მიმდინარეობს საიტის განახლება

შეხვედრა ვანელ პედაგოგებთან

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვანის რაიონული ორგანიზაციის აღდგენის მიზნით, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე პედაგოგებს შეხვდა. 

შეხვედრა  გაიმართა სპმთპ-ის მიერ გაწეული საქმიანობის, სამომავლო გეგმების, განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებისა და სპმთპ-ის ჩართულობის შესახებ ინფორმაციის გაცნობის მიზნით.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა პედაგოგებს გააცნო ორგანიზაციის ორწლიანი კრიზისის გამომწვევი მიზეზები, პროფკავშირის როლი მათ პროფესიულ საქმიანობაში და თითოეული  წევრის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის. შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა მონაწილეები, რომ მხოლოდ ერთად ყოფნით არის შესაძლებელი მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვა.

ვანის რაიონის პედაგოგებმა თავიანთი პრობლემები და მოთხოვნები გააცნეს სპმთპ-ის წარმომადგენლებს.

შეხვედრის ერთ-ერთ უმთავრეს  მიზანს წარმოადგენდა პედაგოგთა პრობლემების კვლევა და მონიტორინგი.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ვანის რაიონის პედაგოგები: ხათუნა ღლონტი და თამარ ძნელაძე, რომლებიც საერთაშორისო პროექტის ,”მასწავლებლები ადამიანის უფლებების ამაღლებისა და მხარდაჭერისათვის” ფარგლებში გადამზადებული ტრენერები არიან. ორივე მასწავლებელი აქტიურ პროფკავშირულ საქმიანობას ეწევა სპმთპ-ის ვანის რაიონული ორგანიზაციის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის და თავად პედაგოგებმა, პედაგოგთა საქმიანობის სფეციფიკიდან გამომდინარე, უკეთ იციან თავიანთი კოლეგების მოთხოვნები მათი  პროფესიული განვითარების ხელშეწყობისათვის  საჭირო ცვლილებების თაობაზე.

შეხვედრას ვანის რაიონის 10 საჯარო სკოლის 60-ზე მეტი პედაგოგი დაესწრო, რომელთაც ერთსულოვნად გამოხატეს სპმთპ-ის მხარდაჭერა.

pedagog

წყარო: საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი -სპმთპ