მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის ღირებულების გაანგარიშების მეთოდი

საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული  ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ”

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის #111/ნ ბრძანების შესაბამისად. თავდაპირველად ხდება მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულების დათვლა საქართველოს 5 ქალაქის ფასების საფუძველზე, რომელიც მოწოდებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ფასების სამმართველოს მიერ. ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი. თითოეულ ქალაქში სასურსათო კალათის თითოეული პროდუქტისათვის ხდება საშუალო ფასის დადგენა. შემდეგ ეტაპზე ხორციელდება თითოეული პროდუქტისათვის საშუალო ფასის გაანგარიშება მთელი ქვეყნისათვის ზემოხსენებული 5 ქალაქის გასაშუალოებული ფასების შეწონილი საშუალოს დათვლით (წონებად გამოიყენება აღნიშნული 5 ქალაქის მოსახლეობა).

მიღებული ფასები წარმოადგენს თითოეული პროდუქტის საშუალო ფასს ქვეყნის დონეზე. შემდეგ ეტაპზე ხორციელდება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის სასურსათო კალათის თვიური შუალედური ღირებულების გაანგარიშება. სასურსათო კალათის თვიური შუალედური ღირებულება წარმოადგენს მასში შემავალი პროდუქტების თვიურ ღირებულებათა ჯამს.

სასურსათო კალათის თვიური შუალედური ღირებულება მრავლდება შევაჭრების კოეფიციენტზე, რომელიც გაანგარიშებულ იქნა ფასების სამმართველოს მიერ მოწოდებული სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასებისა და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევიდან მიღებული ანალოგიური მონაცემების შედარებით. აღნიშნული კოეფიციენტი შეადგენს 0.865. მიღებული რიცხვი წარმოადგენს მინიმალური სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის მოცემულ თვეში.

საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებლად მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება იყოფა 0.7-ზე (საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%-ით, შესაბამისად, არასასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 30%-ით). მიღებული რიცხვი წარმოადგენს მოცემულ თვეში საარსებო მინიმუმის ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის. საარსებო-მინიმუმი