ფოთის მუნიციპალიტეტსა და პროფკავშირების გაერთიანებას შორის მემორანდუმი გაფორმდა

28 იანვარს,  ფოთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ამ მემორანდუმით, მხარეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არსებულ შრომით ურთიერთობებში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და დაზარალებული პირების უფლებების დაცვაზე თანხმდებიან. შრომის კანონმდებლობის შესრულებაზე განხორციელდება ასევე ერთობლივი საზოგადოებრივი მონიტორინგი და შემუშავდება საკანონმდებლო ინიციატივები.

მუნიციპალიტეტის და პროფკავშირების გაერთიანების შეთანხმების შესაბამისად, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო, კვლევით და საგამომცემლო საქმიანობას ბიზნესის წარმომადგენლებისა და დამსაქმებლებისათვის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ევროპული გამოცდილების გასაცნობად. ასევე, წარიმართება ერთობლივი კამპანიები სოციალური დიალოგის, შრომითი უფლებებისა და შრომის ბაზრის ინსტიტუტების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.

მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნებისა და ღონისძიებების განსახორციელებლად დაგეგმილია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

მხარეები ხელს შეუწყობენ იმ რეფორმების გატარებას, რომლებიც განსაზღვრულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით და ადამიანის შრომით უფლებების დაცვასა და მათი ეფექტურ განხორციელებას ეხება.

მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირების ფოთის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარედ ნათია ჩოკორაიას, მოადგილეებისა და კომიტეტის წევრების არჩევა. ასევე პროფკავშირის წევრებისთვის გაიმართა ამერიკული ორგანიზაცია სოლიდარობის ცენტრის მიერ დაფინანსებული სემინარი შრომით უფლებებზე.