„შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის შესახებ „ კანონპროექტი პარლამენტში ამ დრომდე არ არის შესული. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიას ინფორმაციით, ევროპასთან ასოცირების სამოქმედო გეგმაში წერია, რომ დოკუმენტი პარლამენტში მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში უნდა შესულიყო და დამტკიცებულიყო. მისივე თქმით, სამოქმედო გეგმის მიხედვით, წლის ბოლოდან „შრომის ინსპექცია” უნდა ამუშავდეს სრულფასოვნად, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსპექციას ექნება დაჯარიმების და ნებართვის გარეშე საწარმოს შემოწმების უფლება.
ამასთან, ალექსანდრია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ჰქონდათ კომუნიკაცია და დოკუმენტი პარლამენტში ჯერ გადაგზავნილი არ არის, თუმცა არსებობს დაპირება, რომ წლის ბოლომდე კანონპროეწტი წარდგენილი იქნება.
ალექსანდრიას განმარტებით , იმ შემთხვევაში თუ ვადები დაცული არ იქნება, შესაძლოა, ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილი თანხების გადმორიცხვა შეფერხდეს. იმ შემთხვევათი, თუ რეფორმა ბოლომდე არ განხორციელდება, ფინანსური ნაკადები გაუქმდება.
შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო . პროფკავშირებვის ინფორმაციით, კანონის მიღების შემდეგ საწარმოებში გაჩნდება ვალდებულება დაინერგოს თანამედროვე სტანდარტები, შრომის უსაფრთხოების წესები.
სახელმწიფომ შრომის ინსპექცია 2015 წლის თებერვალში შექმნა და ბიუჯეტიდან ამისთვის 4 მილიონი ლარიც გამოყო (2015 წელი). 2016 წელს კი ამ მიმართულებით 4 მილიონ 25 ათასი ლარია გამოყოფილი.შრომის ინსპექციამ ამოქმედებიდან დღემდე ჯამში 200 საწარმო შეამოწმა.
ავტორი: სალომე სოსელია