მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოს პროფკავშირების დამოუკიდებლობის დეკლარაცია

სტატიის ავტორი; დავით არაბიძე

საქართველოს პროფკავშირების დამოუკიდებლობის 27 წელი.

საქართველოს პროფკავშირების რესპუბლიკური საბჭოს მე-19 ყრილობამ 1990 წლის 29 ივნისს დაასრულა ძველი პროფკავშირული ცხოვრება და საფუძველი დაუდო დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის დაფუძნებას.

1990 წლის 3 აგვისტოს საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის საბჭომ მიიღო ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი – საქართველოს პროფკავშირების დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელშიც განცხადებული იყო:

„საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაცია, გამოხატავს რა მასში შემავალ პროფესიულ კავშირებში გაერთიანებულ მშრომელთა ნებას, გამოდის რესპუბლიკის მშრომელთა სოციალურ-ეკონომიკურიმ ინტერესების დაცვის ეფექტიანად განხორციელების აუცილებლობიდან, მიზნად ისახავს საქართველოში სუვერენული პროფკავშირული მოძრაობის განვითარებას აცხადებს:

სრულ დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირის პროფესიული კავშირების ცენტრალური ორგანოებისაგან, ნებისმიერი სახელმწიფო, სამეურნეო მართვის ორგანოებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციებისაგან.

საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაცია:

  • მოქმედებს საქართველოს ფარგლებში და იცავს მასში მცხოვრები ხალხების ინტერესებს;
  • არის კონფედერაციულ საწყისებზე აგებული საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირული მოძრაობის დამფუძნებელი და ორგანიზატორი;
  • ცნობს ზოგადსაკაცობრიო ღირებეულებებს, მოქმედებს საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობისა და საერთაშორისო-სამართლებრივი ფუძემდებლური ნორმების შესაბამისად;
  • თავის უფლებებსა და მოვალეობებს ანხორციელებს არჩევითი ორგანოების მეშვეობით, საკუთარი წესდების საფუძველზე;
  • თავის საქმიანობას აგებს თანასწორუფლებიანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პრინციპებზე, როგორც კონფედერაციის შიგნით, ასევე სხვა პროფკავშირულ ორგანიზაციებთან და მოძრაობებთან;
  • ისწრაფვის მსოფლიო პროფკავშირული მოძრაობის მიერ სუვერენულ სუბიექტად ცნობისა და დამოუკიდებელი მონაწილეობისკენ;
  • გამოდის კონფედერაციაში გაერთიანებული პროფკავშირული ორგანიზაციების წევრთა სახელით;
  • თანაბარი უფლებების გარანტიას აძლევს მასში გაერთიანებულ პროფკავშირის წევრებსმათი ეროვნების, წარმომავლობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, სქესის, განათლების, პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიური რწმენის, დასაქმების ხასიათისა და სხვა გარემოებების მიუხედავად;
  • დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ეკონომიკურ სტატუსს, საბანკო (საფინანსო-ეკონომიკურის ჩათვლით) სისტემას, აყალიბებს კონფედერაციის პროფკავშირულ ბიუჯეტს;

საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაცია მოუწოდებს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებს, სახელმწიფო და სამეურნეო მართვის ორგანოებს, რესპუბლიკის მოსახლეობას სამოქალაქო თანხმობისაკწენ.

საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაცია იღწვის საქართველოს სრული პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად.“

აღნიშნული დეკლარაცია 1990 წლის 11 აგვისტოს გამოქვეყნდა გაზეთ „კაბადონი-8“ -ში №19.  საქართველოს პროფკავშირებმა შემდგომ რთული დროება გაიარეს და დღეს ნამდვილად წარმოადგენენ საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის სრულ უფლებიან, სუვერენულ სუბიექტს და ახორციელებენ მშრომელთა სოციალური, შრომითი, ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების და ინტერესების წარმომადგენლობასა და დაცვას.