მიმდინარეობს საიტის განახლება

რკინიგზელები შიმშილობას გეგმავენ

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:
უჩა ხვთისიაშვილი, ვახტანგ ცისკარიშვილი და აკაკი ჭარელიშვილი რკინიგზელის პროფესიას სხვადასხვა დროს, ქართულ და უკრაინულ სასწავლებლებში დაეუფლნენ და საქართველოს რკინიგზის აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს კახეთის რეგიონს უკვე ათწლეულებია ემსახურებიან.
როგორც თავად დასაქმებულები აცხადებენ, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 25 ივლისს, როტაციის შედეგების გაანალიზების საკითხზე, კახეთიდან თბილისში დაიბარეს, რაც თავის მხრივ სამუშაო პროცესია. რკინიგზელებს შეხვედრის მიმდინარეობისას ხელი მოაწერინეს დოკუმენტის გაცნობაზე, რომლის თანახმადაც მიღებულია გადაწყვეტილება კახეთის რეგიონული სამსახურისთვის სახელის შეცვლის შესახებ, ციტატა „ გაფართოვდეს და ეწოდოს -სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონი“.
ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 1 აგვისტოს გაურკვეველი მიზეზით რკინიგზელები კვლავ თბილისში დაიბარეს. დასაქმებულები დილის 10 საათზე, აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოში გამოცხადდნენ, სადაც განემარტათ, რომ დღეიდან მათი სამუშაოს დაწყების ადგილი დედაქალაქი იქნებოდა და მოემსახურებოდნენ მარნეული -გარდაბანის სარკინიგზო ხაზს.
გამომდინარე იქედან, რომ სამივე რკინიგზელი, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის აქტიური წევრია და კარგად ესმით საკუთარი შრომითი უფლებები, მათთვის ფინანსურად და ფიზიკურად დამამძიმებელ შემოთავაზებაზე უარი ადგილზევე განაცხადეს და საკუთარი პოზიციის შესახებ ადმინისტრაციას წერილობით აცნობეს:
,,…არსებული შემოთავაზებით, ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს საცხოვრებელის, ტრანსპორტირებასა და კვების საკითხს, გამომდინარე აქედან შეუძლებელია შევასრულოთ ჩვენი საქმიანობა რეგიონიდან 100-150 კილომეტრის მოშორებით, რის საფუძველზეც მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენთან გაფორმებულ ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში ცალმხრივად შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს არსებითი პირობა, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს. გთხოვთ მოგვცეთ შესაძლებლობა განვაგრძოთ ჩვენი საქმიანობა იმავე რეგიონში, სადაც ამ დრომედე უვადოდ ვიყავით დასაქმებულები.“ – ნათქვამია რკინიგზელების განცხადებაში.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ცნობით, ადმინისტრაციამ ნაცვლად დასაქმებულებთან მოლაპარაკებების გამართვისა, მიიღო გადაწყვეტილება მათი სამსახურიდან გათავისუფლების, რაც თავის მხრივ შრომის კოდექსის პრონციპების უხეში დარღვევაა.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საკითხის სასამართლოს გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა, რისი სრულად გამოყენების რესურსიც დასაქმებულებს პროფკავშირმა უკვე შესთავაზა, რკინიგზელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, აღნიშნული უსამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შეცვლის მოთხოვნით დაიწყონ შიმშილობა!
გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში არ არსებობს შრომითი დავების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის სხვა მექანიზმი, გარდა სასამართლო უწყებებისა, რომელის განხილვაც თავის მხრივ წლობით იწელება და ამ ხნის მანძილზე არსებობს საფრთხე, უხელფასოდ დარჩენილ რკინიგზელების ოჯახი უკიდურეს სიღარიბემდე მივიდეს, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სრულად მხარს უჭერს და უერთდება მუშების რადიკალურ პროტესტის ფორმებს და მოუწოდებს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ შეასრულოს მათი მოთხოვნა!
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სამუშაო ადგილი ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში არსებით პირობად განისაზღვრება. ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით – ,, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით . ” !
საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ძალისხმევით, მიღწეულ იქნა დასაქმებულებთან შეთანხმება, არ იქნას დაუყოვნებლივ გამოყენებული პროტესტის უკიდურესი ფორმა – შიმშილობა და მიეცეს ადმინისტრაციას 7 დღის ვადა, რათა კარგად მოხდეს არსებული მდგომარეობის სიმძიმის გააზრება და მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილებები! რკინიგზელები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, 14 აგვისტოდან შიმშილობის აქციის დაწყებას აანონსებენ!
საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი