საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ ბიძინა ივანიშვილს,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს,
2013 წლის 6 ივნისს სასტუმრო “ამბასადორში“ საზოგადოებრივი, საერთაშორისო ორგანიზაცებისა და საქართველოში აკრედიტირებული უცხოური მისიების წარმომადგენლები, შრომის კოდექსის პროექტთან დაკავშირებულ პრობლემებზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ. პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გააკეთა არსებულ „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია, ყურადღება გაამახვილა მის ნაკლოვანებებზე და შეუსაბამობაზე საერთაშორისო სტანდარტებთან. საბოლოო ჯამში შეხვედრის მონაწილეებმა შეიმუშავეს მიმართვის ტექტსი, რომელიც უცვლელად გეგზავნებათ.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტში მიმდინარე პროცესებს. კანონპროექტის შემუშავების საწყის ეტაპზე, სოციალური დიალოგის ფორმატთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების პროცესი კმაყოფილების საფუძველს იძლეოდა, რაც საჯარო განცხადებებში არაერთხელ აღგვინიშნავს. შესაბამისად, მთავრობის მიერ მიმდინარე წლის აპრილში ინიცირებული და პარლამენტში პრინციპების დონეზე პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვანწილად ასახავდა საქართველოს მიერ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით, ევროპის სოციალური ქარტიითა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს. რაც მთავარია აღნიშნული პრინციპები ეხმიანებოდა ყოფილი ხელისუფლების პირობებში შრომის უფლებების სფეროში დაგროვილი პრობლემების უმრავლესობას და იძლეოდა იმ გაუსაძლისი მდგომარეობის გამოსწორების იმედს რომელიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მოქმედი შრომის კოდექსის პირობებში შეიქმნა.
რასაკვირველია, კანონპროექტი საჭიროებდა დახვეწას და დამატებით კონსულტაციებს მეორე მოსმენით განხილვებისას, თუმცა რეგლამენტისა და კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პროცესს აღარ უნდა შეეცვალა კანონპროექტის კონცეპტუალური დებულებები.
მიუხედავად კანონშემოქმედებითი პროცესის თავდაპირველი პოზიტიური ხასიათისა, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე მდგომარეობა მოულოდნელად რადიკალურად შეიცვალა. მხედველობაში გვაქვს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე დიალოგისათვის მანამდე დამახასიათებელი საჯაროობისა და გამჭვირვალობის მნიშვნელოვნად შესუსტება. პარალელურად კულუარული ლობისტური საქმიანობა გაააქტიურა მოქმედი დისკრიმინაციული შრომის კოდექსის მიმღებ პოლიტიკურ ჯგუფთან ტრადიციულად დაახლოებულმა გავლენიანმა ბიზნესჯგუფმა. შედეგად, კანონპროექტით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის ცნობილი ცვლილებები ეჭვქვეშ დადგა. შექმნილი განწყობა გააძლიერა 30 მაისს პარლამენტში გამართულმა განხილვამ, რომლის დროსაც კანონპროექტის ტექსტი მეორე მოსმენით დამტკიცებულ იქნა შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი მუხლების გარეშე: მუხლი 6. შრომითი ხელშეკრულება, მუხლი 14. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, მუხლი 17. ზეგანაკვეთური სამუშაო, მუხლი 26. დამატებითი შვებულება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულთათვის, მუხლი 37. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, მუხლი 38. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი, მუხლი 381. მასობრივი დათხოვნა, მუხლი 41.43 კოლექტიური ხელშეკრულება, მუხლი 47. დავა და მუხლი 54.კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებანი. აღსანიშნავია, რომ ამ მუხლების თაობაზე დიალოგისა და კონსულტაციების მონაწილე ძირითად მხარეებს შორის კონსენსუსი მიღწეულ იყო 17 მაისს პარლამენტის წამყვან კომიტეტში, რაც დადასტურდა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ იმავე დღეს კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცებით.
აღნიშნული გარემოებების გამო ჩრდილი ადგება წარმატებით დაწყებული დიალოგის პროცესისადმი ნდობას, რაც ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ერთგულებას ისეთი ცივილიზებული ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისადმი როგორიცაა:
- 8 საათიანი სამუშაო დღე და ზეგანაკვეთური შრომის ადეკვატურად ანაზღაურება, ღამის სამუშაოებზე დასაქმებულთათვის გონივრული და სამართლიანი შეღავათების დაწესება(გარანტირებულია ევროპის სოციალური ქარტიის მე-4-ე მუხლის მეორე ნაწილით).
