ქართული უმუშევრობის ფენომენს განსაკუთრებული ელფერი დაჰკრავს. დასაქმების ბაზარზე მოთხოვნაა ისეთ პროფესიებზე, როგორიცაა, მენეჯერი, მარკეტოლოგი, გაყიდვების ასისტენტი, ბუღალტერი, პროექტების ხელმძღვანელი და მრავალი სხვა, რომელიც ძირითადად ბიზნეს საქმიანობასა და ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რაც უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის გამოყოფილი გრანტები უხვად მოედინება, მაგრამ იგი კვლავ ცუდ დღეშია. მაგრამ, არის მეორე, უფრო საინტერესო ფაქტი, რომელიც შეიძლება პარადოქსად მოგვეჩვენოს. საქართველოში, ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ადამიანი ამთავრებს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტებს, დასაქმების ბაზრის მოთხოვნაც ამ სეგმენტზეა, მაგრამ მოსახლეობა უმუშევარია.
თუკი აქამდე მწვავე კითხვები არ ისმებოდა, ახლა უკვე რთულია მას თავი აარიდო, რადგან ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ უნივერსიტეტ დამთავრებული ახალგაზრდა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაერთოს და სამსახური დაიწყოს. რა ხდება? რა არის ამის მიზეზი? თვითონ ახალგაზრდა, უნივერსიტეტი, სახელმწიფო თუ დასაქმების ბაზარი? იქნებ თვით საზოგადოება, რომელშიც ახალგაზრდა გაიზარდა, ან მშობლები, თუ ადრეულ ასაკში მიღებულ გადაწყვეტილებასა და არასწორად არჩეულ პროფესიას დავაბრალოთ არსებული მდგომარეობა?
პრობლემის გასაღები ერთია. სახელმწიფომ მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმოს სასკოლო განათლებას, გააძლიეროს მონიტორინგი, უფრო მეტი ფინანსური რესურსი დახარჯოს სკოლის გაძლიერებაზე, მეტი დრო დაუთმოს პედაგოგების კვალიფიკაციას და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. ამერიკელი საბავშვო ფსიქოლოგის პოლ ტაფის კველევის მიხედვით, ბავშვის პროდიქტიულობა, რა თქმა უნდა, სწავლას ეხება, ხოლო ეფექტური და შედეგის მომტანი მშვიდი, კეთილმწყობილი და გაწონასწორებული ადამიანების გვერდით მუშაობის პროცესია.
დიპლომიანი უმუშევრობის საწყისები სკოლის დასრულების შემდეგ ჩნდება და არა 4 წლის, შემდეგ, როცა ახალგაზრდა უნივერსიტეტიდან დიპლომს გამოიტანს. რას ნიშნავს ეს? მოგეხსენებათ, არსებობენ ახალგაზრდები, რომლებმაც ვერ შეძლეს ჩაებარებინათ უნივერსიტეტში და მიეღოთ უმაღლესი განათლება. რა უნდა გააკეთონ მათ? ეს საკმაოდ რთული კითხვაა და სახელმწიფოს მხრიდან მასზე არ გაცემული პასუხის შედეგად ვიმკით არაერთ პრობლემას.
პროფკავშირებში აცხადებენ, რომ უნდა შეიქმნას პროფესიული სასწავლებლის მსგავსი ორგანო, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას და გადაამზადებს ახალგაზრდებს, ისეთ საკითხებში, რომლებსაც სასკოლო და საუნივერსიტეტო სწავლება არ ითვალისწინებს. იგულისხმება დურგალი, მექანიკოსი, ინჟინერი და სხვა პროფესიის მქონე ადამიანები, რომლებიც საჯაროდ მოთხოვნადები არ არიან მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ამ მიმართულებით საქმდებიან მოქალაქეები. ამით, აღმოიფხვრება პრობლემა, რომელსაც სამსახურზე ოცნებაში დაკარგული 4 წელი ჰქვია. ქვეყანას სხვადასხვა სფეროში ეყოლება კვალიფიციური მუშახელი, შრომის ბაზრის მოთხოვნები მრავალფეროვანი გახდება და მოთხოვნა-მიწოდების არხები გამართულ რეჟიმში იმუშავებს. გარდა ამისა, ქართული საგანმანათლებლო სისტემა ამოისუნთქავს იმ მოზღვავებული აბიტურიენტების შემოტევისგან, რომელსაც ყოველი წლის გაზაფხულზე განიცდის და უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს, მათ ვისაც ნამდვილად შესწევთ ძალა, სკოლაში მიღებული მაღალი აკადემიური მოსწრების კვალდაკვალ განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები.