პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
13 გვერდიანი დოკუმენტი მიზნად ისახავს დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების პროცესში დასაქმებულთა უფლებების დაცვას, დამსაქმებლების ცნობიერების ამაღლებას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას.
დოკუმენტი ეხება შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების შეგროვების, შენახვის, უსაფრთხოებისა და გასაჯაროების საკითხებს, სამუშაო ადგილას ვიდეოთვალთვალის, სამსახურებრივი ელ.ფოსტის კონტროლის, თითის ანაბეჭდის ან სხვა ბიომეტრული მონაცემების გამოყენების წესებს, დასაქმებულთა უფლებებს.
რეკომენდაციების თანახმად, დამსაქმებლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებისას დაცულ უნდა იქნას შემდეგი პრინციპები:
- სამართლიანობა და კანონიერება;
- ადამიანის უფლებების პატივისცემა;
- დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
- ადეკვატურობა და პროპორციულობა;
- დასაქმებულთა ინფორმირებულობა.
“დასაქმების პროცესში უნდა შეგროვდეს მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც აუცილებელია სასურველი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატის შესარჩევად. ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული პროფესიულ საქმიანობასთან, მაგალითად ჰობი, მეგობრების წრე, საყვარელი სპორტის სახეობა, შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ დასაქმებულის თანხმობის საფუძველზე, თუმცა არ უნდა გახდეს სამსახურში აყვანის, კარიერული საფეხურისა და ანაზღაურების ოდენობის განმსაზღვრელი ფაქტორი“ – აღნიშნავს ინსპექტორი თამარ ქალდანი.
დოკუმენტის თანახმად, დასაქმებულის შესახებ პერსონალური მონაცემების შეგროვება უნდა ხდებოდეს უშუალოდ მისგან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია პერსონალური მონაცემების შეგროვება მესამე პირისგან, დასაქმებულს უნდა ეცნობოს ამის შესახებ.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება, ხოლო განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა (პოლიტიკური და რელიგიური შეხედულება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა) დამუშავება უნდა ხდებოდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია შრომითი ვალდებულების შესრულებისათვის.
ინსპექტორი აღნიშნავს, რომ ეს საფუძველი არ უნდა განიმარტოს ფართოდ, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ კანონიერად და მიზნის ადეკვატურად, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩაითვლება დასაქმებულის პირად ცხოვრებაში ჩარევად.
რეკომენდაციები მომზადებულია საქართველოს კონსტიტუციის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების, ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.
დოკუმენტი განკუთვნილია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://personaldata.ge/publications/reccomendation