მიმდინარეობს საიტის განახლება

უუფლებო დასაქმებულები ქსელურ მარკეტებში

როგორია სუპერმარკეტების ქსელებში დასაქმებულთა მდგომარეობა და რამდენად ხშირია მათი უფლებრივი მდგომარეობის დარღვევის ფაქტები. პროფკავშირების გაერთიანებამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გამართა. ძირითადი მიგნებებს შორის მოხდა დასაქმებულთა უფლებების დარღვევის ის ფაქტები, რომელსაც სუპერმარკეტების ქსელებში მასობრივი ხასიათი აქვს.  მათ შორისაა აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, იძულებით შესრულებული დამატებითი სამუშაო, შესვენებების გამოყენების უფლების შეზღუდვა, მონურთან მიახლოებული შრომა და ა. შ.

გამოკვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს გზით, სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მეშვეობით. გამოკვლევის საწყის ეტაპზე მოხდა სამიზნე სუპერმარკეტების განსაზღვრა სავარაუდო რესპონდენტები გადანაწილდა სუპერმარკეტებში პროპორციულად, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით რესპონდენტთა შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპის მიხედვით. გამოკვლევის სანდოობამ შეადგინა 95%.

კვლევის ძირითადი მიგნებები ასე გამოიყურება:

 

  • რესპონდენტების 75,8% არანაირ დამატებით ანაზღაურებას არ იღებს

ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას

  • რესპონდენტების ყოველკვირეული საშუალო დატვირთვა 45 საათს შეადგენს
  • რესპონდენტთა 68,8% იშვიათად ახერხებს შესვენებაზე გასვლას
  • რესპონდენტების 24.0%-ს მუდმივად უწევს თავის ძირითად საქმესთან ერთად

დამატებით სამუშაოს შესრულება

  • რესპონდენტების 39.5%-ს იშვიათად, თუმცა მაინც უწევს თავის ძირითად საქმესთან ერთად დამატებით სამუშაოს შესრულება.

 

ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე: “მიწოდების ქსელი ერთ ერთი ყველაზე რთული სფეროა. საცალო ვაჭრობის ქსელებში, თითქოს სხვა საკანონმდებლო სამყაროა და შრომის კოდექსი იქ დასაქმებულებზე არ ვრცელდება. ჩვენს მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ სუპერმარკეტების ქსელში დასაქმებულთა 75%ს არ უნაზღაურდება ზეგანაკვეთური შრომა, 35% ს ყოველდღიურად უწევს კონტრაქტით დაკისრებულ ვალდებულებებზე მეტი საქმის შესრულება, მათი დიდი ნაწილი ვერ სარგებლობს შესვენებით და სხვადასხვა მიზეზით ბევრ მათგანს მაღაზიებში არსებული დანაკლისების გამო უკავდება ხელფასი. სამწუხაროდ მიწოდების ქსელში არსებული მდგომარეობა ძალიან შორსაა ევროპული სტანდარტებისაგან. არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი ქმედითი შრომის ინსპექცია იქნება, რომლის შექმნასაც უკვე წლებია მოვითხოვთ.”

დამსწრე მიმართა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა ფელიქს ჰეტიმ: “სამწუხაროდ საქართველოში შრომითი სტანდარტები არაა ევროკავშირის შრომით სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი და განსაკუთრებით ეს ეხება საცალო გაყიდვების სექტორში არსებულ მდგომარეობას. მთელი რიგი ღონისძიებია გასატარებელია ამ მიმართულებით, რათა ქვეყანაში განვითარდეს ბიზნესი და რა თქმა უნდა ბიზნესთან ერთად – მასში დასაქმებულთა უფლებები.  ”

პრეზენტაცია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების სოციოლოგმა ნინო ესართიამ წარმოადგინა.

გაიმართა დისკუსიაც.