ჩაშლილი საკონსტიტუციო განხილვა და მსვლელობა თბილისში

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ აქცია-მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ფილარმონიის მიმართულებით გამართა.
პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქციაზე  პოლიციასა და მსვლელობის მონაწილეთა შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ “სოლიდარობა მუშებს”. აქციაში მონაწილეობას იღებენ პროფკავშირების და “აუდიტორია 115” ს წევრები ასევე სხვა სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ძირითადი მოთხოვნებია მაღაროელებისა და მეშახტეებისთვის საპენსიო ასაკის დაწევა, საშემოსავლო გადასახადის გაუქმება, შრომის ინსპექციის სამმხრივი კონტროლის ქვეშ მოქცევა.
“ეს აქცია ემსახურება ხსოვნას ტყიბულში დაღუპული მეშახტეების, ეძღვნება იმ მოთხოვნებს, რომლებსაც წლებია ვითხოვთ.  ეს არის საშემოსავლო გადასახადების გაუქმება მეშახტეებისთვის და მაღაროელებისთვის, ეს არის საპენსიო ასაკის დაწევა და შრომის ინსპექცია სამმხრივი კონტროლით- დამსაქმებლები, პროფკავშირები, მთავრობა”განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

საპროტესტო აქციას წინ უძღოდა ინცინდენტი ფილარმონიიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ჰქონდა დაგეგმილი. პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის და აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებმა დეპუტატების შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს, ისინი სკანდირებდნენ “ოთხი მეშახტე”, უსტვენდნენ და ხელისუფლებას შეძახილებით საკონსტიტუციო ცვლილებებში დასაქმებულთა უფლებების ასახვისა და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნისკენ მოუწოდებდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ახალგაზრდების ჯგუფი რადიკალური გამოსვლის გამო გააკრიტიკა და კომუნისტურ მიდგომებში დაადანაშაულა, რასაც პროტესტის მონაწილეთა არაერთგავაროვანი უარყოფითი რეაქცია და შეფასებები მოჰყვა.

აქცია მეშახტეები აქცია პროფკავშირები 2