პრობლემებს ჩვენც გვიქმნიდა.
მაშინ მე მივედი შაშკინთან და ვუთხარი, რომ, მანანა ღურჭუმალიძის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი და წარმოებული „შავი პი არი“, პირდაპირ კავშირშია პროფკავშირების იმიჯთან და, თუ ამას გააგრძელებდა, ორშაბათს მისი სამინისტროს წინ შიმშილობას დავიწყებდი. ეს იყო ერთადერთი გზა, რითაც შემეძლო შემეჩერებინა ეს ყველაფერი, თუმცა, ნაწილობრივ. თუ ყველაფერი ამის შემდეგ მისგან ის სტატიები მეკუთვნის, რომელსაც თავად და მისი მეუღლე აცხობენ ჩემ წინააღმდეგ, მის ნამუსზე იყოს. თუ რამე სხვა აინტერესებთ კიდევ, აქ არის მისი მეუღლე და სადაც უნდა, როგორც უნდა, რა ფორმითაც უნდა, ვარ პასუხის გამცემი. თუმცა, ეჭვი მეპარაბე, თავად მოისურვოს ეს, რადგან მას პასუხის გაცემა მანანასთვისაც კი უჭირდა.
– რამდენად სწორი იყო მანანა ღურჭუმალიძის ინფორმაცია, როცა თქვენი სავარაუდო დაჭერის შესახებ გელაპარაკებოდათ?
– ასეთი ინფორმაცია მე სხვებისგანაც მივიღე. მიუხედავად ამისა, აქა ვარ. ვიცი, რომ, შეიძლება, ეს ბოლო იყოს ჩემი კარიერისთვს, მაგრამ არსად წავედი. ჩემი დედა მიყვარს, მამა მიყვარს, ოჯახი მიყვარს, რომელიც შეკრული მაქვს და მიყვარს ჩემი ქვეყანა. ვერ წარმომიდგენია, თავს ვუშველო, რომ სტომაქი სავსე მქონდეს და არ ვიყო ჩართული ჩემი ოჯახის, ჩემი ქვეყნის ყოფა–ცხოვრებაში, თუნდაც, ეს ციხის ფასად დამიჯდეს. თვალებში ვუყურებ იმ საფრთხეებს, რასაც ჩემი მუშაობა შეიცავს, მაგრამ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. შორიდან მუჭების ქნევა არ არის ვაჟკაცობა, ვაჟკაცობა აქ დარჩენა და ყველა დარტყმის მიღებაა.
ახლა, როცა პოლიტიკაში რაღაც ახალი გამოჩნდა, ღურჭუმალიძემ რაღაც იყნოსა და მოქმედებს. ერთხელაც იყნოსა და, მიუხედავად იმისა, რომ „ნაც. მოძრაობის“ თავგადაკლული მაქებარი იყო, მათთან კონფლიქტში არ შედიოდა და, კულუარულად, რაღაც საკითხებს აგვარებდა კიდეც, 7 ნოემბრის გამოსვლების დროს, როცა იფიქრა, ვაიმე, ახალმა სიომ დაუბერა, ჩემი მფარველები, მგონი, წყალს მიჰყავსო, თავისი წითელი ფეხსაცმელებით, წითელი შარვლით, წითელი ხელჩანთით, წითელი მანქანით მიტინგზე წავიდა და ტრიბუნაზე შეხტა. მერე კი, პატარა საფრთხე რომ იგრძნო, საკუთარ მანქანას ასწრებდა იქიდან, ისე, რომ ის წითელი ფეხსაცმელები გაიძრო და ხელში დაიჭირა.
ასე არ იქცევა და არ მოიქცევა მაია კობახიძე, რომელსაც ღურჭუმალიძე თავის ინტერვიუში შეეხო. დიახ, მაია კობახიძე არ არის ინტრიგანი, არ არის ყვარვარე თუთაბერი, ნამდვილად არ არის კვაჭი კვაჭანტირაძე, მას არ შეუძლია ჩაწყობებით, მოთაფვლებით, ოპონენტებთან საყვარლების მიგზავნით, სურათების გადაღებებით და შემდეგ დაშანტაჟებით ფონს გავიდეს – რასაც აკეთებდა ღურჭუმალიძე. მაია კობახიძე არის ჩვეულებრივი ადამიანი, კარგი მათემატიკოსი, შეიძლება, ჯერ არა აქვს დიდი პროფკავშირული გამოცდილება, მაგრამ არის სუფთა პიროვნება და არ არის კრიმინალი, არც მორალურად, არც კანონთან მიმართებაში. ღურჭუმალიძე კი, კრიმინალი იყო, არის და ასეთადვე დარჩება.
– 2011 წლის 7 ოქტომბერს, ღირსეული შრომის მსოფლიო დღეს, პროფკავშირების თანამეგობრობამ თქვენ საუკეთესო პროფკავშირელ ლიდერად დაგასახელათ და ფებე ელისაბედ ველსაკესის სახელობის ჯილდო გადმოგცათ… –
– მოდი, ნუ განვავრცობთ ამ თემას. ეს რომ, ზოგადად, პროფკავშირებისთვის მიცემული ჯილდო იყოს, მასზე დაუსრულებლად ვილაპარაკებდი, მაგრამ ეს პიროვნებისთვის მიცემული ჯილდოა, რომელსაც მე პროფკავშირის ყველა წევრს ვუნაწილებ და ვამბობ, რომ ეს არის ყველას დამსახურება.
მე მექნება თქვენთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ იმ ჯილდოსთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება არის წარდგენილი. თებერვალში კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდება საქართველოს მოლქალაქეებს და ამის შესახებ პირველები პროფკავშირის წევრები, საზოგადოება, თქვენი საშუალებით გაიგებენ.