2013 წელი, საქართველოს პროფკავშირისათვის, მართლაც რომ სასიხარულო ამბით დასრულდა. საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციასა და “რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს“ შორის კოლექტიურ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელმოწერას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილიც ესწრებოდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დოკუმენტის თანახმად, “რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“, რომელიც თავის მხრივ მუშა კატეგორიის რკინიგზელების დაარსებულია და აერთიანებს ისეთი რანგის პროფესიონალებს როგორიცაა ელმავლის მემანქანეები, თანაშემწეები, ზეინკლები, მელიანდაგეები, ელ. მომარაგების თანამშრომლები და ა.შ. გახდა სს ,“საქართველოს რკინიგზა”–ის მთავარი სოციალური პარტნიორი, რაც ნიშნავს ამ ორგანიზაციის სამართლიანი და დაუღალავი ბრძოლის ლეგიტიმაციას, აღიარებას! ეს კი გარანტია იმისა, რომ მომავალში “რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ კიდევ უფრო მეტს შეძლებს და გააკეთებს რიგითი რკინიგზელების შრომითი უფლებებისა და მათი და მათი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ.
გარდა ამისა, კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მიღწეულ იქნა კონკრეტული შედეგები: აღდგება მემანქანეებისთვის და რანგით მის ქვემოთ მყოფი კატეგორიის დასაქმებულებისთვის შვებულებაზე ფულადი დანამატები:
5–დან 10 წლამდე სტაჟის ჩათვლით – 90 ლარი;
10–დან 20 წლის სტაჟის ჩათვლით – 120 ლარი;
20 წლის ზევით სტაჟისთვის – 180 ლარი;
რკინიგზელები, რომელთა შვილებიც პირველ კლასში შევლენ მიიღებენ ერთჯერადად 125 ლარს. დასაქმებულებს, რომლებსაც შეუსრულდებათ საიუბილეო ასაკი (50, 60, 65, 70) წახალისდებიან ერთჯერადი პრემიით 200 ლარის ოდენობით;
დასაქმებულის ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, შესაბამის დასაქმებულს მიეცემა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 5 სამუშაო დღის ოდენობით. დასაქმებულთა ბავშვების დაბადებისას დასაქმებულზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 600 ლარის ოდენობით. ადმინისტრაცია ყოველწლიურად უზრუნველყოფს დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვას. სადაზღვეო კომპანიის შემოთავაზებული პირობები განიხილება “რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ მონაწილეობით.
გარდა ამისა, ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას რკინიგზელების ხელფასებისა და დანამატების გადახედვისა და შესაბამისი წლის ფინანსურ შედეგებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, გამართოს მოლაპარაკება “რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირთან“, კომპანიის აუდირებული შედეგების გამოქვეყნების შემდეგ (წლის აუდირებული შედეგი იდება მარტის თვეში). ასევე “რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ მონაწილეობას მიიღებს ახალი შრომის შინაგანაწესის შემუშავებაში და ცვლილებებისა და დამატებების შეტანის პროცესში. ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს “რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ ჩართულობა დასაქმებულთათვის შესამუშავებელი სოციალური პროექტების განხილვის პროცესში.
კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში ადმინისტრაცია უზრუნველყოფს “რკინიგზელთა ახალი პროფესიული“ კავშირის მონაწილეობას საწარმოო ტრამვებისა და უბედური შემთხვევების მიზეზების შესწავლა–გამოკვლევაში. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზელის დღეს სხვადასხვა ნომინაციაში გამოსავლენ კანდიდატთა შესარჩევ კომისიაში რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მონაწილეობას. იღებს ვალდებულებას არ დაუშვას პროფკავშირული ორგანოების საქმიანობაში კომპანიის მხრიდან ჩარევის მცდელობას და მათ საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას.
კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში ადმინისტრაცია უზრუნველყოფს “კომპანიის“ ნებისმიერ საატესტაციო (მათ შორის გამოცდების) კომისიაში “რკინიგზელთა ახალი“ პროფესიული კავშირის წარმომადგენელის მონაწილეობას. ასევე კადრების მიღების პროცესის გამჭვირვალეობისა და ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენელის მონაწილეობას, კადრების სამსახურში მიღების წესის ჩამოყალიბებასა და მის სრულყოფაში.
ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას დაიცვას საწარმოო სანიტარიის ნორმები, უზრუნველყოს სამუშაო ადგილების ნორმალური განათება, გათბობა, სათანადო ვენტილაცია, ყოველდღიური დასუფთავება, ასევე უზრუნველყოს სანიტარული კვანძებისა და საშხაპეების ნორმალური ფუნქციონირება და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების აღიარებული სტანდარტების დარღვევის ფაქტების აღმოფხვრა.
ასევე ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს, სამუშაო პროცესთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და მკურნალობის ხარჯები, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახზე გასცემს სამართლიან და ღირსეული ოდენობის კომპესაციას.
