“სოლიდარობა მუშებს” ამ ლოზუნგით „რუსთავის აზოტის“ გათავისუფლებული 350 თანამშრომლის მხარდასაჭერად საპროტესტო მსვლელობა დღეს თბილისის ცენტრში, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გაიმართა. მსვლელობა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა და მასში სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. აქციას მხარდაჭერას უცხადებენ სტუდენტები. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა. მსვლელობის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. სამართლადამცველები ცდილობდნენ, აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთ ზოლში ემოძრავათ და არ გადასულიყვნენ საპირისპირო მხარეს, ამისთვის ისინი ძალას იყენებდნენ და სწორედ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენებისას ხდებოდა შხლა შემოხლა. საპროტესტო მსვლელობა თავისუფლების მოედანზე მდებარე “საქართველოს ბანკი”-ს ოფისთან შეჩერდა. დათხოვნილი აზოტელების მხარდამჭერებმა ბანკის ხელმძღვანელებთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. აქციები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პერმანენტულად სხვადასხვა ადგილებზე გაიმართება.
ხვალ 12 საათიდან საპრტეოსტო აქცია რუსთავის აზოტის ქარხანასთან გაიმართება.