მიმდინარეობს საიტის განახლება

ქართული გამოცდილება ყირგიზეთისათვის

საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტმა 2006 წელს ლიბერტარიანულ თარგზე გამოჭრილი შრომის კოდექსი მიიღო, რითაც ქვეყნის მშრომელები ღია სოციალურ დისკრიმინაციაში მოაქცია. 2012 წელს სახელმწიფო ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილების შემდეგ, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტმა 2013 წელს ცვლილებები შეიტანა საქართველოს ორგანულ კანონ „შრომის კოდექსში“, რითაც კოდექსიდან ამოღებულ იქნა განსაკუთრებით ოდიოზური ნორმები. 2006-2013 წლებში დასაქმებულთა ღია სოციალური დისკრიმინაციის გამაბატონებელი კოდექსის 7 წლიანმა მოქმედებამ თვალსაჩინო მაგალითი აჩვენა საქართველოს ახლო თუ შორეულ მეზობლებს თუ როგორი ნორმები არის განსაკუთრებით სახიფათო სოციალური პროგრესისთვის.

ყირგიზეთის რესპუბლიკაში განხორციელებული პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ახალი მთავრობის მიერ ა. წ. ივლისის თვეში განხორციელდა ლიბერტარიანული ცვლილებების შეტანის მცდელობა ყირგიზეთის რესპუბლიკის შრომის კოდექსში. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტით კოდექსს ემატებოდა ახალი 26-ა თავი, რომლითაც მოხდებოდა კერძო სექტორში დასაქმებულთა შრომის განსაკუთრებული რეგლამენტირება. ყირგიზეთში მშრომელთა 80%-ზე მეტი კერძო სექტორში არის დასაქმებული. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით დამსაქმებელი იღებდა უფლებას დაედო დასაქმებულთან ისეთი მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დამსაქმებელი თავისუფალი იქნებოდა ყირგიზეთის შრომითი კანონმდებლობის ნორმებისაგან. მაგალითად, დამსაქმებელს აღარ დაეკისრებოდა საზეიმო და დასვენების დღეებში, ზეგანაკვეთურ და ღამის ცვლაში დასაქმებულთათვის დამატებითი ანაზღაურების მიცემა, ასევე დასაქმებული შეიძლება დაეთხოვა ნებისმიერი მიზეზით. პროექტი მკვეთრად ზღუდავდა გადაუხდელ ხელფასზე დასაქმებულის მხრიდან სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადას. მთლიანობაში პროექტი გზას უხსნიდა დასაქმებულთა სოციალურ დისკრიმინაციას.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი გააკრიტიკა ყირგიზეთის პროფკავშირების ფედერაციამ. მისმა თავმჯდომარემ ასილბეგ თოქთოგულოვმა განაცხადა, რომ „დსთ-ს ქვეყნებს შორის ჩვენი კოდექსი კარგთა შორის ირიცხება. ზუსტად ამის გამო ჩვენ გვსურს რომ შესწორებები მიმართული იყოს გაუმჯობესების და არა გაუარესებისკენ. როდესაც დასაქმებულთა შრომითი უფლებების ხელყოფა ხდება, პროფკავშირები უმოქმედოდ ვერ დარჩება. მე ვთვლი რომ თუ აღნიშნული ცვლილებები მაინც იქნება მიღებული საინვესტიციო კლიმატი ძალიან არ გაუმჯობესდება. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ვითარება საქართველოში. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და გთავაზობთ არ ავჩქარდეთ ამ საკითხში“.(ჟურნალი „Вестник Профсоюзов“ 2015 წ. №8)

