პროფესიული კავშირის გაერთიანების მონაცემებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში, საქართველოში სამუშაო ადგილზე 273 ადამიანი დაიღუპა, 500-მდე კი მძიმედ დაშავდა. პროფკავშირები ქვეყანაში შრომის ინსპექციის გაუქმებას აპროტესტებენ და კანონმდებლობაში შესაბა მისი ცვლილებების გატარებას ითხოვენ. გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროში არსებული ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია მუშაობის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს ამოწმებს და შრომითი რესურსის, სამუშაო პირობების შემოწმება არ ევალება. შრომის ინსპექციის შექმნას კი, პეტრიაშვილის ინფორმაციით, ეკონომიკური გუნდი იმ მოტივით ეწინააღმდეგება, თითქოს შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შექმნის მოთხოვნა ინვესტორებს დააფრთხობს. გაზეთი “ვერსია“ პროფკავშირის გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს, გოჩა ალექსანდრიას ესაუბრა.
– ბატონო გოჩა, საქართველოში შრომითი რომელი უფლებები ირღვევა?
– შრომით კანონმდებლობაში შარშან პოზიტიური ცვლილებები შევიდა (სამუშაო დროსთან, შრომით კონტრაქტებთან, ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან, მძიმე პირობებში მომუშავეებისთვის შეღავათებთან დაკავშირებით), მაგრამ ის რეალურ ცხოვრებაში არ ტარდება კვლავ გამოიყენება მოკლევადიანი კონტრაქტები სხვათა შორის, სახელმწიფო საწარმოებშიც,
მაგალითად საქართველოს ფოსტაში. ზეგანაკვეთური ანაზღაურება (40 საათიდან) არ რიგდება ისეთ საწარმოებში, როგორიცაა მაგალითად “საქართველოს რკინიგზა’‘, სადაც დაახლოებით 13 ათასი კაცია დასაქმებული. ანალოგიური ვითარებაა კერძო საწარმოებში. მავნე, მძიმე პირობებში მომუშავეთათვის დაწესდა 10-დღიანი დამატებითი, კალენდარულად ანაზღაურებადი შვებულება, რასაც ბევრი საწარმოს ხელმძღვანელობა არ ასრულებს. სადაც ორგანიზაცია გვაქვს, ვცდილობთ, ადმინისტრაციას ეს მოთხოვნები გავატარებინოთ, თუმცა ყველგან მაინც ვერ ვაღწევთ მიზანს. მაგალითად, რკინიგზაში და ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით. პრობლემაა ასევე მუშებთან კოლექტიური მოლაპარაკებების გამართვა, პროფკავშირების შექმნის თავისუფლება.
– ისეთი საკითხები თუ არსებობს, რაც თქვენი მოთხოვნის მიუხედავად, შრომით კანონმდებლობაში არ დაფიქსირდა?
– ქალთა შრომითი უფლებების კუთხით, არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ შესულა კანონში, მხოლოდ დეკრეტული შვებულება გახანგრძლივდა და ანაზღაურება 600-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. ეს შრომის საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებს ჩამოუვარდება. ანაზღაურებადი შვებულების ოდენობა არ უნდა იყოს ხელფასის ორ მესამედზე ნაკლები, ჩვენთან კი მოჭრილი 1000 ლარით მთავრდება ყველაფერი. ეს არაა საკმარისი თანხა და ხშირად, ქალბატონები, ხელფასი რომ არ დაკარგონ, იძულებულები არიან, მშობიარობიდან 1-2 კვირაში დაბრუნდნენ სამსახურში; ასევე არ არიან დაზღვეულნი, დეკრეტული შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ სამსახურიდან არ დაითხოვენ. მოვითხოვდით, საერთაშორისო სტანდარტი დაწესებულიყო და ქალბატონები ასეთი დისკრიმინაციისგან დაგვეცვა.
კიდევ ერთი პრობლემა… ახალგაზრდების შრომასთან დაკავშირებით შრომით კანონმდებლობაში ძალიან ცოტა რამ წერია; მხოლოდ ერთი თავი ეძღვნება შრომით უსაფრთხოებას. წერია, რომ დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო და დასაქმებულს სრულად აუნაზღაუროს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზარალი, რაც რთულად განსახორციელებელია ერთადერთი მექანიზმი სასამართლო კომპენსაციის მისაღებად დაზარალებულმა დამსაქმებელს სასამართლოში უნდა უჩივლოს და ვინ იცის, როდის დასრულდება ეს ძვირადღირებული პროცესი, არადა ევროპის ქვეყნებში არსებობს შრომის უსაფრთხოების, უბედური საწარმოო შემთხვევის დაზღვევა, რომელიც დასაქმებულს ან მის ოჯახს კომპენსაციას ავტომატურად უხდის. სერიოზული დარღვევაა შრომის ბაზრის ინსტიტუტების კუთხითაც. დღემდე არ არსებობს შრომის ინსპექცია, რომელიც ნორმალურ ქვეყნებში შრომით უსაფ-რთხოებას აკონტროლებს. შრომის სამინისტრო ცდილობს, რაღაც გამოასწოროს, მაგრამ ფაქტია, კოდექსში ცვლილებების შეტანიდან ერთი წელი გადის და ამ კუთხით საქმე ჯერ ვერ დაიძრა.
– შრომითი კოდექსის მოთხოვნები რატომ ვერ სრულდება, ან რა არის გამოსავალი?
– მთავარი მიზეზი შრომის ინსპექციის არარსებობაა. სწორედ ასეთი ინსპექცია რეაგირებს დასაქმებულის ნებისმიერ სიგნალზე, არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანს ერთწლიანი ან უვადო ხელშეკრულების ნაცვლად 3-თვიანი გაუფორმეს თუ მძიმე პირობებში მომუშავეს, ანაზღაურებადი შვებულების 10 დღე არ დაუმატეს… შრომითი ინსპექცია ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც შრომითი კანონმდებლობის ცხოვრებაში გატარებას უზრუნველყოფს.
– საქართველოში რატომ არ იქმნება შრომის ინსპექცია და ამ თემაზე მთავრობის პოზიცია თუ იცით?
– შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროში ფიქრობენ, ასეთი ინსპექცია შეიქმნას, მაგრამ წელიწადზე მეტია ამ საკითხს ეკონომიკის სამინისტრო ბლოკავს. ეკონომიკური გუნდი მიიჩნევს, რომ შრომის ინსპექციის შექმნა ინვესტორებს დააფრთხობს, არადა გვაქვს გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, დანიის, შვედეთის, აზიის ქვეყნების მაგალითი სადაც ეს ინსპექცია ეფექტურად ფუნქციონირებს და შრომის ბაზრის ინსტიტუტებიც კარგად მუშაობს, მეტი ინვესტიცია შედის, რადგან თამაშის წესები განსაზღვრულია. ქვეყანაში ასეთი სისტემის არსებობა ცივილურობაზე მეტყველებს. მაისის დასაწყისში, სოციალური პარტნიორების პირველ სამმხრივ შეხვედრაზე ეს საკითხი დავსვით. პრემიერ მინისტრმა ჩვენი მოსაზრება დადებითად შეაფასა, აღნიშნა, სამინისტრო ამ იდეაზე უკვე მუშაობს, საკითხი დაიძვრება და შესაძლოა, წლის ბოლოსთვის შრომის სახელმწიფო ინსპექცია შეიქმნას კიდეცო.