10 საათიანი სამუშაო დღე და 250 ლარიანი ანაზღაურება – რა ხდება სამკერვალო საწარმოებში?

ქუთაისში ორი სამკერვალო ფაბრიკა მუშაობს, სადაც კვირაში ექვსი სამუშაო დღე 9 ან 10 საათი გრძელდება, ანაზღაურება კი თვეში საშუალოდ 250-300 ლარია. სააქციო საზოგადოება “იმერს“ ქართველი მფლობელები ჰყავს და ისინი ძირითადად ქალის ტანსაცმელს კერავენ. შპს “ჯორჯიან ტექსტილი“ კი თურქეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული საწარმოა, რომელიც ტანსაცმლის თურქულ მაღაზიათა ქსელს “ლს ვაიკიკის“ ამარაგებს.

ამჟამად ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ემზადება და ახალ კანონპროექტზე მუშაობას აგრძელებს. კანონპროექტი შრომის ინსპეტქირების სამსახურის შექმნასა და მუშაობის წესს განსაზღვრავს, თუმცა არ ითვალისწინებს მინიმალური ხელფასის ზღვარის გაზრდას. გარდა ამისა, აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილია 2 მილიონი დოლარი საქართველოში შრომის ინსპექციის შესაქმნელად მომდევნო 4 წლის მანძილზე.

საფეიქრო ინდუსტრიაში დასაქმებულმა ქართველმა მუშებმა პირველად პროფესიული კავშირი 1906 წელს შექმნეს და იმასაც კი მიაღწიეს, რომ დღეში 8 საათი ემუშავათ. დღეს ქვეყანაში 26 სამკერვალო ფაბრიკაა. კლარა მაჭარაშვილის, საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მათ მრავალი ცდის მიუხედავად ვერ მოახერხეს “ჯორჯიან ტექსტილის“ ორგანიზაციაში გაწევრიანება.

”2011 წელს გვქონდა მათთან მოლაპარაკება და დასაქმებულებს სურდათ პროფკავშირებში გაწევრიანება. რამდენიმე დღის შემდეგ მათ უარი განაცხადეს, რადგან მფლობელებმა დააშინეს,“  – ამბობს მაჭარაშვილი.

ნონა კაკაბაძე, კომპანიის ფინანსური მენეჯერი კი ამბობს, რომ მათ მუშებს პროფკავშირებში გაწევრიანება სხვა მიზეზით არ სურთ. ”ჩვენთან მუშაობენ ყოფილი მასწავლებლები, პოლიციელები, რომლებიც პროფკავშირების წევრები იყვნენ და ვერ მიიღეს დახმარება მაშინ, როცა ძველი სამსახურებიდან გაათავისუფლეს. ახლა ისინი იმედგაცრუებული არიან და არ სურთ 3 ლარი ყოველთვიურად საწევროს სახით გადაიხადონ. პროფკავშირებში ფიქრობენ, რომ ჩვენ ვაშინებთ ამ ხალხს და ამიტომ ამბობენ უარს. მე ვერ ვაკადრებ ჩემს თანამშრომლებს ვუკარნახო, რა გააკეთონ. ისინი სრულწლოვანი ადამიანები არიან და თვითონ წყვეტენ, რა არის სწორი და რა არა,“  – აცხადებს კაკაბაძე.

მაჭარაშვილი აქვე იმასაც გვეუბნება, რომ ”ჯორჯიან ტექსტილიდან“ პროფკავშირებში სამუშაო პირობებითა და ანაზღაურებით უკმაყოფილო ადამიანებმა რამდენჯერმე დარეკეს. ამის საფუძველზე მაჭარაშვილმა ქუთაისში ფაბრიკაში  მისვლა გადაწყვიტა, თუმცა მფლობელებმა სამკერვალო დარბაზში არ შეუშვეს.

”მენეჯერები ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ მუშებს ხელფასზე ბონუსები ემატებათ. თუმცა გაურკვეველი იყო, რის მიხედვით განისაზღვრებოდა ბონუსური სისტემა. მე მივწერე ნური სარს წერილი სამუშაო პირობებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი დღემდე არ მომსვლია,“- გვიყვება მაჭარაშვილი.

პროფკავშირების წარმომადგენლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეამოწმონ სს “იმერი,“ რომელიც მაჭარაშვილის თქმით, ორგანიზაციის აქტიური წევრია: “ვიცით, რომ “იმერში“ ხელფასები მაღალი არ არის, მაგრამ მეტის მოთხოვნა არ შეგვიძლია. კომპანიასა და ევროპელ პარტნიორებს შორის გაფორმებული კონტრაქტის ფასი დაბალია. ევროპელებმაც იციან, რომ ჩვენთან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ამიტომაც არიან აქ. ხალხი თანხმდება ამ დაბალ ანაზღაურებას, რადგან სხვა შემოსავალი არ აქვთ. მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ ყველა ჩამოსულ ინვესტორთან უნდა გააფორმოს ხელშეკრულება, სადაც ჩადებული იქნება მინიმალური ხელფასის შესახებ ინფორმაცია.“

მაჭარაშვილი უკმაყოფილოა პროფკავშირების ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, რადგან მათ მიერ წამოწეულ არც ერთ პრობლემას რეალური რეაგირება არ მოჰყოლია. მეორე მხრივ, დავით ივანიძე, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ პროფკავშირებთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ.

წყარო: http://www.netgazeti.ge/GE/105/Life/37127/.htmnkeravi