შრომა ქუჩაში, რახანია ახალი ფენომენი აღარ არის საქართველოში. სსრ კავშირში 1986, 1987, 1988 წლებში გახორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ინდივიდიალური შრომის ლეგალიზაცია, ფიქტიური სამუშაო ადგილების ლიკვიდაცია და კოოპერატივების მიერ დაქირავებული შრომის ფაქტობრივი გამოყენება გამოიწვია.
1989-1991 წლებში სსრ კავშირის ბიუროკრატიულ-მონოპოლისტურმა ეკონომიკამ სრული უმწეობა გამოავლინა ახალი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების მიმართ, სსრ კავშირი დაიშალა. საქართველომ 1992-1994 წლებში გადატრიალებების, ომების, ბანდიტური პრივატიზაციებისა და ტოტალური დეინდრუსტრიალიზაციის შედეგად იმდენად აბსოლუტური ეკონომიკური კრახი განიცადა, რომ 1995 წლის დამდეგს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 517 აშშ დოლარს შადგენდა და იგი 7 წლის წინანდელ მონაცემს თითქმის 6-ჯერ ჩამორჩებოდა.
ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური კატასტროფა დადგა, რომ ადამიანებს ელემენტარული არსებობისთვის, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ქუჩაში დადგომა მოუწიათ. ქუჩაში იყიდებოდა ყველაფერი: ოჯახიდან გამოტანილი ავეჯი, ჭურჭელი და ტექნიკა, პური, სურსათი და მედიკამენტებიც კი , საბჭოთა ორდენები და მედლები, წიგნები, გრამფირფიტები, სამხედრო თუ სამრეწველო უნიფორმა, ინდივიდიუალური დაცვის საშუალებები და ბევრი სხვა რამ.
ადამიანები ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგნენ, ისინი ვინც ადრე დაფასებული იყვნენ თავისი პროფესიით, ქუჩაში სიგარეტისა და ასანთის, ნავთისა და სანთლის გამყიდველის ადგილზე ოცნებობდნენ. ბაზარში კარტოფილისა და კომბოსტოს ქურდი პროფესორებიც კი არა ერთხელ დააკავეს, რესპუბლიკიდან მოსახლეობის გაქცევამ მასობრივი ხასიათი მიიღო. 1992 წელს ვაჭრობის თავისუფლება გამოცხადდა. ვაჭრობა კედლებიდან გამოვიდა ქუჩაში და სატრანსპორტო კვანძებთან (რკინიგზის სადგური, მეტროს სადგური, ავტოსადგური, აეროპორტი), გაცხოველებული მიმოსვლის საფეხმავლო ქუჩებზე გადაინაცვლა.
ქვეყნის ეკონომიკური გარდაქმნისა და პოლიტიკური ცვლილებების კვალდაკვალ ქუჩაში დასაქმებამაც სახე იცვალა. ადმინისტრირების გამკაცრებამ, განსაკუთრებით კი “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქუჩაში მედიკამენტებით ვაჭრობა გააქრო, სურსათ-სანოვაგეც თითქმის მაღაზიებში შევიდა, გაქრნენ ნავთისა და ბენზინის გამყიდველები, ელექტრენერგიის უწყვეტად მიწოდებამ ქუჩიდან სანთლის გამყიდველებიც განდევნა. თითქოს ბოლო უნდა მოღებოდა ქუჩაში დასაქმებას, მაგრამ მან მხოლოდ სახე იცვალა და ჯერ კიდევ 90-იანი წლების დამდეგს დაკავებული პოზიციები არ დათმო.
