კერძო კომპანიებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება გახშირდა. პროცესი გაგრძელდება და წლის ბოლომდე ათასობით დასაქმებულს სამსახურიდან დაითხოვენ. პრობლემაა აბსოლუტურად ყველა სეგმენტში, მათ შორის ისეთ კომპანიებში, რომლებიც ყველაზე კარგ დამსაქმებლემად მიიჩნევიან. ეს ეხება როგორც სავაჭრო სექტორს, ასევე ბანკებს და ნავთობკომპანიებს, რომლებსაც პრობლემა აქციზის გადასახადის ზრდის გამო შეექმნათ. ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის მაია მელიქიძის განცხადებით, ბიზნეს-სექტორში შემცირება იგეგმება, რის ერთ-ერთი მიზეზი მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსია. ამიტომაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა უმუშევრობის პრობლემა იყო. “საკმაოდ ნეგატიური ტენდენციაა ამ მიმართულებით. მე მაქვს კომუნიკაცია ბიზნეს-სექტორის გარკვეულ წარმომადგენლებთან და მათი მხრიდან უკვე ისმის საუბრები იმის თაობაზე, რომ იგეგმება შემცირება. მე შეგნებულად არ დავასახელებ კომპანიებს, მაგრამ მათ შორის არიან წარმატებული კომპანიები”, – აღნიშნა მელიქიძემ. კითხვაზე, კომპანიებში კადრების შემცირების მიზეზი უკავშირდება თუ არა სავალუტო რყევებს, პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ კერძო სექტორი სხვა მიზეზს ასახელებს. “ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამის მიზეზი არის ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2.2% იყო წლიურად. ეს, თავის მხრივ, იწვევს, რომ საზოგადოება უფრო ნაკლებს მოიხმარს. ამიტომ საბაზრო ეკონომიკის ლოგიკის თანახმად, როცა ნაკლებს მოიხმარს და მოთხოვნა ნაკლებია, მიწოდებაც ნაკლებია. მიწოდებას კი ახორციელებს კერძო სექტორი და როცა მოთხოვნა ნაკლებია, პირველი დარტყმა მოდის კადრებზე”, – განმარტა მაია მელიქიძემ. დასაქმების ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება, რომ კერძო სექტორში საქმე თანდთან რთულდება. როგორც ჩანს, სახარბიელო მდგომარეობა ამ მხრივ არც წინა წლებში იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 2015 წელს კერძო სექტორის წილი მთლიან დასაქმებაში 84,6%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის მონაცემს ჩამორჩება. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 85,6% იყო (2016 წლის მონაცემი არ გამოქვეყნებულა). საპირისპირო ტენდენცია შეიმჩნევა სახელმწიფო სექტორში, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა მატულობს. კერძოდ, 2014 წლის მონაცემით, მთლიან დასაქმებაში საჯარო სექტორის წილი 14,4%-ს შეადგენდა, ხოლო 2015 წელს 15,4%-ით განისაზღვრა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2014 წელს ჯერ კიდევ არ იყო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. 2015 წელს, ფაქტობრივად, იგივე პრობლემა გვქონდა (ლარის გაუფასურების გამო), რაც 2016 წელს. შესაბამისად, ვითარება საგრძნობლად დამძიმდა. ასე რომ, შარშან ვითარება დასაქმების თვალსაზრისით კერძო სექტორში გაუარესებული იქნება. ბოლო თვეებში საკმაოდ ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს სავაჭრო სექტორში და ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2016 წლის ბოლო 3 თვეში სამსახური 4000-მა ადამიანმა დაკარგა. ჯერჯერობით უცნობია, აქედან რამდენი ადამიანი გათავისუფლდა კერძო სექტორიდან, თუმცა ფაქტია, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, რაც ამ სფეროში არსებული პრობლემიდანაც ჩანს. