მიმდინარეობს საიტის განახლება

შრომა საჭესთან

ტაქსით მომსახურებას საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს. მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან ტაქსმა ჯერ თბილისში და შემდეგ უკვე მთელ საქართველოში მყარად მოიკიდა ფეხი. ქალაქების აღმასრულებელ კომიტეტებთან შეიქმნა მსუბუქი საავტომობილო ტრანსპორტის სამმართველოები.

გარდაქმნის პოლიტიკამ ცვლილებები შეიტანა ტაქსით მომსახურების სფეროშიც. 1986 წელს უკვე კანონის საფუძველზე შესაძლებელი გახდა საკუთარი მსუბუქი ავტომობილით ლეგალურად მოქალაქეთა მომსახურება. 1987 წელს კანონმა “სახელმწიფო საწარმოს (გაერთიანების) შესახებ“ ქალაქების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული მსუბუქი საავტომობილო ტრანსპორტის სამმართველოები სახელმწიფო საწარმოო გაერთიანებებად გარდაქმნა. მათ მიეცათ საშუალება თავად მოეხდინათ ფიქტიური სამუშაო ადგილების ლიკვიდაცია, დამოუკიდებლად განეკარგათ საწარმოო ფონდები, მოეხდინათ გაერთიანებაში შრომის თვითორგანიზაცია, სოციალური განვითარების ფონდი გამოეყენებინათ ხელფასების ზრდისთვის, მათთვის სახელმწიფო გეგმა ჩანაცვლდა სახელმწიფო დაკვეთით.  სახელმწიფო საწარმოო გაერთიანებები ტაქსისტს გეგმური ნორმის ყოველი მანეთიდან 19 კაპიკს, ხოლო ზეგეგმურ მანეთზე 55 კაპიკს უხდიდა, ამ ცვლილებების შედეგად ტაქსისტის ხელფასი 250-300 მანეთამდე გაზარდა. გარდაქმნებმა ყველა საკითხი ვერ მოაგვარა, სახელმწიფო საწარმოო გაერთიანებებს პრობლემებიც ჰქონდათ: ტაქსოპარკების ტერიტორიები გადატვირთული იყო, განსაკუთრებით კი ვადაგასული ავტომობილებით ( მათი გარბენის მანძილი 400 ათას კილომეტრს აღემატებოდა), ცენტრალიზებული მომარაგება გაქრა, ხოლო საფონდო საბითუმო ვაჭრობა კი არ უზრუნველყოფდა მოთხოვნილებას ახალ მანქანებზე, რემონტისთვის საჭირო სათადარიგო მასალებზე. სიახლეს ერთი მნიშვნელოვანი სიკეთეც ახლდა, გაქრა უაზრო ქაღალთმთხზველობა, ქაღალდმთხზველთა ფიქტიური სამუშაო ადგილები.

საქართველოში1992-2003 წლებში ტაქსისტის პროფესია სიცოცხლისთვის უაღრესად სარისკო პროფესიად იქცა. ეს წლები ტაქსით მომსახურების კატასტროფული დაცემის წლებია.

დღეს ტაქსი ავტომობილების თითქმის 80% კვლავ კერძო ტაქსისტის საკუთრებაა. კერძო ტაქსისტებმა ავტომობილები ტოტალურად გაზზე გადაიყვანეს. ამ სიახლემ მათ საშუალება მისცა კონურენცია გაეწიათ ფირმებისთვის, ასევე მათი ერთ-ერთი გზა ხნისა გახდა ფასები, რაც მართალია მცირე მაგრამ მაინც მათი უპირატესობაა. დღეს კერძო ტაქსისტის შემოსავალი დაახლოებით 300-400 ლარამდე მერყეობს. მართალია ისინი გამოდევნეს ისეთი რენტაბელური ადგილებიდან, როგორიც არის მაგალითად აეროპორტები, სასტუმროები, მაგრამ კერძო ტაქსისტებმა თანამედროვე კავშირგაბმულობის საშუალებით მოახერხეს საკუთარი პერმანენტული მომხმარებლების წრეების ფორმირება.

საქართველოში კერძო ტაქსისტი ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ბოლო და საიმედო მაშველია. ათასობით მაგალითის მოყვანა შეიძლება როცა ტაქსისტს გულმავიწყი მგზავრისთვის დაუბრუნებია მანქანაში დარჩენილი დოკუმენტები, ძვირფასეულობა, ფული და ბავშვიც კი. ხშირად ყოფილა რომ ცუდად მყოფი, ქუჩაში უპატრონოდ მწოლიარე ადამიანი ტაქსისტს საავადმყოფოში მიუყვანია და არანაირ ანაზღაურებაზე არც კი უფიქრია. ბევრჯერ ჭარმაგი ტაქის მძღოლს ქუჩაში მოჩხუბარნი მამა-შვილური სიტყვით დაუშოშმინებია, დაჩაგრულისთვის დახმარების ხელი გაუწვდენია, მართალი სიტყვით დეპრესიაში მყოფი ადამიანისთვის ცხოვრების ახალი გზისკენ მიუთითებია.

ტაქსის მძღოლები ჩვენი საზოგადოების მუყაითი მშრომელები არიან, დღისითაც და ღამითაც, დარშიც და ავდარშიც ტაქსისტის შრომა შეუცვლელია. მათი მანქანიდან მომავალი სინათლის სხივი კი ის იმედის სხივია, რომელიც ადამიანებს მომავლის გზას უნათებს.

დავით არაბიძეtaxi