მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შრომა და დღესასწაულები

საზეიმო დღეებში, როცა ყველა თავისი კულტურული მოთხოვნილებისა და მატერიალური შესაძლებლობის შესაბამისად ცდილობს ფეხი აუწყოს საზოგადოების ხალისსა და სიხარულს, არის პროფესიები და არიან ადამიანები, ვინც ამ საზეიმო დღეებშიც დაუზარლად და ერთგულად ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას, ემსახურებიან ადამიანებს და მოზეიმე საზოგადოებას. ასე იყო ამ ახალი 2015 წლის სადღესასწაულო დღეებში და ასეა ყოველთვის.

საქართველო სახელმწიფოა და როგორც ყველა სახელმწიფოს საკუთარი საზღვრები გააჩნია. საზღვარი სამართლებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური კატეგორიაა და მას უწყვეტი დაცვა ესაჭიროება. სახელმწიფო საზღვრის დაცვა შრომაა, სადღეღამისო შრომა და ამ რთულ და საპასუხისმგებლო შრომას ეწევა სასაზღვრო პოლიცია და საბაჟო სამსახური. მათ შრომით თავდადებაზე, სიფხიზლესა და ერთგულებაზეა დამოკიდებული საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, მთელი ქვეყნის უსაფრთხოება.

სამწუხაროდ საქართველო იმ სახელმწიფოთა რიგს არ მიეკუთვნება, რომელთაც დასაცავი აქვთ მხოლოდ მშვიდობიანი სახელმწიფო საზღვარი. დღეს საქართველოს ორი რეგიონი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ყოფილი სამხრეთი-ოსეთის ავტონომიური ოლქი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულია და საქართველოს ამ რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრები ქვეყნის სხვა რეგიონებთან საოკუპაციო ზოლია. რუსული საოკუპაციო ზოლიდან მომდინარე უწყვეტი საფრთხის აღსაკვეთად სადღეღამისო გუშაგის შრომას ეწევიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები. მათი მხედრული შრომა ყოველწუთიერად არის დაკავშირებული ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკთან. მხედრული შრომა ნებისმიერ ამინდში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საფრთხისგან დამოუკიდებლად – ასეთია საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა რთული და საპასუხისმგებლო სამუშაო ოკუპაციის ზოლთან. ზეიმის დღეებში მათი მხედრული შრომა ორმაგდება კიდეც.

სადაგ და საზეიმო დღეებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია. სულ მცირე ინცინდენტსაც კი შეუძლია საჯარო სივრცეში მოზეიმე ათასობით ადამიანს საფრთხე შეუქმნას, გამოიწვიოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანება და მათ სიცოცხლეს მოსპობით დაემუქროს. უწესრიგობამ შეიძლება ზეიმი დიდ მატერიალურ დანაკარგადაც აქციოს და დიდხანს დაუკარგოს საზოგადოებას ხალისისა და სიხარულის განწყობა. ზუსტად ამ საზეიმო განწყობის შენარჩუნებას ემსახურება პოლიციელთა ის შრომა, რომელიც  საზოგადოებრივი მართლწესრიგის დასაცავად რომ იხარჯება.

სხვადასხვა ეკონომიკური, სატრანსპორტო, საჯარო თუ საზოგადებრივი ობიექტები როგორც სადაგ, ასევე საზეიმო დღეებში გამართულად უნდა ფუნქციონირებდნენ, ეს კი ბევრ წილად დამოკიდებულია მათ დაცულობაზე. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, დაცვის პოლიცია, დაცვის სხვადასხვა კომერციული სამსახურები ზეიმის დღეებშიც უწყვეტად შრომობენ, ასრულებენ პროფესიულ მოვალეობებს. მათი ეს შრომა ხელს უწყობს საზოგადოებას, ადამიანებს შეუფერხებლად ისარგებლონ ზეიმისთვის საჭირო ყველა ობიექტით, იქნება ეს საკომუნიკაციო საშუალებები, თუ საზოგადოებრივი კვების ობიექტები.

