მიმდინარეობს საიტის განახლება

საგარეჯოელი მეცხვარის 9 წელი, რა ელის უძველეს პროფესიას?!

მეცხვარე წელიწადში ექვს თვეს ღია ცის ქვეშ, ოჯახს მოწყვეტილი, ნაბდის ამარა, საცხვრე ტრასაზე და ცხვრის დევნაში ატარებს. ქმნის პროდუქციას, იცავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და ცხვრის ჯიშობრივ სიწმინდეს, არასდროს აწუხებს ხელისუფლებას გაუსაძლისი პირობების თაობაზე, არ ითხოვს სოციალურ შეღავათებს და ხელფასს, ასაქმებს და ხელფასს უხდის მწყემსებს, თვითდასაქმებულია და  გადასახადსაც უხდის სახელმწიფოს.

26 წლის დათო ანუაშვილი ერთ ერთია იმ მცირერიცხოვანი ახალგაზდებიდან, რომელმაც მეცხვარის რთული გზა აირჩია. ამაყია, რომ ცხოვრობს იმ ბუნებრივ და სოციალურ-კულტურულ გარემოში, რომელიც უფალს უბოძებია და მის წინაპრებს ამ ბუნებასთან გენეტიკურ-ფუნქციური კავშირის შედეგად შეუქმნია.

“პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ მიფიქრია. პატარაობიდანვე გადავწყვიტე და ამ  საქმეს უკვე 9 წელია ვასრულებ. ფარას მთაში გაზაფხულზე მივუძღვები და შემოდგომაზე ბარად ვბრუნდები. გზაში უამრავი სირთულე ხვდება მეცხვარეს.  ცხვარი წყნარი ცხოველია, თუმცა მეთვალყურეობას სულ საჭიროებს, ამიტომ სიფხიზლეს მთელი დღის განმავლობაში ვერ ვადუნებ. მეცხვარეობა შემოსავლიანი პროფესია არ არის. სხვა მეცხვარეების მსგავსად, თავს მატყლისა და ცხვრის გაყიდვით ვირჩენ”.

ბავშვობის პერიოდს პაპისა და ბებოს სითბო ახსენებს. „მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვსწავლობდი, სკოლაც და უნივერსიტეტიც თბილისში დავამთავრე, ნახევარ დროს მაინც ჩემს მიწა-წყალზე ვატარებდი, გამოვემშვიდობებოდი თბილისში ჩემს ოჯახს და მთელი სიხარულით მოვრბოდი პაპასთან და ბებოსთან. სხვათაშორის ბებო მეცხვარის შვილი იყო და ალბათ აქედანაც მომდგამს მეცხვარული სისხლის ყივილი“.

სირთულეების მიუხედავად, თავისი საქმე უყვარს და შეცვლა არასდროს უფიქრია. თვლის, რომ მისი არჩეული გზა უფალმა განსაზღვრა და თავისი ცხოვრების მეტად მნიშვნელოვან მომენტს იხსენებს: „ოთხი წლის ასაკში ძლიერი ტრავმა მივიღე, ექიმებს ჩემი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ. სიზმარში თეთრი მოხუცი გამომეცხადა: „ჯვარი გინდაო“– მითხრა.  მძინარე ჯვარს ვითხოვდი თურმე.  მოუნათლავი ვიყავი. ბიძაჩემს თავისი ჯვარი მოუხსნია. მთელი ღამე ხელში მეჭირა ჯვარი. საავადმყოფოშივე მომნათლეს, ამის შემდეგ გამოვჯანმრთელდი“.

შემორჩენილ მოხუც მეცხვარეებზე საუბრობს. მათ ვაჟკაცობას იხსენებს, წუხს , რომ დღეს ინტერესი ნაკლებად არის ამ პროფესიის მიმართ. მშიერი კუჭით გზაზე დგომას, ალალი, ვაჟკაცური საქმით ბუნებაში წასვლა და შრომა ურჩევნია.

„ოჯახთან დაშორების პროცესი მადარდებს, მეუღლის თვალებში ჩაღვრილ დარდს ვხედავ. სიყვარულს ღმერთის ნაწილად, ჩემთვის კი უფლის საჩუქრად მივიჩნევ, ვთვლი,რომ მონატრება ჩვენს  სიყვარულს უფრო მყარს და წმინდას ხდის“

დათო თავის პროფესიაში იმ სირთულეებს უსვამს ხაზს, რომელსაც ადრე მხოლოდ ბუნების სტიქიები ქმნიდა, დღეს კი საძოვრის გადასახადები და რეალიზაციის პროცესი წარმოადგენს. ცხვრის რეალიზაცია ძალიან უჭირს. კლიენტები ნაკლებად ჰყავს.   დარდობს: „ძალიან იშვითია შემორჩენილი ქართველი მწყემსი. ეს სამწუხაროა, მაგრამ იმედი არ იკარგება მეცხვარეებში, რომ როგორც საქართველოს უწერია აყვავება და გაბრწყინება, ისე ამ საქმეს, ამ ხელობას გადარჩენა, რადგან დალოცვილი საქმეა და ეკლესია არ არსებობს სადაც ერთი ჩუქურთმა ან ორნამენტი მეცხვარეობას არ ეკუთვნოდეს. ეკლესიაზე მეტი სიწმინდე და იმედი მეტი რაღაა ქართველი კაცისთვის“.

 

მეცხვარე  დათო ანუაშვილი  არაჩვეულებრივად ხატავს. „სტუმარ–მასპინძელი“ უკვე დაასრულა, ახლა კი „ბახტრიონის“ დასურათებაზე მუშაობს. ამბობს, რომ მისი საქმიანობით ბედნიერია. ამ გზით იგი უფრო ახლოა ბუნებასთან და ღმერთთან.

დათო  ერთ–ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც უძველესი პროფესიის არჩევით თავის მხრებზე იტვირთა  ამ დარგის შენარჩუნება. მეცხვარეები თანადგომას ხელისუფლებისგან ელიან, მაღალი გადასახადები მათ ისედაც მცირე შემოსავლებს – მიზერულს ხდის. პროფესიას კი , მი
თ უმეტეს ახალგაზრდებში თავის ხიბლსა და მიმზიდველობას უკარგავს.

ამ დარგის სპეციალისტების უფრო მეტად   სტიმულირება და ხელშეწყობაა  საჭირო.

54321