ბოლო პერიოდში, რკინიგზელებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის, საინტერესო და აქტუალური თემა გახდა ახალი რკინიგზის გენერალური დირექტორის დანიშვნის საკითხი.
ქვეყნის მთავრობისა და განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის მისამართით, დარგის სპეციალისტების მხრიდან, გავრცელდა სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც თავის მხრივ, სარკინიგზო სფეროს განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი”, როგორც რკინიგზელების დამოუკიდებელი და დემოკრატიული გაერთიანება, მხარს უჭერს ,,საქართველოს რკინიგზის” ერთიან ევროპულ-სარკინიგზო სივრცეში ინტეგრაციის პროცესს და მოუწოდებს ქვეყნის მთავრობას, აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული ახალი გენერალური დირექტორის კანდიდატების შერჩევის პროცესში.
ჩვენთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია აღდგეს ჯერ კიდევ 2010 წლიდან დღემდე, რკინიგზელებისა და რკინიგზის მენეჯმენტს შორის ჩატეხილი ხიდი, რომელიც განსაკუთრებით აფერხებს როგორც დარგის ისე ქვეყნის განვითარების პროცესს. ,,საქართველოს რკინიგზა”, როგორც სახელმწიფო ორგანიზაცია, აღარ უნდა გვხვდებოდეს ნეგატიურ კონტესქტსში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიურ ანგარიშში.
ახალი გენერალური დირექტორის მთავარ გამოწვევად, რკინიგზაში არსებული მძმე შრომითი და სოციალური პირობებია, რომლის ეტაპობრივად დაძლევა, მხოლოდდამხოლოდ შრომით ურთიერთობებში ჩართული სუბიექტების ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება მიიღწეს. ამისათვის საჭიროა პროფკავშირი და მენეჯმენტი უმოკლეს პერიოდში დავუბრუნდეთ სოციალური პარტნიორობის ფორმატს, თანაბარ პირობებში, კეთილსინდისიერად ვაწარმოოთ მოლაპარაკეების პროცესი, რათა ვუზრუნველყოთ როგორც კომპანიის ისე კომპანიაში დასაქმებული 13 000_ზე მეტი რკინიგზელის მომავალი.
ჩვენის მხრივ, მზადყოფნას გამოვთქვამთ, ახალი მენეჯმენტის პირობებში, მაქსიმალური ძალისხმევა გავწიოთ ერთობლივი მიზნის მისაღწევად.