16 ივნისს, რკინიგზელებმა “რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ დააარსეს. საზოგადოების ერთ ნაწილს თავიდანვე გაუჩნდა კითხვები ამასთან დაკავშირებით, რადგან, რკინიგზაში ადრეც არსებობდა პროფკავშირი. მაშ რატომ გახდა საჭირო რკინიგზაში მეორე პროკავშირის შექმნა?!
დაახლოებით ორი წლის წინ, რკინიგზის პროფკავშირში ახალგაზრდული გუნდი მივიდა, რომლებმაც დიდი მონდომებითა და შემართებით დაიწყეს ორგანიზაციის განახლება და ქმედითუნარიანად ქცევა. ახალგაზრდა რკინიგზელები თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ დასაქმებულებს და აცნობდნენ პროფკავშირის არსსა და იდეას. ამან შედეგები მყისიერად გამოიღო და დაახლოებით ორი წლის შემდეგ, ვიტალი გიორგაძის, ილია ლეჟავას, თემურ ბერაძის, მერაბ თარგამაძის და მათი მეგობრების მონდომებით, პროფესიულის კავშირისაკენ ათასობით დასაქმებული მობრუნდა. თუმცა, ინიციატორებს ძველი პროფკავშირის თავმჯდომარის – ჰამლეტ ლომიძისა და რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებისაგან წინ მრავალი წინააღმდეგობა ხვდებოდათ. როგორც ვიტალი გიორგაძე იხსენებს, იყო შემთხვევები, როდესაც ძველი პროფკავშირის თავმჯდომარე და დამსაქმებლები ერთობლივი ძალებით უქმნიდნენ პრობლემებს პროფკავშირული საქმიანობის განხორციელებაში. ყველაზე გადამწყვეტი მომენტი კი 9 ივნისს, რკინიგზის პროფკავირის მეთორმეტე საარჩევნო–საანგარიში ყრილობის დროს დადგა.
ილია ლეჟავა, „რკინიგზის ახალი პროფკავშირის ერთ–ერთი ლიდერი: “ყრილობა მე – თბილისის სალოკომოტივო სამმართველოს პირველადი პროფესიული კავშირის თავჯდომარემ და ჩემმა მეგობრებმა, პროტესტის ნიშნად დროზე ადრე დავტოვეთ. ჩვენს ასეთ საქციელს და პროტესტს მალევე შეუერთდა დასავლეთის მთლიანი რეგიონი, აჭარის რამოდენიმე დელეგატი, თბილისის მახარისხებელი, თბილისის სატვირთო, სადგურ გარდაბანის, აღმოსავლეთის სიგნალიზაცია და ბლოკირების, ველის პმს და ხაშურის ელ. მომარაგების პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების თავჯდომარეები და დელეგატები.
პროტესტი რკინიგზის პროფესიული კავშირის თავჯდომარის არჩევნების შედეგს მოჰყვა, რომელშიც გამარჯვებულად ძველი, აქამდე მოქმედი თავმჯდომარე, ჰამლეტ ლომიძე უკანონოდ გამოცხადდა. რკინიგზელების უმრავლესობა ახალგაზრდა კანდიდატ – ვიტალი გიორგაძეს უჭერდა მხარს, რომელიც 2011 წელს, სწორედ პროფკავშირული აქტივობის გამო გაუშვეს რკინიგზიდან ეზუგბაიამ და წინა მთავრობამ. არჩევნებიმა “ ხელის გადაგრეხვის“ მეთოდით ჩაიარა, რომელშიც გამარჯვებული ადმინისტრაცია დარჩა“.
ახალგაზრდა პროფკავშირელებმა ძველი პროფკავშირების მხრიდან, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ, დამსაქმებლებს ყრილობამდე ორი კვირის წინ აცნობეს. ს.ს. “საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორი, მამუკა ბახტაძე, მაქსიმალურად ეცადა ასეთი დაინტერესებული პირების განეიტრალება და მათ სიტყვიერი მითითება მისცა – არ ჩარეულიყვნენ პროფკავშირების საქმიანობაში და მოეხსნათ ხმის მიცემის მანდატი საანგარიშო ყრილობაზე. მაგრამ, სამწუხაროდ დირექტორთა საბჭოს ორმა წევრმა, ს.ს . “საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორის პირველმა მოადგილემ, ოლეგ ბიჭიაშვილმა, მგზავრთა გადაყვანის სამსახურის დირექტორმა დავით გელაშვილმა, მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ და უფროსმა ინსპექტორმა გია ყრუაშვილმა და სხვადასხვა დეპოს უფროსებმა – ეს გაფრთხილება ყურადაც არ იღეს.
