დაპირებული უმუშევრობის დაზღვევა და უმუშევრობის კომპენსაცია საქართველოს მთავრობის განსახილველ საკითხებში ჯერჯერობით არ შედის. საკითხზე ამ ეტაპზე არც ერთი სტრუქტურა არ მუშაობს, თუმცა, დაზღვევის ამ პროდუქტის შემოტანას საქართველოს მთავრობა სამომავლოდ მაინც გეგმავს.
შრომის კომპენსაციის შესახებ ჯერ კიდევ ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატობის დროს საუბრობდა. გამყრელიძე ხაზს უსვამდა პროგრამის მნიშვნელობას და აცხადებდა, რომ საკითხის გარშემო მსჯელობა მომავალში გაიმართებოდა. მიუხედავად ამისა, არც მისი მინისტრობის და არც შემდგომ პერიოდში საკითხი განხილვის საგანად არ ქცეულა.
დღეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ივანიძე აცხადებს, რომ სამინისტრო შრომის სფეროში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით არის დაკავებული, ამიტომ საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შრომის კომპენსაციის პროექტზე სახელმწიფო უარს ამბობს.
უმუშევრობის დაზღვევის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობენ საქართველოს პროფკავშირებშიც. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის გოჩა ალექსანდრიას შეფასებით, სამსახურის დაკარგვის შემდეგ ადამიანის სრულიად უსახსროდ დატოვება სახელმწიფოს მხრიდან უპასუხისმგებლობაა.
“ამაზე ძალიან დიდი ხანია, რაც ვსაუბრობთ, მაგრამ უშედეგოდ, ყრუ კედელია. არავინ მუშაობს ამ თემაზე. მახსოვს ადრე იყო ამაზე საუბარი, მაგრამ ახლა ამბობენ, რომ ეს საკმაოდ ძვირი ჯდება და რომ სანამ სხვა საკითხები არ დალაგდება უმუშევრობის დაზღვევას ვერ გააკეთებენ“,- აცხადებს ალექსანდრია.
უმუშევრობის სადაზღვევო პაკეტი არცერთი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტებში არ იძებნება, თუმცა, მასთან დაახლოებულია საკრედიტო შენატანების დაზღვევა, რომელსაც „ჯი-პი-აი“ ჰოლდინგი ყიდის.
თუ მსესხებელმა სესხის აღების შემდეგ სამსახური დაკარგა, სადაზღვევო მას ბანკისთვის ჩასარიცხ თანხას 6 თვის განმავლობაში აუნაზღაურებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქტი საკმაოდ დიდი ინტერესითა და პოპულარობით სარგებლობს.
უმუშევრობის დაზღვევა მსოფლიოში კარგად ცნობილი პროდუქტია. სხვადასხვა ქვეყანაში დაზღვევის სხვადასხვა პირობები არსებობს. უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში ბენეფიციარს კონკრეტული დროის განმავლობაში ფულადი დახმარება ეძლევა, მაგალითად აშშ-ში ეს დრო6 თვემდე გრძელდება, ევროპაში კი ვადა გაცილებით ხანგრძლივია და 2-4 წლისფარგლებში მერყეობს. ხშირ შემთხვევაში თანხა ხელფასის ოდენობას ემთხვევა.დახმარების თანხა არ ანაზღაურდება, თუ თანამშრომელმა სამსახური საკუთარი ნებით დატოვა, თუმცა, არსებობს სხვა გამონაკლისი შემთხვევებიც.
commersant.ge