მიმდინარეობს საიტის განახლება

შვებულებას მყარი გარანტიები

8614304სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

საქართველოში მოქმედი შრომითი კანონმდებლობის პირობებში ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი თავის გადაწყვეტის ძიებაშია. ეს გადაწყვეტილება უცილობლად სოციალურად პროგრესული გადაწყვეტილება უნდა იყოს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება.

2013 წელს საქართველოს შრომის კოდექსში ზოგიერთ მუხლში ცვლილება განხორციელდა, რომელმაც ერთგვარად გამოასწორა ის უკიდურესობები, რაც ამ კოდექს ახასიათებდა მისი მიღების დღიდან, როდესაც დასაქმებულები დისკრიმინირებულ პირობებში იყვნენ ჩაყენებულები. ვითარება ამის შემდეგ არ შეცვლილა. უკვე დიდი ხანია რაც ქვეყანაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რატიფიცირებული კონვენციების რიცხვი სტაბილურად არის გაყინული 16-ზე. ასევე შეწყვეტილია ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული) რატიფიცირების დასრულების პროცესი.

მოქმედი შრომის კოდექსის 21-ე მუხლი დასაქმებულს უფლებას აძლევს ყოველწლიურად ისარგებლოს 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით, მაგრამ იმავე მუხლის მე-3 ნაწილი აძლევს დამსაქმებელს შესაძლებლობას დასაქმებული დაითანხმოს განსხვავებულ პირობებსა და ვადებზე. თუ გავითვალისწინებთ დასაქმებულის დაქვემდებარებულ პოზიციაში ყოფნას, ეს ნორმა მას ადვილად მოწყვლად ვითარებაში აყენებს. შრომით სამართალში არსებული ასეთი კოლიზიიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება დასაქმებულის თავისუფალი ნების დასაცავად მისთვის შეთავაზებული ფინანსური სარგებლის გაზრდა ორჯერ და მეტადაც, ვიდრე არის მისი ყოველთვიური ანაზღაურება

ევროპის კავშირთან საქართველოს ასოცირება სახელმწიფოსთვის სტიმული უნდა გახდეს, რათა დასაქმებულთა ყოველწლიური ფასიანი შვებულების სტანდარტები ამაღლდეს. მაგალითისთვის შეიძლება ისეთი ქვეყნების შვებულებათა სისტემა იქნეს აღებული, როგორიც არიან საფრანგეთი, ესპანეთი ან ნიდერლანდები.

საფრანგეთის რესპუბლიკის შრომის კოდექსისა და ესპანეთის სამეფოს შრომის სამართლის შესახებ კანონის შესაბამისად დასაქმებულის მინიმალური ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღეა, ხოლო 6 დღიანი სამუშაო კვირის პირობებში კი არანაკლებ 35 კალენდარული დღე.

ნიდერლანდების სამეფოში დასაქმებულის ყოველწლიური ანაზრაურებადი შვებულების ათვლა ხდება ყოველკვირეული სამუშაო საათებიდან და საშუალოდ შრომითი საათების ოთხმაგ ოდენობას ანუ 28 კალენდარულ დღეს შეადგენს. ამის გარდა ნიდერლანდების სამეფოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დასაქმებულს უფლება აქვს ყოველი წლის მაისსა და სექტემბერში დაისვენოს არა ნაკლებ 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

შვებულება ნამდვილად არ არის დაფინანსებული უსაქმურობა, რადგან მეცნიერულად დამტკიცებულია რომ დასვენების გარეშე შეუძლებელია შრომის უნარის აღდგენა და ადამიანში სიცოცხლის ხალისის განვითარება. საზოგადოებრივი განვითარება თავად მოითხოვს შვებულების ღირსეულ სტანდარტებს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან სოციალური პარტნიორობის პრინციპის შესაბამის თანამშრომლობით სახელმწიფოსა და დამსაქმებლებს შეუძლიათ ამ მხრივ კარგი სამუშაო პლატფორმის ფორმირება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირების პროცესის აღდგენა და ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული) რატიფიცირების დასრულება ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯები იქნება და საქართველოს პარლამენტმა დროა აჩვენოს რომ ევროპული სტანდარტების შესაბამისი შვებულება ჩვენს ქვეყანაში განუსაზღვრელი პერსპექტივა არ არის. საქართველოში დასაქმებულები ნამდვილად უნდა სარგებლობდნენ ღირსეული შვებულებით.

shromis-kodeqsi-parlament