2015 წლის 18 აპრილს საქართველოს პარლამენტის წევრის, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის, მალხაზ წერეთლის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს მუშა-მოსამსახურეთა პროფკავშირების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო შპს „ჯორჯიანმანგანეზში“ შექმნილი ვითარების მიმოხილვა, მუშათა პროფკავშირების საქმიანობისა და მომავალი გეგმების გაცნობა, ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული პრიორიტეტულ პრობლემებზე მსჯელობა. ყოველივე აქედან გამომდინარე საერთო ხედვებისა და სამოქმედო გზების ძიება.
მაჟორიტარმა დეპუტატმა, მალხაზ წერეთელმა მოკლე მიმოხილვა გააკეთა, მიმდინარე პროცესების შესახებ ჩვენს მუნიციპალიტეტში, მიმოიხილა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის 2013-2014 წლების ანგარიში, სადაც უმძიმესი დასკვნებია გაკეთებული ჭიათურის მუნიციპალიტეტში გარემოზე მიყენებული ზიანის თვალსაზრისით. სულ გარემოზე მიყენებული ზიანი ქვეყნის მაშტაბით შეადგენს 403 მილიონ ლარს, აქედან 89 % ანუ 458 მილიონი მოდის მხოლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტზე. მდგომარეობა საგანგაშოა, რომლის გაცნობიერება თითოეული ჭიათურელის ვალია. ეს კი ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას პრობლემათა მოგვარების გზაზე.
თავიანთი აზრი გამოთქვეს ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, შეფასებები მათი მხრიდან იყო მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. დეპუტატის აზრს, რომ შეიქმნას მთავრობის კომპლექსური კომისია პარლამენტის აქტიური ჩართულობით, მუნიციპალიტეტში მდგომარეობის შესწავლისა და შეფასების თვალსაზრისით, დამსწრე საზოგადოება დაეთანხმა. პროფკავშირების მხრიდან მომზადდება ერთობლივი წერილი პრემიერ მინისტრის სახელზე. იყო ასევე საუბარი მუშა-მოსამსახურეთა და მათი პროფკავშირების მხრიდან ზოგიერთი საკანონმდებლო წინადადების ინიცირებაზე პარლამენტში. მაჟორიტარი დეპუტატის, მალხაზ წერეთლის აზრით ასეთი შეხვედრები საჭიროა უფრო ხშირად გაიმართოს საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლთა აქტიური ჩართულობით.
შეხვედრაზე გაჟღერდა საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის ინიციატივა, რაც სასურველიც და საჭიროც არის აღნიშნულ ვითარებაში.
p.s. სამწუხაროა ის, რომ შეხვედრას ესწრებოდა შპს „ჯორჯიანმანგანეზი“-ს მუშა- მოსამსახურეთა სამი პროფკავშირიდან მხოლოდ ორი. მაშინ როცა აღნიშნული შეხვედრის შესახებ სამი დღის განმავლობაში, მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიდა ადგილობრივი ტელევიზია, ასევე დეპუტატის ბიუროს ჰქონდა კომუნიკაცია ამ პროფკავშირების წარმომადგენლებთან.