საქართველოს პროფკავშირები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ გუშინ, 10 ოქტომბერს ანკარაში განვითარებული მოვლენების გამო.
ანკარას რკინიგზის სადგურთან თურქეთის პროფკავშირული გაერთიანებების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, სადაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.
მშვიდობიანი დემონსტრაცია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი. პროფკავშირები თურქეთის სახელმწიფოსგან ქურთების მუშათა პარტიასა და ქურთ მოსახლეობაზე ძალადობრივი პოლიტიკის შეწყვეტას მოუწოდებდნენ.
შემთხვევას 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულების რაოდენობამ კი 186-ს მიაღწია.
საქართველოს პროფკავშირები სრულ თანადგომას უცხადებენ თურქეთის პროფკავშირულ გაერთიანებებსა და დაზარალებულ მოქალაქეებს ამ მძიმე მომენტში.