საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგებს ხელფასი გაეზრდებათ, თუმცა არა წელს, არამედ უფრო მოგვიანებით. პრემიერმა მასწავლებლებს დაპირება უკვე მისცა. ხელფასების ზრდა მომავალი წლიდან დაიწყება და როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, პედაგოგების ანაზღაურება 2016-17 წლებშიც მზარდი იქნება. რაც შეეხება თანხის მოცულობას, პრემიერს ეს არ დაუკონკრეტებია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს მასწავლებელზე და მის მიღწევებზე იქნება დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში
საქართველოში პედაგოგთა ანაზღაურება, წინა წლებთან შედარებით,
გაიზარდა, ქართველი პედაგოგები უცხოელი კოლეგებისგან
განსხვავებით მაინც დაბალ ხელფასს იღებენ.
დღეს იმ მასწავლებლების საბაზო ხელფასი, რომლებსაც მუშაობა
სრულ განაკვეთზე უწევთ, დაახლოებით, 305 ლარია გაიზარდა. კლასის
დამრიგებლობისთვის დანამატი 76,25 ლარია, რაც წინა წლებთან
შედარებით, 10 ლარით გაზრდილ სხვაობას გულისხმობს.
19-დან 26 საგაკვეთილო საათამდე ჩატარებისას, მასწავლებელს
სრული განაკვეთის ხელფასზე ყოველ შემდგომ საათზე 5 ლარი
დანამატი ეძლევა. მაგალითად, თუ პედაგოგი კვირაში 22 საათს
ატარებს, თვის ბოლოს მას ხელფასზე დამატებით 80 ლარი ეძლევა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის ბრძანების
საფუძველზე, სერტიფიცირებული პედაგოგი ხელფასზე 75-ლარიან
დანამატს იღებს. ამ თანხას 125 ლარი ემატება იმ შემთხვევაში, თუ
პედაგოგს ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნის
დამადასტურებელი სერტიფიკატი აქვს. ზედაპირული გათვლით,
საუკეთესო შემთხვევაში, საქართველოში სერთიფიცირებული ინგლისური ენისა და კომპიუტერის მცოდნე პედაგოგის ხელფასი, საშუალოდ, 580 ლარია მაშინ, როდესაც ოფიციალური მონაცემებით, 2013 წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში საშუალო თვიური ხელფასი 898.7 ლარს შეადგენს.
საქართველოსგან განსხვავებით, პედაგოგებს მაღალი
ანაზღაურება აქვთ არა მარტო ევროპაში, არამედ ჩვენს მეზობელ
ქვეყნებშიც. რუსეთში პედაგოგების საშუალო ხელფასი 24 ათას
რუბლს, დაახლოებით, 1200 ლარს შეადგენს, მაქსიმალური
ანაზღაურება კი 40 ათასი რუბლი, დაახლოებით, 2100 ლარია.
აზერაიჯანში პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 330 მანათი – 535
ლარია. რაც შეეხება სომხეთის საშუალო სკოლებში მომუშავე
პედაგოგებს, მათი საშუალო თვიური ანაზღაურება, დაახლოებით, 400
ლარია.
ქართველი პედაგოგებისგან განსხვავებით, სოლიდური
ანაზღაურება აქვთ თურქ მასწავლებლებსაც. იქ საშუალო ხელფასი
დაახლოებით 1800 ლარია, სამეცნიერო ხარისხისთვის პედაგოგს
300-500 ლარი ემატება, თუ შვილები ჰყავს, საშუალოდ, 100-150
დოლარი. გარდა ამისა, თურქი მასწავლებლები ტრანსპორტზე
50-პროცენტანი შეღავათით სარგებლობენ.
რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, როგორც `ბიპიენი~ წერს,
პოლონელი პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 დოლარია, თუმცა ქვეყნის სხვადასხვა ოლქში მცხოვრები მასწავლებელები ე.წ. ბონუსებითაც სარგებლობენ, რაც ტრანსპორტით გადაადგილებაზე 50%-იან ფასდაკლებაში ან სპეციალური აქციების დარიგებაში გამოიხატება,
რომლის გადაცვლა მაღაზიაში პროდუქტებზე შეიძლება. პოლონელი
მასწავლებელები თავიანთი კლასების მოსწავლეებს კერძო
გაკვეთილებს არ უტარებენ. ეს არაეთიკურად მიიჩნევა.
გერმანელი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 3500 ევროს აღწევს,
რაც ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს 1000 ევროთი აჭარბებს.
3500 ევროს ოდენობის ხელფასს გერმანიაში ის პედაგოგები იღებენ,
რომლებსაც კვირაში დაახლოებით 25 საათის ჩატარება უწევთ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასწავლებლობა გერმანიაში მაღალი
პენსიის მიღების ერთ-ერთი წინაპირობაა.
საშუალო დონის ბრიტანელი პედაგოგის ხელფასი 3500 დოლარს
აღწევს. საინტერესოა, რომ მასწავლებლებს სხვადასხვა სკოლებში
სხვადასხვაგვარ მოთხოვნებს უყენებენ. მაგალითად, კერძო სკოლაში
მასწავლებელს თხოვენ, 2-3 დამატებითი გაკვეთილი ანაზღაურების
გარეშე ჩაატაროს. ბრიტანელი მასწავლებლები წელიწადში 39 კვირას
სკოლაში ატარებენ, თუმცა მათი სამუშაო საათები დილის 08:30
საათიდან შუადღის 15 საათამდე მერყეობს. ბრიტანელ პედაგოგებს არ
ეკრძალებათ მოსწავლეების კერძოდ მიღება, რაც მათი შემოსავლის
გაზრდის ერთ-ერთი ხელსაყრელი წინაპირობაა.
როგორც ჩანს, ქართველი პედაგოგებს არა მარტო ევროპელი
კოლეგების, არამედ მეზობელი ქვეყნების მასწავლებლებისგან
განსხვავებით ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ. თუ
პრემიერ-მინისტრის დაპირებას გავითვალისწინებთ, ქართველ
პედაგოგებს აუცილებლად გაეზრდებათ. რამდენი ლარით მოიმატებს
მასწავლებლის ხელფასი და მიაღწევს თუ არა პედაგოგის საშუალო
ანაზღაურება თუნდაც სომეხი მასწავლებლის ხელფასს, მომავალში
გაირკვევა.