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის გოჩა ალექსანდრიას განცხადებით, უმუშევრობის ზრდა გამოწვეულია იმ ეკონომიკური პრობლემით, რაც ქვეყანაში. “ბოლო პერიოდში გახშირდა დათხოვნა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან. ეს არ არის დროებითი მოვლენა და მოსალოდნელია, რომ მომავალში უფრო ადამიანი დაკარგავს სამსახურს. ცხადია, ეს არ იქნება რამდენიმე ადამიანი, გადათავისუფლება საკმაოდ ბევრ ადამიანს შეეხება. ერთ-ერთი მაგალითია საწარმოო” აზოტი”, საიდანაც ამ დროისთვის 350 ადამიანია დათხოვნილი. პროტესტიდან გამომდინარე კომპანიამ დაახლოებით კიდევ 450 ადამიანის გათავისუფლება შეაჩერა, თუმცა საფრთხე კვლავაც არსებობს. კადრების შემცირებას ეკონომიკური მდგომარეობა იწვევს, რაც გარკვეულწილად, სავალუტო კურსსაც უკავშირდება. ყველაზე დიდი გავლენა მაინც აქციზის გადასახადის მატებამ მოახდინა. საგადასახადო კოდექსში ცვლილებამ ფასების ზრდა გამოიწვია, რაც შემდეგ მოხმარებაზეც ასიხა და კომპანიებს პრობლემა შეუქმნა. ექსპორტ-იმპორტში გვაქვს დისბალანსი და ესეც მძიმედ აისახება უმუშევრობაზე, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, სადაც ფართო მოხმარებაა. ეს არის როგორც სამეწარმეო დარგი, ასევე სავაჭრო სექტორი, სადაც ტოტალური დათხოვნებია”, – განმარტავს ალექსანდრია. მისი ვარაუდით, კომპანიებიდან თამაშრომლების გათავისუფლების პროცესი გაგრძელდება, რაც გარკვეულ გავლენას შრომით მიგრაციაზეც იქონიებს. ეს ტენდენცია უკვე იგრძნობა. “ძალიან ცუდი მდგომარეობაა, გამოსავალს, პრაქტიკულად, ვერ ვხედავ. დასაქმების მიმართულებით სახელმწიფოს პროგრამები ვერაფერს შველის, რომ უარყოფითი ტენდენცია უკეთესობისკენ შეცვალოს. შრომის ბაზარზე არ არის კარგი მდგომარეობა, რის გამოც ხალხი მასობრივად გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმების მიზნით. ისრაელთან ჩვენი ქვეყნის პრობლემა სწორედ ამ ფაქტორს უკავშირდება. ჩვენი მოქალაქეები გარბიინ იმის გამოც, რომ აქ მძიმე პირობებია. 2016 წელს სამუშაო ადგილზე 58 ადამიანი გარდაიცვალა, 2015 წელს მათი რიცხვი 42 იყო. საუბარია 40%-იან ზრდაზე, რაც არის კატასტროფა. ეს ხდება იმ ფონზე, როცა მთავრობა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებტან თავს იწონებს, რომ გამართული შრომის ინსპექცია გვყავს, რაც არ არის სიმართლე. იგი არ მუშაობს და გასაკვირი არ არის, რომ ადამიანებს გაქცევა უნდათ, რადგან მათ გამოსავალი მიგრაციაში წარმოუდგენიათ”, – აცხადებს ალექსანდრია და დასძენს, რომ სამსახურიდან დათხოვნის ფაქტები კიდევ უფრო გახშირდება. პროფკავშირებს ბანკებში წარმომადგენელი არ ჰყავს, ამიტომ ზუსტი ინფორმაცია არ გამოაჩნია, თუ რა ხდება საბანკო სექტორში. დაუდასტურებელი ინფორმაციით, იქაც საკადრო ცვლილებებია და გათავისუფლების პროცესი დაწყებულია. სავაჭრო სექტორს ამ მხრივ საკმაოდ მძლავრმა ტალღამ გადაურა და ჯერ კიდევ გრძელდება. რაც ზუსტად ვიცით, ბოლო 2-3 თვეში 4000-მდე ადამიანმა დაკარგა სამსახური. ეს არის სიგნალი, რაც გვაფიქრებინებს, რომ უმუშევრად მყოფი ადამიანების რაოდენობა მოიმატებს”, – დასძენს გოჩა ალექსანდრია.