პროფკავშირები ნორვეგიაში

სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

ნორვეგიამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1905 წელს აღადგინა. შვედეთისგან განთავისუფლების შემდეგ ნორვეგია სამეფოა. ნორვეგიის ტერიტორია 385 186 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ხოლო მოსახლეობა 5,3 მილიონია. სამეფო მაღალ განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. მოსახლეობის რიცხოვნობით არცთუ დიდ ამ სახელმწიფოს მსოფლიოს ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილი უკავია ექსპორტში და მისი წილი 1%-ს აღემატება. ნორვეგიაში განვითარებულია რადიოელექტრონული, სამთამადნო, ქაღალდისა და ცელულოზის, გემთმშენებლობისა და შეიარაღების დარგები. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში კი განსაკუთრებით განვითარდა ნავთობისა და გაზის მოპოვება, შესაბამისად ქიმიური მრეწველობაც, თუმც ნორვეგიელთათვის ამ ახალი ენერგიის წყაროს მოპოვებას ხელი არ შეუშლია ჰიდროენერგეტიკის დარგის კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარებისთვის. ნორვეგიამ ნავთობისა და გაზის მასირებული ექპორტის წყალობით 1984 წელს, ერთხელ და სამუდამოდ,  თავი დააღწია საგარეო ვალებს. სამეფოში მაღალგანვითარებული სოფლის მეურნეობაა, მასში დასაქმებულია ქვეყნის მოსახლეობის 5%. ძირითადად სოფლის მეურნეობა ეყრდნობა საშუალო და მსხვილ ფერმერულ მეურნეობებს. სამეფოს ტერიტორიის მეოთხედი ტყით არის დაფარული. ნორვეგიული ტყე უაღრესად პროდუქტიულია. ნორვეგია არაა ევროპის კავშირის წევრი ქვეყანა.

პირველი პროფკავშირი ნორვეგიაში 1872 წელს დაფუძნდა მის დედაქალაქ ქრისტიანიაში (1925 წელს ამ ქალაქს ოსლო ეწოდება). ეს პროფკავშირი პოლიგრაფისტებმა დააფუძნეს. ნორვეგიაში პროფკავშირული მოძრაობის მახასიათებელი ნიშანი იყო და არის მისი მჭიდრო კავშირი ნორვეგიის მუშათა პარტიასთან, რომელიც სოციალ-დემოკრატიული ტიპის პარტიაა. 1899 წელს ჩამოყალიბდა ნორვეგიის პროფესიული კავშირების ცენტრალური გაერთიანება, რომელიც უკვე თითქმის 12 ათეული წელია იყო და არის ძირითადი და მთავარი პროფგაერთიანება ქვეყანაში. 1968 წლიდან ნორვეგიის პროფმოძრაობაში გამოიკვეთა მონათაესავე პროფკავშირების ერთ პროფორგანიზაციად შერწყმის ტენდენცია. ნორვეგიის პროფკავშირების გაერთიანება შედგება საწარმოო პრინციპით ფორმირებული პროფკავშირებისგან და მას გააჩნია საქალაქო, კომუნალური და რეგიონალური ორგანიზაციები. ცენტრალური გაერთიანების ყრილობა იმართება 4 წელიწადში ერთხელ და იგი ირჩევს წარმომადგენელთა საბჭოს, რომელიც თავის მხრივ ირჩევს ცენტრალური გაერთიანების თავმჯდომარესა და სამდივნოს. ნორვეგიის პროფკავშირების ცენტრალურ გაერთიანებას აქვს ბეჭვდითი ორგანო – ჟურნალი „ცგ-სიახლეები“.  ცენტრალურ გაერთიანებაში სადღეისოდ 900 ათასამდე დასაქმებულია შეკავშირებული. ცენტრალური გაერთიანება რჩება ნორვეგიის მუშათა პარტიასთან მჭიდრო თანამშრომლობაში და მისი წესდების შესაბამისად პირველად პროფორგანიზაციებს შეუძლიათ იყვნენ ამ პარტიის კოლექტიური წევრები. ნორვეგიის პროფკავშირების ცენტრალური გაერთიანების ძალისხმევით ქვეყანა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო სადაც დაკანონდა 8 საათიანი სამუშაო დღე, 65 წლის ასაკიდან პენსია, 4 კვირიანი ანაზღაურებადი შვებულება და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სოციალური უსაფრთხოების სისტემა. დღეს მისი მთავარი საზრუნავია დასაქმებულთა ხელფასების ზრდის უზრუნველყოფა, ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრებისას შრომისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვა, საზოგადოებრივი სექტორის განვითარება, ეკონომიკის ყველა დარგში სოციალური პარტნიორობისა და მშრომელთა დემოკრატიული კონტროლის  განვითარება. ნორვეგიის პროფკავშირების ცენტრალური გაერთიანება საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია, იგი შედის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციაში, პროფკავშირების ევროპულ კონფედერაციაში, ჩრდილოეთ ევროპის პროფკავშირების საბჭოში, აქტიური მონაწილეა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაობისა, ასევე იგი არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცციის პროფკავშირული საკითხების საკონსულტაციო კომიტეტების წევრი.

ნორვეგიის პროფკავშირულ მოძრაობაში არის სხვა მცირე პროფგაერთიანებებიც. ესენი არიან 1974 წელს დაფუძნებული უმაღლესი განათლების სპეციალისტთა ცენტრალური ორგანიზაცია და 1977 წელს დაფუძნებული პროფესიული კავშირების კონფედერაცია.

უმაღლესი განათლების სპეციალისტთა ცენტრალური ორგანიზაცია ძირითადად აერთიანებს საინჟინრო სპეციალობის დასაქმებულებს – ნორვეგიის ინჟინერთა ორგანიაზაცია არის მისი მთავარი საყრდენი, თუმც მასში ასევე გაერთიანებული არის ნორვეგიის უმაღლესი სასწავლებლების  პედაგოგთა გაერთიანებაც. ამ პროფკავშირული ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა წარმომადგენელთა საბჭო, რომელიც იჩევს გამგეობას, სამდივნოსა და თავმჯდომარეს, მასა აქვს ბეჭვდითი ორგანოც – ჟურნალი „ცო- ამბები“.

პროფესიული კავშირების კონფედერაციის დაფუძნება განხორციელდა 1964 წლიდან მოქმედი საბანკო სექტორის მოსამსახურეთა; საჯარო სექტორის მოსამსახურეთა; კომუნალური სფეროს მუშაკთა და სადაზღვევო სფეროს მუშაკთა პროფკავშირების ბაზაზე.  კონფედერაციის შექმნა კი განაპირობა ამ პროფკავშირებთან საბაჟო სამსახურში დასაქმებულთა, სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირებისა და კერძო სექტორის მოსამსახურეთა პროფკავშირების გაერთიანებამ. პროფკავშირების კონფედერაციის უმაღლესი ორგანოა 3 წელიწადში ერთხელ მოწვეული ყრილობა, რომელიც ირჩევს ცენტრალურ გამგეობას, ცენტრალურ სამდივნოსა და თავმჯდომარეს. პროფკავშირების კონფედერაციაში დღეს სამი სექცია მუშაობს, ესენია სახელმწიფო, კერძო და კომუნალური. ეს სექციები შესაბამის სფეროებში აწარმოებენ კოლექტიურ მოლაპარაკებას და დებენ შესაბამის ხელშეკრულებებს.

უმაღლესი განათლების სპეციალისტთა ცენტრალური ორგანიზაცია და პროფკავშირების კონფედერაცია შიდა, ნორვეგიული პროფორგანიზაციებია და მათი საგარეო საქმიანობა მხოლოდ სკანდინავიელ მეზობლებთან ურთიერთობით შემოიფარგლება.

ნორვეგიის პროფკავშირული მოძრაობა მსოფლიო პროფკავშირული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, გავლენიანი და ორგანიზებული საზოგადოებრივი ძალაა, ის განსაკუთრებული მხარდაჭერითა და თანამშრომლობით სარგებლობს სახელმწიფოს, დამსაქმებლების, დასაქმებულთა და საზოგადოების მხრიდან. ნორვეგიელ პროფკავშირელთა ხმა ყოველთვის აქტუალური და ქმედითია საერთაშორის პროფკავშირულ მოძრაობაში.