მიმდინარეობს საიტის განახლება

შეგირდობის საპილოტე პროგრამა უმუშევრობას შეამცირებს

კერძო სექტორი ახალ ინიციატივას მხარს უჭერს

უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ”ფრიდრიხ ებერტის ფონდის” მხარდაჭერით, კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციტივით გამოდის. პროექტი პილოტური ხასიათისაა და ამ ეტაპზე, აგრარულ სექტორში, დაახლოებით, 500-600 კურსთამთავრებულის გადამზადებასა და სტაჟირება-შეგირდობას გულისხმობს.

საქართველოში უმუშევრობის პრობლემა ისევ ქრონიკულ ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ასაკობრივ ჯგუფს შორის, ახალგაზრდებში დასაქმების სურვილი ყველაზე მაღალია. სამუშაო ადგილების სიმცირის გარდა, ახალგაზრდებში უმუშევრობას ისიც უწყობს ხელს, რომ დამსაქმებლები ხშირად უფრო გამოცდილ კადრებს ითხოვენ. სამწუხაროდ, ქვეყანაში განათლების დონე, როგორც საშუალო, ისე პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათებლო დაწესებულებებში, საკმაოდ დაბალია და შესაბამისი გამოცდილების, ცოდნის, კვალიფიკაციის უქონლობის გამო, დამსაქმებლები უარს აცხადებენ ახალგაზრდებისათვის სამსახურის შეთავაზებაზე. შედეგად, უპირატესობას უფრო გამოცდილ კადრებს ანიჭებენ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციტივა, პილოტური ხასიათისაა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, პრიორიტეტი აგრარული სექტორის კურსდამთავრებულთა საწარმოო პრაქტიკის გავლას, ანუ სტაჟირება-შეგირდობას ენიჭება. პროექტის ფარგლებში, თუკი ის მოწონებულ იქნა, აგრარული სექტორის კურსდამთავრებულებისთვის, პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლების მიზნით, საწარმოებში შეგირდობის პროგრამა _ 3-დან 4 თვემდე, დაფინანსდება. ეს კი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხელფასების სუბსიდიების სახით გაცემას ითვალისწინებს:

”პროექტის მიზანია, შემცირდეს უმუშევრობა ახალგაზრდებს შორის, კერძოდ აგარარული სფეროში დასაქმების მსურველ ახალგაზრდებში, მათი კვალიფიკაცია კი სხვადასხვა აპრობირებული მეთოდების გამოყენებით, ამაღლდეს. Gგამოყოფილი ფინანსური რესურსების თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობის დარგში, ბოლო ორი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოა, რაც მისი მასშტაბების გაფართოებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ეს დამატებით შრომის რესურსების მოზიდვასთანაა იქნება დაკავშირებული. ამიტომ, ჩვენი ახალი, საკანონმდებლო ინიციატივა, ერთ-ერთი ინსტრუმენტი გახდება, რომელიც აგრარული სფეროს სხვადასხვა სპეციალობებში, ბაზარს დროულად მიაწვდის პროფესიონალ კადრებს. ასევე, დაამკვიდრებს სტაჟირების თვისებრივად ახალ ფორმას – სტაჟირებას, რაც გულისხმობს კურსდამთავრებულის ანაზღაურებად გრძელვადიან საწარმოო პრაქტიკას საწარმოში მომუშავე გამოცდილი მენტორის ზედამხედველობის ქვეშ. თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, ეს საკანონმდებლო ინიციატივა მომგებიანი იქნება, როგორც სტუდენტებისათვის, ასევე ბიზნესსექტორისთვის, რაც საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება”, _ აცხადებენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.

აღნიშნული ინიციატივა, რომელსაც პილოტურად, მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგში გამოიყენებენ, იმ ახალგაზრდების დასაქმების პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს, რომლებმაც აგრარული განათლება მიიღეს. თუმცა, პროექტის განხორციელების მონიტორინგის დადებითი მაჩვენებლის შედეგად, შესაძლოა, მსგავსი ინიციატივა სხვა დარგებშიც დაინერგოს, რაც ახალგაზრდებში არა მარტო უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად, რეალურად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, არამედ, სიღარიბისა და ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციასაც შეუწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში, თბილისის, ქუთაისის, თელავის, გორისა და ბათუმის უნივერსიტეტებში, აგრარული სექტორის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან შეხვედრები უკვე გაიმართა. გარდა ამისა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა ინფორმაციული ხასიათის წერილები გაუგზავნეს უნივერსიტეტების რექტორებსაც. კონსულტაციები გამართეს ამავე დარგის ბიზნესსექტორისა და საქართველოს პროფესიული კავშირების წევრი ორგანიზაციის, სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირების პირველადი ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც:

”პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გავმართეთ დამსაქმებელთა ასოციაციასთან. სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედ ბიზნესისმენებთან და მეწარმეებთან, აქტიურად ვთანამშრომლობთ. გარდა ამისა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შევხვდით, რომლებიც საქართველოში დასაქმების საკითხებზე მუშაობენ. მოვამზადეთ ეკონომისტის კვლევა შრომის ბაზრის, კერძოდ, აგრარულ სექტორში შრომით რესურსებზე მოთხოვნისა და შეგირდობის ინსტიტუტის ეფექტურობის შესახებ. საბოლოო ჯამში, ამ პროექტმა საკანონმდებლო ინიციატივის სახე მიიღო., რაც მთავარია, “აგრარული სექტორის კურსდამთავრებულთათვის საწარმოო პრაქტიკის გავლის შესახებ”, საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტიც შემუშავდა”, _ აცხადებენ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.

რამდენად მისაღებია ეს ინიციატივა? რას ფიქრობენ ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში და კერძო სექტორის წარმომადგენლები? შეუწყობს თუ არა უმუშევრობის პრობლემისა გადაჭრას ხელს პროფესიული კავშირების გაერთიანების ეს ინიციატივა? `ვერსია~ მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორს, ირინა გაფრინდაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ 2-3 კვირის განმავლობაში, ქარხანაში, 4-5 სტუდენტი მუდმივად გადის სტაჟირებას:

”ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რათა სტუდენტებმა მარნეულის ქარხანაში სტაჟირება გაიარონ. ასეთი გრძელვადიანი სტაჟირება ჯერ არ გაუვლიათ, მხოლოდ წარმოებისა და ნედლეულის მიღების პროცესში, დაახლოებით 2-3 კვირის მანძილზე გადიან სტაჟირებას, რაც ნამდვილად სასარგებლოა მათთვის. სტაჟირების დროს, სტუდენტები უშუალოდ მონაწილეობენ წარმოების პროცესში, ისინი პრაქტიკაში აკვირდებიან ყველაფერს და ეს ნამდვილად სასარგებლოა მათთვის. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ინიციატივას, ძალიან კარგია და მივესალმებით, რადგან აგრარულ სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტია.  თუკი სტაჟირების დროს, სტუდენტები შეძლებენ, რომ მათთვის ახალი ინფორმაცია სწრაფად აითვისონ და წარმოების პროცესშიც გამოავლენენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, ეს არა მარტო მათ წაადგებათ, არამედ დამსაქმებლებსაც. თუმცა უმუშევრობის პრობლემას მხოლოდ კერძო სექტორი ვერ გადაჭრის, სახელმწიფოს დახმარებაც აუცილებელია, განსაკუთრებით განათლების სექტორში. როგორც გითხარით, კვალიფიციური კადრების დეფიციტია და რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ სტუდენტებმა კარგი განათლება მიიღონ. თუ ამ პროექტის ფარგლებში, აგრარული სექტორის კურსდამთავრებულებს კვალიფიციურად გადაამზადებენ, ხოლო სტაჟირების პროცესში ისინი პროფესიულ უნარ-ჩვევებსაც გამოავლენენ, ცხადია, ეს მათ დასაქმებას ხელს შეუწყობს”.

ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ირაკლი ლექვინაძემ “ვერსიასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალ ინიციატივას მიესალმება და მხარს უჭერს: “რატომაც არა? რეალურად, აგრარულ სექტორში მართლაც კადრების დეფიციტია, ამიტომ თუკი ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც ძირითადად, განათლებაზეა ორიენტირებული, აგრარული სექტორის კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან, მათი დასაქმების კუთხით, ნამდვილად შედეგიანი იქნება. გარდა იმისა, რომ ამ სექტორში კადრების დეფიციტია, განათლებაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივას მივესალმები”.

სტატია გამოქვეყნდა გაზეთ “ვერსიის” 2014 წლის 15-16 დეკემბრის ნომერში

versia