მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი ქსანში, სს”მინა”-ს მუშების მხარდასაჭერად ჩავიდა

IMG_8459დღეს ქსანში, სს “მინას” თანამშრომლების გაფიცვის მეოცე დღეა. პროფკავშირები ხელისუფლებას პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებენ, ქარხნის ადმინისტრაციისგან კი სასწრაფო ადეკვატური ზომების მიღებას მოითხოვენ. პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ქსანში ყოველდღიურად მართავენ სოლიდარობის აქციებს. აქციის მონაწილეებთან პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ჩავიდა. საგაფიცვო კომიტეტი მოუწოდებს ქარხნის ადმინისტრაციას ორი დღის ვადაში მიიღოს მოთხოვნების ადეკვატური გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში აქცია ახალ ფორმას მიიღებს და არ არის გამორიცხული თბილისში, სახელმწიფო სტრუქტურების შენობებთან გადმოინაცვლოს. ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციის პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რასაც შესაძლოა საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს შორის ეთნიკური კონფლიქტი მოჰყვეს. საუბარია გაფიცვის პარალელურად ქარხანაში თურქეთის მოქალაქეების ჩამოყვანაზე, რომლებმაც ე.წ  შტრეიკბრეხერების ფუნქცია უნდა შეასრულონ. “თურქეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენი პარტნიორი და ასეთი ტიპის დაპირისპირება, ეთნიკურ ჭრილში გადატანილი არის ძალიან სახიფათო. მე ამ საკითხზე ელჩს მივმართავ, ასევე მივმართავ დამსაქმებელს- გონს მოეგოს რას აკეთებს. მეორეს მხრივ ვუწვდით პარტნიორობის ხელს და გამოვთქვამთ მზაობას დიალოგთან დაკავშირებით. მზად ვართ დიალოგის ჭრილში გადავიტანოთ ყველა პრობლემა რაც მათი მეშვეობით არის ინსპირირებული და გამოწვეული.” განცხადება მედიასთან გააკეთა თამაზ დოლაბერიძემაც: “ყოველ წუთას ველოდებით რომ ადმინისტრაცია გონს მოეგება და იმ ღირსეულ ფორმატში, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს და ჯანმრთელობის და შრომის სამინისტროს მონაწილეობით მედიაციის პროცესი ჰქვია დაჯდება მოლაპარაკებათა მაგიდასთან და გადაწყვეტს საკითხს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული აქციამ ფორმა შეიცვალოს და უფრო რადიკალური და მწვავე გახდეს, არ გამოვრიცხავ შიმშილობასაც, მაგრამ იმედია საქმე აქამდე არ მივა და ყველაფერი მოლაპარაკებების გზით გადაწყდება.” გაფიცვა ქსანში 5 თებერვლიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: ხელფასების მატება 30%-ით, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება, ადგილობრივი პროფკავშირისთვის სამუშაო ფართის გამოყოფა.