მიმდინარეობს საიტის განახლება

ქობულეთის შემოვლით გზაზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს

არანორმირებული სამუშაო გრაფიკი და შეუსაბამო შრომითი ანაზღაურება ამ მიზეზების გამო ქობულეთის შემოვლით გზაზე დასაქმებულებმა 13 იანვარს მორიგი აქცია გამართეს. ამჯერად მშენებელი კომპანიის ოფისთან სპეც-ტექნიკის მძღოლები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ისინი ხელშეკრულებით გათვალისწინებული რვასაათიანი სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, 13 საათს მუშაობენ, რისთვისაც არც სათანადო ანაზღაურება აქვთ და არც სამუშაო პირობები. აქ პრობლემაა შესვენებით სარგებლობაც.

მშენებლობის ხელმძღვანელობა პროტესტის მონაწილე თანამშრომლების ახალი კადრებით ჩანაცვლებას შეეცადა, თუმცა როგორც მძღოლები აცხადებენ, მათ პროცესს ხელი შეუშალეს.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ იმასაც, რომ ტექნიკა ნორმაზე მეტი დატვირთვით მუშაობს, რის გამოც მწყობრიდან ხშირად გამოდის და სამუშაო ფერხდება. დაკარგული საათებისათვის კი ვერც გასამრჯელოს იღებენ და ჯარიმების გადახდაც უწევთ.

აქციის მონაწილეთა პრობლემებს სახალხო დამცველის ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელი და აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი გაეცნენ. ილია ვერძაძის განცხადებით, პრობლემების დასაძლევად ხელმძღვანებლობის წინააღმდეგ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი უკან არ დაიხევენ. გიორგი ჩარკვიანმა კი სპეციალური ოქმი შეადგინა, სადაც დასაქმებულთა ყველა პრობლემა იქნა ასახული. იგი რეაგირებისათვის ცენტრალურ ოფისში გაიგზავნება.

აქციაში სულ 84 პირი მონაწილეობდა. სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ ტენდერში გამარჯვების შედეგად, 2009 წლიდან აწარმოებს.

qobuleti