ქუჩაში დასაქმება დღეს პირველ ყოვლისა თვითდასაქმებაა. ეს დასაქმებაა ეკონომიკური ვითარების ასე თუ ისე სტაბილიზაციის პირობებში, როცა ბურჟუაზია როგორც კლასი შედგა, რომელსაც დასჭიდა მომსახურების ახალი ფორმები. ამ ფაქტორის გამო დღეს ერთ ერთი ყველაზე სტაბილური ქუჩის სამუშაო გახდა, ჟარგონული სიტყვის მატარებელი პროფესია “სტაიანშჩიკი“. გამთენიიდან გვიან ღამემდე ზამთარ- ზაფხულ, წვიმასა და ავდარშიც კი დგანან ქუჩაში “სტაიანშჩიკები“ და არეგულირებენ ტროტუარის მიმდებარედ ავტომობილების დგომას. მათი შემოსავალი ის ხურდა ფულია, ორმოცდათი თეთრიდან ერთ ლარამდე, რომელსაც მადლიერი მანქანის მეპატრონე რომ გაიმეტებს.
მონაკვეთებით დაყოფილ პროსპექტებსა და ქუჩებზე მდგომი “სტაიანშჩიკები“ ყოველდღიურად დგანან და ნახშიროჟანგით ჯერდება მათი ორგანიზმი. შემოსავალი კი მიზერულია – ათიდან მაქსიმუმ ოც ლარამდე თუ მოაგროვებენ ქუჩაში 12-13 სათიანი დგომით. რამდენიმე მათგანთან გასაუბრების შემდეგ საერთო სურათი გამოიკვეთა, საწარმოო- დაწესებულებების დაკეტვის შემდეგ, პროფესიის დკარგვა, დისკვალიფიკაცია, შემთხვევითი დასაქმებები და ბოლოს მაშველი რგოლი – ქუჩანში “სტაიანშიკის“ ადგილის შოვნა. ბევრი მათგანი მანქანის მეპატრონეებს ახალ “სერვისსაც“ სთავაზობს, ადგილზე ურეცხავს მანქანებს და ამით დიდ გულისწყრომას იწვევს ავტოსამრეცხაოების მფლობელებში.
ავტოსამრეცხაოებიც ახალი სტაბილიზიებული ეკონომიკის თანამდევნი არიან. აქაც შრომა არანორმირებულია და ზეგანაკვეთური. თითქმის თორმეტი საათი დღეში ან სადღეღამისო მორიგეობა და თითო გარეცხილ მანქანაში სამი ლარი. მართალია ავტომობილის მრეცხავი თვითდასაქმებული არაა, მაგრამ დამსაქმებელი არანაირად არ ცდილობს მისი შრომის ჰუმანიზაციას. როგორც “სტაიანშჩიკი“, ასევე ავტომანქანის მრეცხავი, როგორც წესი ორმოც წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელსაც დაკარგული აქვს პერსპექტივა შეიძინოს ახალი პროფესია.
ქუჩაში დგანან ყვავილების გამყიდველებიც, რომელთათვის ეს საქმინაობა ასე თუ ისე შემოსავლის მომტანია, საერო და საეკლესიო დღესასწაულების დროს თუმც გადასახადები ადგილზე დგომისთვის (ხშირად სამასი და მეტი ლარი) მათთვის ძალიან მძიმეა და შედეგად სურვილი ყვავიილებით ვაჭრობიდან წასვლისა კი დიდზე დიდი.
მაღაზიებთან და სუპერმარკეტებთან უკვე ხშირად შეხვდებით კედლებთან მიმდგარ დახლებს, საიდანაც ხილი და ბოსტნეული იყიდება აქ უკვე სხვა სურათია, ბევრი მათგანი ვინც ასე ღია ცის ქვეს ყიდის ყვავილსა და ხილ- ბოსტნეულს ნასტუდენტარია. ზოგ მათგანს დამთავრებულიც კი აქვს უმაღლესი, მაგრამ საკუთარი სპეციალობით სამუშაო ადგილი ვერ მოძებნა და ცხოვრების სახსარი ყვავილებისა და ხილ-ბოსრტნეულის ქუჩაში გაყიდვით მოიძია. აქაც ძირითადად კვლავ მამაკაცები არიან, უფრო ოცდაათ წელს გადაცილებულნი, მაგრამ არიან ქალებიც. მათი თვიური შემოსავალი 250 ლარს არ აღემატება. მათ შორის არის განსაკუთრებული კატეგორია “პარტიზანი“ ხილ-ბოსტნეულის გამყიდველებისა, რომლებიც ქუჩაში ყიდიან პატარა დახლებზე ბანანს, ყურძენს , ვაშლს ან მსხალს და მუდმივად დევნის ქვეშ არიან ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, ესენი ძირითადად ქალაქების მიმდებარე სოფლებიდან ჩამოსული ქალები არიან ან დაკეტილი ფაბრიკა- ქარხნების ყოფილი მუშები. მათ ხშირად აჯარიმებენ ოცი ლარით, მაგრამ თუ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი უშუალოდ არ დგას მათ სავაჭრო ტერიტორიაზე, ისინი კვლავ რისკავენ დაიკავონ ეს პოზიცია.