კოლექტიურ ხელშეკრულების დადებას “რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ ლიდერები შარშან ამ დროს ჯერ კიდევ ძველი პროფკავშირის ქოლგის ქვეშ ცდილობდნენ. თუმცა 2013 წლის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, პროფკავშირის ახალგაზრდა გუნდი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და ზეწოლების ხარჯზე 4 ხმით დამარცხდა. ბუნებრივია, უარი თქვეს ასეთი მეთოდებით დაკომპლექტებულ გამგეობის წევრობაზეც და დაიწყეს სრულიად ახალი, დამოუკიდებელი ორგანიზაციის შენება სუფთა ფურცლიდან.
2 013 წლის ივნისში სადამფუძნებლო ყრილობა ჩატარდა, რომელზეც მთელი ქვეყნის მაშტაბით, ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი რკინიგზელი დელეგატები ესწრებოდნენ, დამტკიცდა ახალი წესდება. აირჩიეს ახალი თავმჯდომარე და მიმართეს გაწევრიანების თხოვნით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას, რაც მალევე დაკმაყოფილდა. ქვეყნის ისტორიაში პირველად – გაერთიანებამ გარიცხა ერთი ორგანიზაცია და მიიღო მეორე. გარიცხულმაპროფკავშირმა გაასაჩივრა სასამართლოს გზით, თუმცა ეს პროცესი ძველმა ფსევდოპროფკავშირმა წააგო.
“რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ დაფუძნების შემდეგ, ჩატარდა კიდევ ერთი ყრილობა საქართველოს დასავლეთ რეგიონში, სადაც დელეგატებმა გამგეობის წევრებს ადმინისტრაციასთან კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყება დაავალა. გაიმართა შეხვედრა ადმინისტრაციასთან და ორი რაუნდის შემდეგ მოლაპარაკებები რკინიგზელებისთვის მნიშვნელოვან სამ ძირითად საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ამის გამო მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. მე-13 ხელფასი, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება და კლასის, თანრიგებისა და წელთანამსახურების სახელფასო დანამატების აღდგენა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის გამგეობამ მთავრობის მხრიდან მედიატორის დანიშვნის მოთხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
სამწუხაროდ მედიაციის სამსახურის არ არსებობის გამო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობა ამ პროცესებში ვერ მოხერხდა. რის შემდეგადაც რკინიგზელებმა კანონითა და კონსტიტუციით მინიჭებული გაფიცვის უფლება გამოიყენეს და მთელი საქართველოს მასშტაბით 14 ნოემბერს სრულმაშტაბიანი გაფიცვა დაიწყეს.
ვიტალი გიორგაძე, “საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ თავმჯდომარე: “კოლექტიური ხელშეკრულების თანახმად საკმარისი ბერკეტი გაგვიჩნდა რის გამოყენებასაც “რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ მაქსიმალურად შეეცდება. ეს ბერკეტები არის იურიდიული და კანონიერი საფუძველი მონიტორინგი გავუწიოთ და უშუალოდ მივიღოთ მონაწილეობა რკინიგზელების შრომითი უფლებების ჩამოყალიბებასა და დაცვაში. ჩვენი ორგანიზაციის წევრი ამჟამად 6000–ზე მეტი რკინიგზელია, რაც კომპანიაში დასაქმებულთა თითქმის ნახევარს უდრის. არსებობს წინაპირობა უახლოეს მომავალში რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზაედოს“.
ილია ლეჟავა, “საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე: “კოლექტიური ხელშეკრულებით დასაქმებულებში ცნობადობის ამაღლებას დიდად არ ველით, რადგან ეს პროცესი უკვე გავლილი გვაქვს. “რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ სახელი, როგორც რიგით რკინიგზელებში, ადმინისტრაციის, ქვეყნის მთავრობის, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში უკვე ასოცირდება სამართლიან, დემოკრატიულ, თავისუფალ და მშრომელი ხალხის უფლებადამცველ მძლავრ ორგანოსთან!“
მიუხედავად განვლილი პერიოდისა, ახალი შრომის კოდექსის და კოლექტიური ხელშეკრულების არსებობისა, რკინიგზაში შრომითი უფლებები გარკვეულ კომპონენტში კვლავ არასტაბილურია. მოუწესრიგებელია საწარმოებში ჰიგიენურ–სანიტარული მდგომარეობა, კვლავ მძიმეა რკინიგზელთა და მათი ოჯახების სოციალური პირობები, უამრავია საწარმოო ტრამვები, უკმაყოფილება არსებობს არსებული სადაზღვეო პაკეტის გამო დ.ა.შ… ამ და სხვა საკითხების მოგვარება “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირისათვის“ მიმდინარე წელს პრიორიტეტული იქნება.
(სტატია გამოქვეყნდა ციფრული ფორმატით გამომავალ გაზეთ “სოლიდარობის” იანვრის ნომერში)