მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოში ყველაზე დიდი დამსაქმებელი სახელმწიფოა

საქართველოში 100 დაქირავებით დასაქმებულზე 150 თვითდასაქმებული და 50 უმუშევარი მოდის. უფრო მეტიც, დაქირავებით დასაქმებულებს მკვეთრად აჭარბებს, პენსიონრების, დიასახლისების, ბავშვების რაოდენობა. ქვეყნის მწვავე პრობლემაა ისიც, რომ ყველაზე დიდი დამსაქმებელი სახელმწიფოა, რომელიც, უბრალოდ, წარმოებიდან მიღებულ შემოსავალს ინაწილებს.

ბოლო წლებში მუდმივად გვესმის, რომ ახალი საწარმოები იქმნება, დასაქმების სტრუქტურის მიხედვით კი ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა. 100 დასაქმებულზე მხოლოდ 38 დაქირავებით დასაქმებულია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ქვეყანას რეალურ საბაზრო ეკონომიკამდე კიდევ დიდი გზა აქვს გასასვლელი. ამ გზის დასასრული კი 25 წლის შემდეგაც არ ჩანს.

ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელი 50%-ს გასცდა და ყველა ცდილობს, სამუშაო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძებოს. შესაბამისად, პრობლემის შეფასება მხოლოდ აღრიცხვიანობის კუთხით საკმარისი არ არის. დღეს ფაქტი ისაა, რომ ქვეყანაში 38% დაქირავებით დასაქმებულია, 62% კი – თვითდასაქმებული. გარდა იმისა, რომ დაქირავებით დასაქმება უფრო პრესტიჟულია. რეალობაა ისიც, რომ 1 დაქირავებით დასაქმებულის მიერ მიღებული შემოსავალი 3-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სამი თვითდასაქმებულის მიერ მიღებული შემოსავალი.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თვითდასაქმებულთა 80% სოფლის მეურნეობაზე მოდის, სადაც ჯერ კიდევ დაბალია შრომის მწარმოებლობა და შესაბამისად შემოსავალი. ამიტომ, ექსპერტის აზრით, მთავრობის მთავარი საზრუნავი არა მარტო უმუშევრობის შემცირება უნდა გახდეს, არამედ დასაქმების სტრუქტურაც, რომელიც უფრო მეტად ოპტიმალური უნდა იყოს და აღნიშნული პროპორცია შეიცვალოს.

მაგალითად, ევროპაში ყოველი 100 დასაქმებულიდან 85 დაქირავებით დასაქმებულია, მხოლოდ 15-ია თვითდასაქმებული. აშშ-ში კი საერთოდ 100-დან 93-ია დაქირავებით დასაქმებული, 7 კი – თვითდასაქმებული.

მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში დასაქმების სტრუქტურა საქართველოს მსგავსია, თუმცა რადგან ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ მიისწრაფვის და ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, სჯობს, ევროპულ ქვეყნებს მიბაძოს და შედარება მათთან მოხდეს; ანუ საქართველოში დასაქმების სტრუქტურა ისეთი უნდა იყოს, როგორიც ევროკავშირშია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში 100 დასაქმებულიდან მხოლოდ 38-ია დაქირავებით დასაქმებული. ეს მაჩვენებელი შემოსავლებში რომ გადავიყვანოთ, აღმოჩნდება, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე არათუ 15%-ია, როგორც ამას სტატისტიკის სამსახური აჩვენებს, არამედ 40%.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში 660 ათასამდე ადამიანი იღებს ხელფასს. აქედან, დაახლოებით 45% საჯარო სექტორშია დასაქმებული – საჯარო მოხელეები, პედაგოგები, ჯარი, პოლიცია და ა.შ. ეს ადამიანები დაკავებულნი არიან, არსებული მატერიალური დოვლათის გადანაწილებით და არა მისი შექმნით.

არსებობს კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა, საქართველოში ხელფასის მიმღებთა რაოდენობას დაახლოებით 7%-ით აჭარბებს დიასახლისების რაოდენობა, 30%-ით – პენსიონერთა რაოდენობა, 40%-ით – ბავშვთა რაოდენობა, ხოლო 50%-ით – თვითდასაქმებულთა რაოდენობა. ყოველ 100 დაქირავებით დასაქმებულზე დაახლოებით 150 თვითდასაქმებული მოდის და 45 უმუშევარი.

ცნობილი ნათქვამია – ჯაჭვის სიმყარე განისაზღვრება ყველაზე სუსტი რგოლის სიმყარით. შესაბამისად, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტი თვითდასაქმებული ჰყავს, მნიშვნელოვანი დარგები ვერ განვითარდება. დღეს სოფლის მეურნეობაში შრომის მწარმოებლობის საშუალო მაჩვენებელი 10-11-ჯერ ნაკლებია.samushao