ცხოვრებაში მოძრაობა უწყვეტია, უწყვეტია ადამიანების მოძრაობაც. დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ და დროულად მისვლა საზეიმო განწყობას ერთიორად   ამაღლებს. გემი, თვითმფრინავი, ვერტმფრენი, რკინიგზა, მეტროპოლიტენი, ავტობუსი, მიკროავტობუსი, ტაქსი მხოლოდ უსიცოცხლო რკინაა. ყველა ამ სატრანსპორტო საშუალებას ადამიანები ამუშავებენ და იმ წუთებშიც კი როცა ყველა საზეიმო სუფრასთან აღნიშნავს ახალი წლის დადგომას, ტრანსპორტის ეს დაუღალავი მშრომელები უწყვეტ მუშაობაში არიან და ადამიანებს მათთვის საჭირო დროს სწრაფად აახლოებენ მათთვის საჭირო ადგილთან, მათ მომლოდინე ადამიანებთან. ტრანსპორტელთა შრომა ზეიმის დღეებში მრავალგზის მნიშვნელოვანი ხდება.

წარმოების სფეროში, განსაკუთრებით კი მეტალურგიაში, სამთამადნო მოპოვებასა და კავშირგაბმულობაში ძალიან ხშირია უწყვეტი ციკლები. ამ ციკლების უდროო შეწყვეტამ შეუძლია დიდი მატერიალური ზარალი მისცეს წარმოებას და მანამდე გაწეული ადამიანების შრომა “წყალში ჩაყრილად” აქციოს. ზეიმისა და ხალისის წუთებშიც კი უწყვეტი ციკლის ფუნქციონირება ვერ შეწყდება და ის გამრჯე ადამიანების დამსახურებით არ წყდება კიდეც, რაც საზოგადოებას, თითოეულ ადამიანს აძლევს მყარ მატერიალურ ბაზას შემდგომი განვითარებისა და ამ განვითარების საფუძველზე მშვიდი გულით ხალისისა და ზეიმისა. განა საზეიმოდ ექნებათ საქმე ადამიანებს, რომელთაც შეუწყდათ ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდება, გაეთიშათ კავშირგაბმულობა, ტელევიზია და რადიო. ასეთ პირობებში ადამიანების სიხარული მყისიერად იმედგაცრუებით შეიცვლებოდა. ყველა ის მშრომელი ვინც ზეიმის წუთებშიც კი დაძაბულად შრომობს, რომ საზოგადოების ცხოვრების და ზეიმის დღეებში, ხალისის ეს უცილობელი საშუალებები უწყვეტად იყოს მოზეიმე საზოგადოების სამსახურში, მართლაც მუყაითი მშრომელი და პროფესიონალია.

წინა საახალწლო დღეები ადამიანებისთვის ბევრ საზრუნავთან არის დაკავშირებული: შესაძენია სურსათ-სანოვაგე, სასმელი, საჩუქრები, ასევე ჩვენში ასე პოპულარული ფეირვერკისთვის საჭირო საშუალებები. სუპერმარკეტებსა და ბაზრობებზე დასაქმებული ადამიანები ხშირად სადღეღამისოდაც კი მუშაობენ, ღია ცის ქვეშ, ცივ ამინდშიც, მაშინაც კი როცა ბევრი ხელდატვირთული შინისკენ მიეშურება, ამ მშრომელ ადამიანებს ღია ცის ქვეშ გაშლილ დახლებთან უწევთ დგომა და დაგვიანებული მუშტრის ლოდინი. მაგრამ ხომ ნათელია რომ მათი შრომის გარეშე ვერანაირი ზეიმი ვერ შედგებოდა.