ქუჩაში სტენდზე ჟურნალ- გაზეთები, როგორც დედაქალაქის, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქების განუყრელი ატრიბუტი გახდა. პირველი ასეთი საგაზეთო ვაჭრობა ღია ცის ქვეშ საჯაროობის დადგომასთან ერთად გაჩნდა და ქუჩაში ანტისაბჭოთა გამოცემების ნახევრად ლეგალურად (მილიცია თვალის არიდებდა პრესის ამ რეალიზატორებს). 90-იან წლებში ჟურნალ-გაზეთები ქუჩაში სტენდებზეც იყიდებოდა და ჯიხურებშიც. წინა ხელისუფლების დროს იყო მცდელობა ჟურნალ- გაზეთების რეალიზაცია მონოპოლიზებული ყოფილიყო. ათწლეულების განმავლობაში მოქმედი საგაზეთო ჯიხურები ტოტალურად აღებულ იქნა და მათი ადგილი ახალმა ლითონის ჯიხურებმა დაიკავა, მაგრამ მათ მყიდველი არ მიეკარა. იმის გამო, რომ მკითხველიც და ჟურნალ- გაზეთების მესვეურებიც ნათლად ხვდებოდნენ, რომ ამ ახალი ლითონის ჯიხურების უკან რეჟიმის სასურველი ფაქტობრივი ცენზურა იმზირებოდა. ჟურნალ- გაზეთების გამყიდველები ძირითადად ასევე ყოფილი ინტელიგენტური პროფესიის ადამინები არიან, ისინი ძირითადად წყვილად მუშაობენ და მათი თვიური შემოსავალი ორას ლარს იშვიათად თუ აღემატება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ მათი სტენდი სატრანსპორტო კვანძებთან (რკინიგზის სადგური, მეტროს სადგური, ავტოსადგური, აეროპორტი) და გაცხოველებული მიმოსვლის საფეხმავლო ქუჩებზეა განლაგებული.
ქუჩაში დგანან სარეკლამო აგენტები, რომლებიც დღეში 12 საათი გამვლელ გამოვლელებს სარეკლამო ბუკლეტებსა ფლაერებს ურიგებენ, სულ რაღაც ათი ლარის საფასურად. აქ ძირითადად ახალგაზრდობაა 20-დან 30 წლამდე ასაკის, მათ შორის ძალინ ბევრია გოგონა, რომელიც დარშიც და ავდარსიც ღია ცისქვეშ იმყოფება.
რთული და სახიფათოა ქუჩაში შრომა, ადამიანი აქ მუდმივად რისკის ქვეშაა, იგი შეიძლება კრიმინალის მსხვერპლიც შეიქმნეს, დღისით და ღამით შიშველ ასფალტზე დგომა და ავტომობილების გამონაბოლქვის სუნთქვა, მაღალი სიცხე და სიცივე განსაკუთრებით ანგრევს მათ ჯანმთელობას. რაშია მათი საშველი? როგორც ყოველთვის აღმართს ძალა ხნავს და გამოსავალი მათაც სოციალურ ორგანიზაციასა და კოორდინაციაში უნდა ეძებონ. ამ ადამიანების ადგილი პროფკავშირშია – გაერთიანებაში, რომელსაც ერთადერთს შეუძლია მათი გაფანტული ენერგიის შეკვრა და მათივე სასიცოცხლო ინტერესების სასარგებლოდ წარმართვა.