მიმდინარეობს საიტის განახლება

შრომის უსაფრთხოების დაცვისათვის აუცილებელია, კანონის აღსრულებაზე კონტროლი განხორციელდეს

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიურად დედამიწაზე რამდენიმე ათასი ადამიანი სხეულის დაზიანებას იღებს, 3 ათასამდე კი – იღუპება. მდგომარეობა სახარბიელო არც საქართველოშია, სადაც სამუშაო პროცესის დროს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. გაერთიანებული პროფკავშირების ცნობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე 202 ადამიანი დაიღუპა, მძიმე საწარმოო ტრავმა კი 447-მა ადამიანმა მიიღო. არაოფიციალურად კი, ეს რიცხვი, შესაძლოა, უფრო მეტიც იყოს, რადგან სამსახურის დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკას დღემდე არც ერთი უწყება არ აწარმოებს.

სავალალო სტატისტიკა

მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა და ზოგიერთი მუხლი დასაქმებულის სასარგებლოდ შეიცვალა, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, ისეთივე მძიმე სიტუაციაა, რაც მანამდე იყო. შსს-სა და პროფკავშირების ერთობლივი მონაცემებით 2010 წელს სამუშაოს შესრულებისას 168 ადამიანი დაშავდა, 21 კი – დაიღუპა, 2011 წელს დაშავდა 51 ადამიანი, 21 კი – გარდაიცვალა, 2012 წელს დაშავდა – 118, ხოლო გარდაიცვალა – 29. 2013 წელს სამსახურებრივი მოვალეობისას დაიღუპა 30 ადამიანი, 42 კი – დაშავდა. რაც შეეხება 2014 წელს, შარშან სამუშაო პროცესის დროს 41 ადამიანი გარდაიცვალა, 66 კი – დაშავდა.

2014-15 წლის ქრონიკა კი ასეთია: 2014 წლის 8 მაისს ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათისა და კედლების ჩამონგრევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი.

2014 წლის 2 ივნისს ბათუმში, რუსთაველისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, შპს “ტამ ჯეოს” მიერ მაღლივი კორპუსის მშენებლობაზე, ელექტროგაყვანილობის მონტაჟისას დაიღუპა ელექტროტექნიკოსი.

2014 წლის 17 ივნისს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ფოლადსადნობი საამქროს ოპერატორმა, სამსახურში ყოფნისას ელექტროტრავმა მიიღო. დაშავებული მეტალურგიული ქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

2014 წლის 3 ივლისს ბათუმში, ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში სამშენებლო კომპანია “აკმე ჯორჯიას” მაღლივი კორპუსის მშენებლობისას, გარე ფასადის მიშენების პროცესში ჩამოვარდა 45 წლის მშენებელი, რომელმაც მიიღო თავის ტვინის მძიმე ტრავმა.

2014 წლის 6 აგვისტოს, ჭიათურის, შუქრუთის მაღაროში, დენის დარტყმამ ელმავლის მემანქანის სიცოცხლე იმსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მემანქანე ტექნიკურ სამუშაოს ასრულებდა, რა დროსაც იგი ზურგით შეეხო სადენს და დენმა დაარტყა.

2014 წლის 13 ნოემბერს დაბა ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სარიტუალო დარბაზის მშენებლობისას დაიღუპა 47 წლის მამაკაცი, რომელსაც ბეტონის გადასატუმბი მოწყობილობა დაეცა.

2015 წლის 10 თებერვალს თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში მშენებარე კორპუსში სატვირთო ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად ორი მუშა დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ამ საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

2015 წლის 22 თებერვალს ტყიბულში საწარმოო პროცესის დროს მეშახტე დაიღუპა. იგი, სავარაუდოდ, მაღაროში მომხდარ ნგრევას ემსხვერპლა.

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უბედური შემთხვევებისა, რომელიც საქართველოში 2014 წელს და 2015 წლის თებერვალში დაფიქსირდა, ფაქტები კი უამრავია, რაზეც პროფკავშირების ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. როგორც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია აცხადებს, გამორიცხული არ არის, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა რეგისტრირებული.

“ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, მაგრამ ძალიან არამყარი, რადგან არავინ საქართველოში არ აკონტროლებს და არ აღრიცხავს სამუშაო დროს უბედურ შემთხვევებს. ერთადერთი ეს არის შსს-ს სტატისტიკა დანაშაულის შესახებ, ვინაიდან უბედური შემთხვევაც დანაშაულია. ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ ეს ციფრი რეალურად უფრო მეტიც იყოს”, – განაცხადა ალექსანდრიამ.