ვისაც საკუთარი ავტომობილი გააჩნია კარგად იცის, თუ რა მნიშვნელობა გააჩნია ენერგომატარებელს. ყველაზე საზეიმო წუთსაც კი როცა სუფრის წევრები გულისყურით უსმენენ თამადის სადღეგრძელოს – არიან ბენზინისა და გაზის გასამართი სადგურების მუშაკები, მაგალითისთვის “სოკარი”-ც იკმარებს, რომელნიც ასევე ფეხზე მდგომები ეგებებიან ამ ახალი წლის დადგომის საზეიმო წუთს, მაგრამ ლხინის სუფრასთან მდგომებისა, თუ თუნდაც სადღეღამისო სუპერმარკეტის მუშაკებისაგან განსხვავებით, “სოკარი”-ს მიერ დასაქმებული ენერგოგასამართი სადგურების მუშაკები ერთი წუთითაც კი ვერ ჩამოჯდებიან, რადგან სამუშაო ადგილზე მათთვის სკამი არ არსებობს. ასე უწყვეტად, დღისით და ღამით, საზეიმო თუ სადაგ დღეებში  “სოკარი”-ს ეს მუშაკები დგანან და ელიან მათდამი ადამიანურ დამოკიდებულებას, მათი ჯანმრთელობისთვის ასე სახიფათო, რაციონალურ შინაარსს მოკლებული, მხოლოდ დამსაქმებლის მიერ გამოგონილი კაპრიზის დასრულებას, თუნდაც ამ ახალ 2015 წელს მათში ადამიანების და არა უსიცოცხლო რობოტების დანახვას.

საზეიმო დღეები ხშირად საგანგებო სიტუაციებითაც არის გაჯერებული. ფეირვერკის უსაფრთხოების წესების დარღვევა, ელექტრო ან გაზ გაყვანილობის დაზიანება, ზოგჯერ ბუნების სტიქიაც საზეიმო დღეს მართლაც განსაკუთრებულად აქცევს. ამ ვითარებაში შეუცვლელნი არიან მეხანძრე-მაშველები. სიმაღლე, სივრცე, წყალი და ცეცხლი, აირი და მიწა, ვერავითარი დაბრკოლება ვერ აჩერებს  ამ მართლაც გულად მშრომელებს, რომლებიც მივლენ ყველგან, ავლენ ყველგან, ჩავლენ ყველგან და განსაცდელში მყოფ ადამიანს, ხშირად ცხოველსაც კი გადაარჩენენ.

ადამიანთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის სადარაჯოზე დგას სასწრაფო-სამედიცინო სამსახური. მათი სწრაფი და კომპეტენტური ჩარევა ხშირად არის ის ერთად-ერთი მაშველი რგოლი, რომელსაც ადამიანი ამ ქვეყნიერების ნაპირისკენ გამოუყვანია. ჰიპოკრატეს ფიცის ერთგული თეთრი ხალათები მრავალი წელია, რაც ყველაზე საზეიმო წუთებშიც კი განსაცდელში მყოფი ადამიანების სამსახურსი იმყოფებიან. ისინი ადამიანთა ბოლო იმედს არ აცრუებენ. მედიცინის მუშაკები დაუზარლად შრომობენ ადამიანის ხალისისა და ზეიმისათვის, მისი სათანადო ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად როგორც სადაგ, ასევე საზეიმო დღეებში.

ზეიმი ყველგან და განსაკუთრებით საქართველოში, საზეიმო სუფრის გარეშე არ არსებობს. ფინანსური შესაძლებლობების უკიდურესი დაძაბვის ხარჯზეც კი ყველა ცდილობს ხვავიანი სუფრით შეხვდეს დამდეგ ახალ წელს. ამ სუფრის მომზადება და გაწყობა კი დიასახლისთა, მანდილოსანთა კულინარიულ ხელოვნებას და შრომის მოყვარეობას ეფუძნება. მათი მართლაც დიდი ოსტატობა და შრომითი გმირობა, ხშირად მოკრძალებული ბიუჯეტითაც კი ქმნის ხვავრიელ, საზეიმო სუფრას, რითაც მრავალგზის ლამაზდება და ხალისდება ზეიმი, ახალი წლის შემოსვლის სიხარული.

ზეიმი და შრომა განუყრელია, მათი ერთობა ქმნის ადამიანისა და საზოგადოების შინაარსიან, ხალისიან, მომავლის იმედით აღსავსე ცხოვრებას. სხვადასხვა პროფესიის, დაუღალავი მშრომელთა საერთო წვლილი, შრომის ერთიანი კრებული ქმნიდა, ქმნის და მომავალშიც შექმნის გულწრფელი ზეიმის საფუძველს და მუყაითი მშრომელები დამსახურებულად იზეიმებენ კიდეც.

დავით არაბიძეsascrafo