ნებისმიერი ქვეყნის სოციალური დაცვის შინაარსს და მისადმი მიდგომებს განაპირობებენ შემდეგი ფაქტორები: ისტორია, ტრადიციები, ფასეულობათა სისტემა, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, სოციალური დაცვის სისტემის შინაარსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესაბამისად მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.
ზოგადად, სოციალური დაცვის სისტემები არ არის მიმართული ცხოვრების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. იგი გამიზნულია მხოლოდ გარანტირებული მინიმუმის შესაქმნელად. ცხოვრების მაღალი ხარისხი ინდივიდუალური ზრუნვის საგანია, რომლის პირობებსაც სახელმწიფო ქმნის. მაგალითად, საგადასახადო სტიმულებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობით და სხვ. სოციალური დაცვის სისტემის დანიშნულება კი ისაა, რომ შექმნას სოციალური რისკების მართვის მექანიზმები და დაიცვას მოსახლეობა სიღარიბისგან.
ხშირად, ტერმინები სოციალური უსაფრთხოება, მაშველი სოციალური ბადე და სოციალური დაცვა იხმარება სინონიმებად, როგორც ურთიერთშემცვლელი. სინამდვილეში, თავიანთი დატვირთვით ისინი იდენტურ ცნებებს არ წარმოადგენენ. ტერმინი «სოციალური უსაფრთხოება» იხმარება განვითარებულ ქვეყნებთან მიმართებაში და გულისხმობს საზოგადოების მიერ მისი წევრების სოციალური რისკებისაგან დაცვას სოლიდარობის მექანიზმის გამოყენებით.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სოციალურ რისკებად აღიარებულია:
• შრომისუუნარობა (დროებითი ან მუდმივი);
• სიბერე;
• მარჩენალის დაკარგვა;
• ჯანმრთელობის გაურესება/ავადმყოფობა;
• უმუშევრობა;
• საწარმოო ტრამვები/პროფესიული დაავადებები;
• შვილების გაზრდის ხარჯები;
• გაჭირვება (საარსებო მინიმუმის არ არსებობა, სიღარიბეში ჩავარდნის რისკი).
ყველა ზემოთჩამოთვლილი სოციალური რისკები შეგვიძლია დავყოთ ორ ძირითად ჯგუფად:
• შემოსავლის უქონლობა ეკონომიკური საქმიანობის შეუძლებლობის გამო(ანაზღაურებადი სამუშაოდან). ამის მიზეზი შეიძლება იყოს ასაკი, შრომისუუნარობა (დროებითი – ავადმყოფობის გამო ან მუდმივი – ინვალიდობის გამო), უმუშევრობა, მარჩენალის დაკარგვა;
• დამატებითი ხარჯების არსებობა. ეს შეიძლება იყოს ბავშვების აღზრდასთან, ასევე, სამედიცინო მომსახურების საჭიროებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები.
მაშველი სოციალური ბადე მოიაზრება, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიებების ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ემსახურება ადამიანების სიღარიბიდან ამოყვანას ან სიღარიბეში ჩავარდნისაგან დაცვას.
სოციალური დაცვა არის ფართო ცნება, რომელიც მოიცავს როგორც სოციალური უსაფრთხოების, ისე მაშველი სოციალური ბადის ღონისძიებებს.
სოციალური დაცვა მოიაზრება როგორც ყოვლისმომცველი ცნება, რომელიც თავის თავში აერთიანებს:
სოციალურ დაზღვევას;
სოციალურ დახმარებას;
შემწეობებს;
შეღავათებს;
სოციალურ სერვისებს;
ბავშვების (ოჯახების) განვითარებას.
სოციალური დაზღვევა არის იმ ღონისძიებათა ერთობლიობა (მექანიზმი), რომელიც მიმართულია გარკვეული რისკების სოლიდარობის (ანუ, რისკების გადანაწილების) პრინციპით უარყოფითი შედეგების შერბილებასა და კომპენსაციაზე, განურჩევლად იმისა, სახელმწიფო ახდენს დაფინანსებასა და ადმინისტრირებას, თუ კერძო სექტორი. სოციალური დაზღვევა ფინანსირდება სადაზღვევო შენატანებით.
სოციალური დახმარება მოიაზრება, როგორც საზოგადოებრივი რესურსების გადანაწილების სისტემა, რომელიც მიმართულია გაჭირვებაში მყოფი იმ ადამიანების (ოჯახების) ყოფის გაუმჯობესებაზე, რომლებსაც ემუქრებათ სიღარიბეში ყოფნა ან ჩავარდნა ამ ჩარევების გარეშე. სოციალური დახმარების ფულად სარგებელს უწოდებენ შემწეობას, ხოლო არაფულად სარგებელს – შეღავათებსა და სოციალურ სერვისს.
სიღარიბე – ადამიანის, ან ოჯახის ისეთი მდგომარეობა, რომელშიც ის მოკლებულია თავისი ძირითადი მოთხოვნილების (საკვები, თავშესაფარი, ფიზიკური უსაფრთხოება, საბაზო განათლებისა და პიროვნული ზრდის შესაძლებლობა, ჯანმრთელობა, კომუნიკაცია), დაკმაყოფილების შესაძლებლობას, უსახსრობის, ანდა, დაბალი შემოსავლის გამო.
საქართველოში არსებული სოციალური პრობლემები, და მათ შორის სიღარიბე, საერთო სოციალური მდგომარეობა და ცხოვრების დონე, მნიშვნელოვნად განისაზღვრება ქვეყანაში მოქმედი სოციალური სამსახურების ფუნქციონირების ეფექტიანობით.