შრომის ინსპექციის შექმნა ისევ ჭიანურდება

იმისათვის, რომ ობიექტებზე უსაფრთხოების წესები მაქსიმალურ დონეზე იყოს, უნდა არსებობდეს ისეთი უწყება, რომელიც ამას გააკონტროლებს. 2006 წლამდე შრომის დაცვის ინსპექცია მუშაობდა, თუმცა შემდეგ, როდესაც “შრომის კოდექსში” ცვლილებები შევიდა, ეს სამსახური გაუქმდა. ინსპექციის აღდგენამდე კი, როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, “ობიექტებზე უსაფრთხოების წესები დაცული ვერ იქნება”.

პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის გოჩა ალექსანდრიას თქმით, ეკონომიკის სამინისტროში არსებობს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია, რომელიც მუშაობის ტექნიკურ პირობებს ამოწმებს. შრომითი რესურსების, სამუშაო პირობების შემოწმება კი მისი ფუნქცია არ არის.

“იმისათვის, რომ ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოება დაცული იყოს, აუცილებელია, კანონის აღსრულებაზე კონტროლი განხორციელდეს. შრომითი უსაფრთხოების კუთხით რამდენიმე საკანონმდებლო აქტი არსებობს. შეიძლება სრულყოფილი არც ერთი არ არის, მაგრამ ხომ არსებობს. პრობლემაა ისაა, რომ მათი ცხოვრებაში დანერგვა არ ხდება.

კანონების თუ ნორმატიული აქტების განმახორციელებელი უნდა იყოს შრომის სახელმწიფო ინსპექცია, რომელიც, თავის მხრივ, ზედამხედველობას გაუწევს შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს და ასევე გააკონტროლებს დასაქმებულების ფუნდამენტურ შრომით უფლებებს. ყველა ცივილურ სახელმწიფოში ასეთ კონტროლს შრომის ინსპექცია ახორციელებს და ასე უნდა მოხდეს აქაც. შრომითი ინსპექციის შექმნის ვალდებულება კი ქვეყანას როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკასთან აქვს აღებული”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ალექსანდრიამ.

შრომის ინსპექციის შექმნას მსხვილი ბიზნესი ეწინააღმდეგება, თითქოს იმ მოტივით, რომ შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვა ინვესტორებს დააფრთხობს.

“ბიზნესი ლობირებდა და ლობირებს, რომ შრომის ინსპექცია არ შეიქმნას. აქამდე ახერხებდნენ იმას, რომ მთავრობას ეს არ გაეკეთებინა, მაგრამ ახლა ხელისუფლებასაც ამოეწურა ლიმიტი და ნელ-ნელა იწყებს საქმის კეთებას. მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინათ პრემიერის დადგენილებით ჯანდაცვის სამინისტროში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეიქმნა.

მართალია, იგი ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზეა და მხოლოდ პრემიერის განკარგულებით, თუმცა ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია. იმედია, სახელმწიფო ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური მუშაობა, ხელფასის დროულად გაცემა და ა.შ”, – დასძინა ალექსანდრიამ.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინათ მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო პროგრამაც შექმნა, რომლის მიზანი შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციაა. შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით საწყის ეტაპზე მონიტორინგის ჯგუფი საწარმოს მხოლოდ მისივე მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმებს, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი, მითითებებითა და რეკომენდაციებით შემოიფარგლება. შესაბამისად, საწარმოებში შრომის უსაფრთხოების სავალდებულო ინსპექტირება არც წელს დაიწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის დეპარტამენტის უფროსის ელზა ჯგერენაიას განმარტებით, შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება, თუმცა ამ ეტაპზე სპეციალისტების არარსებობა ამის საშუალებას არ იძლევა.

“პროგრამა ითვალისწინებს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, მონიტორინგის ჩასატარებლად კადრების გადამზადებას, რის შემდეგაც შემოწმება სავალდებულო იქნება ყველასთვის. იქამდე კი მხოლოდ სასამართლოს გზით მოპოვებული ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი, კვალიფიციური ინსპექტორი შევიდეს და განახორციელოს ინსპექტირება საწარმოში”, – აღნიშნა ჯგერენაიამ.

პროგრამის პირველ ეტაპზე განისაზღვრება საკვალიფიკაციო ნუსხა, ანუ იმ სპეციალისტების ჩამონათვალი, რომლებიც შრომის ინსპექტორებად უნდა გადამზადდნენ. პროგრამის ბიუჯეტი 1 000 000 ლარია.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 1 მლნ 200 ათასი ადამიანი იღუპება, ყოველდღიურად კი მათი რიცხვი 3 ათასამდეა. საწარმოო ტრავმას ყოველწლიურად 250 ათასი ადამიანი იღებს, ხოლო 160 მილიონი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ავადდება.usafrTxoeba

წყარო: http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=24383 ელზა წიკლაური