ყირგიზეთის სამთამადნო წარმოებისა და მეტალურგიის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ ელდარ თაჯიბაევმა აღნიშნა რომ ამ პროექტს მხარი არ დაუჭირა არა მხოლოდ პროფკავშირებმა, არამედ შრომის სამინისტრომ და ეკოლოგიური და ტექნიკური უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციამ. მისი განცხადებით: „თავდაპირველად რა ფორმითაც იყო წარმოდგენილი კანონ-პროექტი იმავე ფორმით იქნა იგი გატანილი საზოგაოებრივ განხილვაზე, ისე რომ არ გაუთვალისწინებიათ პროფკავშირის წინადადებები. მაშინ როცა ორი მხარის მოსაზრება უნდა გათვალისწინებულიყო: ამ სფეროს მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოებისა და პროფკავშირების. ამასწინათ ჩვენს მიერ ორგანიზებულ იქნა მრგვალი მაგიდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს დამსაქმებლებმა, სახელმწიფო ორგანოებმა, სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებმა და ყველა მათგანი გამოვიდა წარმოდგენილი ცვლილებების წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ „არას“ წარმოდგენილ ცვლილებებზე, ჩვენ ვთავაზობთ ვიმსჯელოთ წარმოდგენილი კანონ-პროექტის გამოწვევის მიზანსეწონილობაზე და ვთავაზობთ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ჩამოთვლილ პირთა და შრომის სამართლის საერთაშორისო სპეციალისტთა მონაწილეობით“.(ჟურნალი „Вестник Профсоюза“ 2015წ. №8)

ის რომ ქართულმა გამოცდილებამ დააფიქრა პროფკავშირების წარმომადგენლები ყირგიზეთში სულაც არ არის შემთხვევითი. მ. სააკაშვილის ფართოდ რეკლამირებული „რეფორმატორობა“ არსებითად თვალში ნაცრის შეყრა იყო და არა სვლა სოციალური პროგრესისკენ. მისი მმართველობის ჟამს მიღებული „შრომის კოდექსი“ არ გახდა საინვესტიციო ბუმის განმაპირობებელი, სამაგიეროდ მშრომელები მოაქცია ღია სოციალურ დისკრიმინაციაში. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება თავიდანვე აკრიტიკებდა, ჯერ კიდევ პროექტის ფორმაში მყოფ „შრომის კოდექსს“ და მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში მოითხოვდა ხელისუფლებისგან მის შეცვლას შრომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ყირგიზეთის პროფკავშირების ფედერაციასთან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას ნაყოფიერი თანამშრომლობის წლები აკავშირებს. გაერთიანების ლიდერი ირაკლი პეტრიაშვილი რამდენჯერმე იმყოფებოდა ბიშკეკში, თბილისშიც არა ერთხელ უმასპინძლა  ყირგიზეთის პროფკავშირების ფედერაციის წარმომადგენლებს, რომლის დროსაც სრული თეორიული და პრაქტიკული ნიმუშებით თვალნათლივ აჩვენა ლიბერტარიანულ თარგზე გამოჭრილი შრომითი კანონმდებლობის სრული უპერსპექტივობა. ასეთ „შრომით კოდექსს“ არც შრომის ნაყოფიერების და არც საინვესტიციო გარემოს ზრდა და გაუმჯობესება არ შეუძლია. სოციალური პასუხისმგებლობის, დიალოგისა და პარტნიორობის უარყოფით ეკონომიკური აღმავლობა არ დგება.

ყირგიზეთის პროფკავშირების ლიდერის მიერ საქართველოს მაგალითის მოხმობა ადასტურებს, რომ ის დრო როდესაც დემოკრატიის საფენელში შეხვეულ ლიბერტარიანულ ექსპერიმენტებს ეკონომიკური პროგრესის წინაპირობად აცხადებდნენ უკვე ჩაბარდა ისტორიის არქივს. მ. სააკაშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებულმა მშრომელთა ღია სოციალური დისკრიმინაციის სტრატეგიამ ისეთი გაკვეთილი მისცა პროფკავშირულ მოძრაობას მთელს სამეზობლოში, რომ დღეს იმავე ექსპერიმენტის უპრობლემოდ ამოქმედება სხვა ქვეყნებში უბრალოდ შეუძლებელია.

თავის აქტიური მოქმედებით ყირგიზეთის პროფკავშირების ფედერაციამ მიაღწია მთავრობასთან ერთობლივი, პარიტეტული სამუშაო ჯგუფის ფორმირებას და მასში შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის დაწყებას. ეს წინსვლა ადასტურებს რომ პროფკაშირთა შორის საერთაშორისო სოლიდარობას შეუძლია წარმატება მოუტანოს მშრომელებს მათი სოციალური, მატერიალური, შრომითი და პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვის საქმეში. საქართველოს პროფკავშირული მოძრაობის გამოცდილება სასიკეთოდ წაადგა ყირგიზ პროფკავშირელებს.

დავით  არაბიძე