დღეს, თბილისში სასტუმრო “ჰოლიდეი ინ“–ში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის ორგანიზებით, გაიხსნა კონფერენცია: “დასაქმებულ ქალთა ჩართულობა კანონშემოქმედებით საქმიანობაში“
კონფერენციაზე განიხილება საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობის საკითხები, მათი შესაბამისობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან.
ღონისძიება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა და მისმა მოადგილემ, პროფგაერთიანების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეთერ მათურელმა გახსნეს, რომლებმაც საქართველოში დასაქმებულ ქალთა შრომითი პირობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და იმედი გამოთქვეს, რომ სიტუაცია მომავალში მაინც გამოსწორდება.
როგორც იცით, პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლებას სთხოვს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის მეორე ეტაპის პროცესი დაჩქარდეს. ოფიციალური სტატისტიკით, ყოველი მეორე ორსული აბორტს იკეთებს, რაც ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობისთვის კატასტროფაა. პროფკავშირები ამ მხრივ შექმნილ ვითარებას ქალთა უუფლებობას, უმუშევრობასა და მძიმე შრომით პირობებს უკავშირებენ:
ქალებს არ აქვთ გარანტია, რომ ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ სამსახურს შეინარჩუნებენ. დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას გამოყოფილი თანხა არასაკმარისია ერთზე მეტი ბავშვის რჩენისთვის. სამსახურში აყვანისას ორსულობა შემაფერხებელი გარემოებაა; ორსულებსა და მრავალშვილიანებს, პრაქტიკულად, არ ეძლევათ სამსახურეობრივი წინსვლის პერსპექტივა. ამ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო საშუალება შრომის კოდექსში ცვლილებები დაჩქარდეს. წლების განმავლობაში ვითხოვდით და დღემდე ვითხოვთ, ქვეყანამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენციის რატიფიცირება მოახდინოს დედობის დაცვის შესახებ; მით უმეტეს, რომ ბოლო 12 წელია, საქართველოს ხელისუფლებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არც ერთი კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენია.
ღონისძიებაზე მონაწილეობას იღებენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების, დარგებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.