ქართველი ხელოსნები ის ადამიანები არიან, რომლებსაც როგორც წესი ლაპარაკი ძალიან უყვართ და იმის გამო, რომ ამ ადამიანებს მოსაყოლი მართლაც ბევრი აქვთ, მათგან ხშირად მოისმენთ ისეთ ისტორიებს, რომლების სხვადასხვა ცნობილი ადამიანების სახლებში მუშაობისას თავს გადახდენიათ და მათგან იმის გაგებაც შეიძლება, ესა თუ ის ქართველი პოლიტიკოსი, როგორი ადამიანია ჩვეულებრივ ცხოვრებაში და როგორ ეპყრობიან მუშების დარ უბრალო ადამიანებს.
ნებისმიერ თბილისელ გამოცდილ ხელოსანს, რომ ჰკითხოთ უმუშავია თუ არა რომელიმე პოლიტიკოსის ბინაში, ძნელად იპოვით ისეთს, რომელსაც ერთხელ მაინც არ კეთილმოეწყოს ცნობილი ქართველების ბინა თუ აგარაკი. ქართველ ხელოსნებში პოლიტიკოსების მიმართ დადებითი და უარყოფითი შეხედულება სწორედ იმის შესაბამისად ყალიბდება როგორც ეს ადამიანები მუშებთან დამოკიდებულებისას იქცევიან. ყველა თბილისელმა ხელოსანმა კარგად იცის, თუ რომელი პოლიტიკოსია ძუნწი, რომელია ხელგაშლილი და ვინაა ”მკისრებელი”. მათი აზრით ქართველო პოლიტიკოსების დიდი უმრავლესიბა დიდი ქვაწვია და კაპრიზული ვინმეა. მუშებს განსაკუთრებით მათი კლიენტი ახალგაზრდა პოლიტიკოსები არ ახსენდებათ კარგად, თურმე ახალგაზრდა პოლიტიკოსები, როგორც წესი ძალიან ცუდი დამკვეთები არან და საქმეში ჩაუხედაობის მიუხედავად ხელოსნებს ბევრ უსაფუძვლო პრეტენზიებს უყენებენ.
მამუკა ჭკადუა. კაფელის ხელოსანი. ”ორი წლის წინ ერთი ყველასათვის ცნობილი მთავრობის წევრის აგარაკზე ვმუშაობდი, თავიდან არც კი ვიცოდით დამკვეთი ასეთი ცნობილი პოლიტიკოსი თუ იყო. ტელეფონზე ვიღაც ქალმა დამირეკა და იმან წამიყვვანა ამ სამუშაოზე. როცა გავიგე ვის სახლსაც ვაკეთებდი ძალიან გამიხარდა, რადგან მეგონა ცნობილი კაცია და არ იწუწურაქებს მეთქი, მაგრამ ძალიან შევცდი. საჭმელს მაგისი მოსამსახურეები დღეში მხოლოდ ერთხელ გვაჭმევდნენ და ყოველწამს ისე გვაჩქარებდნენ, თავი პლანტაციაში მომუშავე ზანგი მონა მეგონა. სახლის პატრონი ყოველდღე მოდიოდა და თითქმის არასდროს არაფერი არ მოსწონდა, ჩვენ ყოველთვის დიდი ახსნა გვჭირდებოდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი კარგად კეთდებოდა, მაგრამ სანამ უცხოურ კატალოგებში არ ვაჩვენებდი კაფელი ასე უნდა დაიგოს მეთქი, მანამდე არ მიჯერებდა. თვითონ საერთოდ ვერ ერკვეოდა ასეთ რამეებში და კაი მცოდნესავით სულ იმას დაგვძახოდა ევროპულად გააკეთეთ ევროპულადო, მუშები ჩუმად დავცინოდით ხოლმე, სადღაც გაეგო ეს ევროპული რემონტი და აზრზე არც იყო რას ნიშნავდა“.