- ვადიანი (მათ შორის მოკლევადიანი) ხელშკრულებების პრაქტიკის ობიექტური გარემოებებით დასაბუთება და განუსაზღვრელვადიანი შრომითი ურთიერთობების კულტურის ხელშეწყობა, ასევე ზეპირი ხელშეკრულებების გონივრული შეზღუდვა და შრომითი ურთიერთობების მაქსიმალურად ფორმალიზება წერილობითი სახის ხელშეკრულებებით, რათა დასაქმებულებს რეალურად მიუწვდებოდეთ ხელი ადგილობრივი კანონმდებლობით და საერთაშორისოდ აღიარებული შრომითი უფლებებით და სოციალური გარანტიებით სარგებლობაზე (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რატიფიცირებული კონვენციები 87 და 98, ევროპის სოციალური ქარტია, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები 99/70/EC, 91/533/EEC, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების შესახებ გაეროს პაქტი, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ა.შ.).
- პოლიტიკური შეხედულებების თავისუფლად გამოთქმის და/ან პოლიტიკური ნიშნით ასოცირების, მშრომელთა მოძრაობაში აქტიური მონაწილეობის (მათ შორის პროფკავშირის წევრობის), გენდერული, ეთნიკური და სხვა ხასიათის განსხვავების გამო დისკრიმინაციის პრევენციის და აღმოფხვრის მიზნით დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზების ობიექტური გარემოებებით დასაბუთება და კომპენსირების შესაბამისი მექანიზმების ხელმისაწვდომობა (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რატიფიცირებული კონვენციები 87 და 98, ევროპის სოციალური ქარტიის მე-4-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები 2003/88/EC, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების შესახებ გაეროს პაქტი, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ა.შ.).
- მასობრივი დათხოვნის შემთხვევებში მოსალოდნელი მძიმე სოციალური შედეგების შემსუბუქების მიზნით სახელმწიფოსა და დასაქმებულთა ორგანიზაციის გონივრული ვადით ადრე შეტყობინება და კონსულტაციების გამართვა, რაც გულისხმობს პოტენციურ უმუშევართა დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობების მოძიებას, სახელფასო განაკვეთების შესაძლო შემცირებას ან/და ხელფასების სუბსიდირებას, არასრული სამუშაო განაკვეთების დროებით შემოღებას, კომპანიის მიერ დადგენილი ან კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრული სოციალური გარანტიების დროებით შეკვეცა-გაუქმებას და ა.შ. (ევროპის სოციალური ქარტიის 29-ე მუხლი, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები 98/59/EC)
- საწარმოო ურთიერთობის ყველა დონეზე სოციალური დიალოგის განვითარების ხელშწყობა ასოციაციის თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების ეფექტურად განხორციელების საშუალებით, რაც გულისხმობს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ორგანიზაციას შორის შრომის პირობების დადგენას კოლექტიური ხელშეკრულების გზით (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რატიფიცირებული კონვენციები 87 და 98, ევროპის სოციალური ქარტის მე-5-ე, მე-6-ე მუხლი, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების შესახებ გაეროს პაქტი, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ა.შ.).
გამოვთქვამთ შეშფოთებას, რომ თუ აღნიშნული საკითხები არ იქნა ჰარმონიზებული ევროპულ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან, ისე როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებები, შესაძლოა ხელი შეეშალოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში (ასოციარების შეთანხმება) და დააბრკოლოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარება (ვაჭრობის პრეფერენციული სისტემით GSP+ სარგებლობა და შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ DCFTA).
ამგვარი არასასურველი მიმართულებით მოვლენების წარმართვა ასევე უარყოფითად იმოქმედებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასა და სოციალურ მშვიდობაზე, რაც დამატებით საფრთხეებს შეუქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას და შესაბამისად გააუარესებს საინვესტიციო კლიმატსაც. ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში დაზარალდება საქართველოს მშრომელი მოსახლეობა, რომელიც მრავალი წელია ითმენს დაკანონებულ ექსპლოატაციას, დისკრიმინაციას და დამამცირებელ მოპყრობას.
„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“
თავმჯდომარე /ი. პეტრიაშვილი/
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“
თავმჯდომარე /ა. ცქიტიშვილი/
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“
აღმასრულებელი დირექტორი /თ. გაბისონია/
„მრავალეროვანი საქართველო“
თავმჯდომარე /ა. სტეპანიანი/
„ახალგაზრდული ალტერნატივა“
გამგეობის თავმჯდომარე /ნ. ყველაშვილი/
„საზოგადოებრივი დამცველი“
თავმჯდომარე /ი. ფუტკარაძე/
„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“
თავმჯდომარე /მ. მუსხელიშვილი/