მიმდინარეობს საიტის განახლება

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროფკავშირის წევრების საკონსტიტუციო სარჩელი მნიშვნელოვანია დასაქმებულთა უფლებების დაცვისათვის

საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საქმე ეხება დასაქმებულთა განსხვავებულ მოპყრობას დასაქმების ადგილის მიხედვით, რომლის შესაძლებლობასაც დამსაქმებელს საქართველოს შრომის კოდექსი აძლევს. აღნიშნული მოპყრობა დაკავშირებულია სამუშაო დროის განაწილებასთან; კერძოდ, შრომის კოდექსის მე–14 მუხლი განსაზღვრავს სამუშაო დროის ხანგრძლივობას კვირაში 40 საათით, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც შრომითი რეჟიმი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი უწყვეტი ხანგრძლივობის რეჟიმს – კვირაში 48 საათით.

საქართველოს სახალხო დამცველი იზიარებს მოსარჩელეების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე–14 მუხლის სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლითა (კანონის წინაშე თანასწორობა) და 30–ე მუხლის პირველ ნაწილით (შრომის უფლება/თავისუფლება) დაცულ უფლებებს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამუშაო დროის არათანაბარი განაწილება ქმნის სიტუაციას, როდესაც ქვეყანაში შრომასთან დაკავშირებით არსებულ ზოგად პრაქტიკასთან მიმართებით გარკვეულ პირთა წრე იმყოფება  შედარებით არათანასწორ პირობებში, იმგვარად, რომ მათი სამუშაო გრაფიკი კვირაში 8, თვეში 32, ხოლო წელიწადში 384 საათით აღემატება დანარჩენ დასაქმებულთა სამუშაო დროის ხანგრძლივობას, ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე. გარდა ამისა, სავალდებულო 48 საათიანი სამუშაო კვირის შემდეგ მათ უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, ასეთის აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში.

სასამართლო მეგობრის მოსაზრების მიხედვით, სადავო ნორმა არ აძლევს დასაქმებულს არჩევანის საშუალებას, უდგება მათ კოლექტიურად და საერთო წესთან შედარებით (40 საათი) გახანგრძლივებულ სამუშაო დროზე ინფორმირებული და თავისუფალი თანხმობის შესაძლებლობას გამორიცხავს. აღნიშნული იწვევს შრომითი ხელშეკრულების ისედაც სუსტი მხარის (დასაქმებულის) კიდევ უფრო არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებას და მეორე მხრივ, დამსაქმებლისთვის შესაძლებლობის მიცემას, უგულებელყოს დასაქმებულის ინტერესები.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ილია ლეჟავასა და ლევან როსტომაშვილის საკონსტიტუციო სარჩელი მნიშვნელოვანია დასაქმებულთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის განმტკიცების თვალსაზრისით და საჭიროდ თვლის საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

http://www.ombudsman.ge/ge/page/saxalxo-damcveli-sasamartlos-megobris-mosazrebit-mimartavs-sakonstitucio-sasamartlos

saxelxo damcveli