ხელოსანი თუკი გამოცდილია და ბევრ სახლზე აქვს ნამუშევარი, იშვიათად შეიძლება იგი ბინის მდიდრულობამ და კეთილმოწყობილობამ, რომ გააკვირვოს. ხელოსნებს ის უფრო უკვირთ ცნობილ ქართველებს რატომ უნდათ მაინცა და მანიც ძვირიანი საშენი მასალებით და ააშენონ სახლი, მაშინ როდესაც შედარებით დაბალ ფასად არანაკლებლებ კარგად და გემოვნებიანად შეიძლება ბინის მოწყობა. ხელოსნები მსწრაფლივ ხვდებიან მათი დამკვეთი რამდენად ერკვევა სამშენებლო და დიზაინერულ ამბებში, მათივე თქმით ძალიან იშვიათია ისეთი ფულიანი ქართველი, რომელსაც წარმოდგენა აქვს როგორ უნდა მოაწყოს საკუთარი სახლი.
მევლუდ თევდორაძე მშენებელი. ”ის პოლიტოკოსი, რომლის სახლშიც მე ვმუშაობდი პოლიტიკოსზე მეტად მიზნესმენია და თვითონაც სულ იმას ამბობდა ხოლმე ფული ჩემი ბიზნესით ვიშოვნეო. არ ვიცი ასე იყო თუ არა, მაგრამ მთლიანად სახლი ორ მილიონზე მეტი, რომ დაუჯდა ეს კი ნაღდად ვიცი. ჩვენი ”ხაზეინი” როცა მოდიოდა და ჩვენს მუშაობას აკვირდებოდა თითქმის ყოველთვის მთვრალი იყო ხოლმე, ამიტომ ჩვენ საქმე უფრო მის ცოლთან გვქონდა და სამუშაოშიც ცოლი გვიხდიდა ხოლმე ფულს. კარგად მახსოვს ერთხელ უკვე მოღამებული იყო და მუშები სახლებში ვაპირებდით წასვლას, როდესაც ობიექტზე ჩვენი ”ხაზეინი” და მისი ძმაკაცები მოვიდნენ. ყველანი მაგარი მთვრალები იყვნენ და როგორც ჩანდა ქეიფის გაგრძელებას აპირებდნენ. მანქანებიდან ამოალაგეს ძალიან ბევრი საჭმელი, ღვინო, სამწვადე, მერე ჩვენ დაგვიძახეს და გვითხრეს სუფრის გაშლაში მოგვეხმარეთო. აბა ამაზე უარს როგორ ვეტყოდით, მითუმეტეს მოსულებიდან რამდენიმე ძალიან ცნობილი ხალხი ვიცანით. სუფრა გავშალეთ, მწვადები შევწვით, ამასობაში კი მოსულები ჩვენს აშენებულ სახლს ათვალიერებდნენ. სუფრაზე ყველანი ერთად დავსხედით და როგორც იტყვიან უგონოდ დავთვერით. უნდა გენახათ ის პოლიტიკოსები როგორ დათვრნენ და რა დღეში იყვნენ, ყველა ძმობას გვეფიცებოდა. მეორე დღეს კი როცა პახმელიის გამო მუშებმა დაიგვიანეს მშენებლობაზე მისვლა, ”ხაზეინის” ცოლმა ისეთ ამბავი დაგვაწია, თითქოს მაგის ქმარს აქეთ ჩვენ დავაძალეთ დალევა.”
მუშების აზრით თითქმის ყველა ცნობილ ადამიანს თავისი ხუშტურები აქვს. ზოგს გაკეთებული საქმე არ მოსწონს, ზოგი ფულის სრულად გადახდაზე ჭინჭყლობს. არიან ისეთებიც, რომლებიც ხელოსნებს სამუშაოს დასრულებამდე კარგად ექცევიან, ყველაფრის გაკეთების შემდეგ კი რაღაც მიზეზებს იგონებენ და ხელოსნებს ფულს აღარ უხდიან.
(სტატია გამოქვეყნდა ციფრულ ფორმატში გამომავალ გაზეთ “სოლიდარობის” დეკემბრის ნომერში)