ოლეგ ბიჭიაშვილი, ყრილობაზე არ მივიდა და საკუთარი მანდატი, მინდობილობით სხვა დელეგატს გადასცა. მინდობილობა არ იყო სანოტარო წესით დამოწმებული. მეტიც, მას პროფკავშირის არჩევნებში მონაწილე ჰამლეტ ლომიძის ხელმოწერა და ბეჭედი ედო, რისთვისაც პროფკავშირის წევრებმა ყრილობამდე ერთი დღით ადრე მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრს“, მსგავსი დოკუმენტის სამართლიანობა რომ დადგენილიყო და მიიღეს შემდეგი განმარტება: “როდესაც საუბარია რკინიგზის პროფესიული კავშირის ყრილობის დელაგატის უფლებამოსილების მინდობილობით სხვა პირზე გადაცემაზე, აუცილებელია ასეთი მინდობილობის სანოტარო წესით დამოწმება. ნებისმიერი სხვა წესით გაცემული მინდობილობა, თუნდაც ასეთს ითვალისწინებდეს პროფესიული კავშირის წესდება ან სხვა რომელიმე შიდა აქტი – ჩაითვლება უკანონოდ”
ილია ლეჟავა: “დიდი ძალისხმევის შედეგად, გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, ყრილობაზე სხვაზე გადაცემული მინდობილობა გავუუქმეთ. ამ ყველაფრის შემდეგ, ზუსტად 20 წუთში, ბატონი ოლეგ ბიჭიაშვილი მაინც გამოცხადდა ყრილობაზე და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოითხოვა. სამწუხაროდ მის ასეთ საქციელს, ჩვენ უკვე ვეღარაფერი დავუპირისპირეთ.
რაც შეეხება მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის სამმართველოს უფროსის მოადგილეს და უფროს ინსპექტორს, გია ყრუაშვილს… მან სამჯერ მოახერხა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლა და სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერი მოწოდების გაკეთება. უფროსმა ინსპექტორმა საჯაროდ მოგვიწოდა დავფიქრდეთ თუ რა შეიძლება მოჰყვეს ორი–სამი კვირის შემდეგ, ბატონი ჰამლეტ ლომიძის არჩევნებში მარცხს. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ ყრილობის დატოვების შემდეგ, პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი და მისი რეგიონული მდივანი გია ყრუაშვილი, (რომელიც რკინიგზელებს თავის დროზე, გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო საბოტაჟში გვდებდა ბრალს) ყრილობაზე არჩეულ იქნა რკინიგზელთა (პროფესიული კავშირის ყველაზე მაღალ მმართველ ორგანოში) გამგეობის წევრად. მასთან ერთად გამგეობაში არარკინიგზელი სამი პიროვნება აირჩიეს. სხვა დანარჩენი გამგეობის წევრები კი წარმოდგენილია რკინიგზის სხვადასხვა დარგის მაღალ თანამდებობებზე მყოფი პირებით.
ბუნებრივია ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რკინიგზაში დასაქმებულ მშრომელ ხალხს, მსგავს “ყვითელ პროფკავშირში“ აღარაფერი გვესაქმებოდა და მივიღეთ გადაწყვეტილება მსგავს მახინჯ წარმონაქნს საბოლოოდ გავმიჯვნოდით და ჩვენივე რესურსებით შევქმანით ახალი, დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომლის თავმჯდომარედ, 16 ივნისს, ჩვენი თანამებრძოლი, ვიტალი გიორგაძე ავირჩიეთ“.
ახალი ოგანიზაციის დაფუძვნების შემდეგ, “რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა“ საქართველოს პროფკავშირების გარეთიანებას და მის თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს წერილობით მიმართა და გარერთიანებაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. მათი თხოვნა გაერთიანებამ დააკმაყოფილა.
ამჟამად ახალ პროფკავშირში უკვე გაწევრიანებულია 1800 რკინიგზელი. თუმცა, ორგანიზაციის წევრების რაოდენობა დღითიდღე მზარდი ხდება. მათი ახალი წესდებით, ორგანიზაციის წევრები ვეღარ იქნებიან დამსაქმებლები და როგორც თავად მიიჩნევენ, ეს ფაქტი დასაქმებულებისათვის მეტად მნიშვნელოვანია.
“ჩვენი მუშაობა და გაწეული შრომა იქნება იმის გარანტი, რომ კიდევ უფრო მეტი დასაქმებული შემოგვიერთდება. ჩვენი ბენეფიტები გაკეთებული საქმეები იქნება და არა მხოლოდ არაფრისმომტანი საუბარი. პროფკავშირი არ არის ორგანიზაცია, რომელმაც თავს დასვენების უფლება უნდა მისცეს. ჩვენი ახალგაზრდული გუნდი მაიმედებს, რომ დასაქმებულებისთვისაც დადგება კარგი დრო“ – ამბობს “რკინიგზის ახალი პროფკავშირის“ თავმჯდომარე, “ ვიტალი გიორგაძე.
პროფკავშირელები ვარაუდობენ, რომ რკინიგზის ხელმძღვანელობასთან სულ მალე დაიდება კოლექტიური ხელშეკრულება. ეს ადამიანები დამსაქმებელთან მოლაპარაკებებს კოლექტიურ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ადრეც აწარმოებდნენ და პროფკავშირის ყველა წევრს იმედი აქვს, რომ საერთო შეთანხმებით შედგენილი ხელშეკრულების პროექტს ხელსი მალე მოეწერება.