მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირული კულტურა

ლათინური სიტყვა cultura მრავალმხრივი დატვირთვის მატარებელია და მას როგორც განვითარებასა და აღზრდას  ისე განმარტავენ. ადამიანთა გამოცდილება ისტორიული პროცესების უწყვეტობის გამო დიდი ხნით ვერ იარსებებდა, რომ არა კულტურა.

კულტურის ცნება ისტორიულად ცვლადია. იყო დრო როცა ის ადამიანის მიერ მიწის დამუშავებას ნიშნავდა. თავად ტერმინ კულტურის პირველი მთქმელი დიდი რომაელი მოღვაწე ციცერონია, რომელმაც ეს ტერმინი პირველად ძვ.წ.აღ. 45 წელს გამოიყენა. დღეს ტერმინი კულტურა უაღრესად ფართო ცნებაა და პირველ რიგში ადამიანის შემოქმედებით შრომას უკავშირდება, კულტურის შექმნის ობიექტებია –  ბიბლიოთეკა, მუზეუმი, თეატრი, მუსიკალური და სამხატვრო სახელოსნოები, კინო გადაღების მოედნები და მრავალი სხვა კულტურული ორგანიზაცია-დაწესებულება. რადგან კულტურის ფორმირება მხოლოდ შრომით შეიძლება,  კულტურის მუშაკებსაც სხვა მშრომელთა დარად ესაჭიროებათ ურთიერთ თანადგომა, საერთო ძალისხმევა, რათა დაიცვან საკუთარი სოციალური, შრომითი, პროფესიული და მატერიალური ინტერესები.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში წარმოდგენილია კულტურის სფეროს მშრომელთა გაერთიანება – საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირი. ეს ორგანიზაცია 2006 წლის 6 მარტს დედაქალაქში ხელოვნების სფეროს მშრომელთა 100-მა დელეგატმა დააფუძნა და  მის პრეზიდენტად დავით ოქიტაშვილი აირჩია. დამფუძნებელმა ყრილობამ პროფკავშირის საქმიანობის ძირითად მიზნებად განსაზღვრა:

-სისტემური და თანამიმდევრული საქმიანობით პროფკავშირის წევრთა   შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებების, თავისუფლების გარანტიებისა და  ინტერესების დაცვა;

-ხელოვნების მუშაკთა ცხოვრების დონის ამაღლება, შრომის სამართლიანი ანაზღაურების უზრუნველყოფა, მათთვის შრომის ღირსეული პირობების, ჯანმრთელობის დაცვისა და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

-სამუშაო ადგილების გაუმართლებელი ლიკვიდაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, უსაფრთხო შრომის პირობების შექმნა;

-კანონმდებლობით დადგენილი სოციალური პარტნიორობის სისტემის ამოქმედება, კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება, დარგობრივი შეთანხმებების, კოლექტური ხელშეკრულებების  გაფორმება;

-პროფკავშირის წევრთა ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან და დამსაქმებელთა გაერთიანებებთან;

-პროფესიული კავშირის წევრთა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების დაცვა და რეალიზება, მათთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო, მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, პროფკავშირული კადრებისა და აქტივის სწავლების ორგანიზება;

-პროფესიული კავშირის ზეგავლენის გაძლიერება სახელოვნებო სისტემის ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, პროფკავშირის წევრობის მოტივაციის პროპაგანდა;

-სახელოვნებო სისტემიდან პენსიაში გასულ პენსიონერთა, ხელოვნების დამსახურებულ მუშაკთა, ვეტერანთა, განსაკუთრებით ხელმოკლე ხელოვანთა ოჯახებისთვის დახმარება;

-ხელოვნების მუშაკთათვის სოციალური პროგრამების შემუშავება, ღვაწლმოსილ ხელოვანთა სახელების უკვდავყოფაზე ზრუნვა;

-ხელოვანთა და მათი ოჯახის წევრთათვის დასვენებისა და გაჯანსაღების ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

-ხელოვანთა პროფესიული დაოსტატების წარმოჩენის მიზნით თეატრის, კინოსა და მუსიკის ფესტივალების, გამოფენების მოწყობა, საერთაშორისო მონათესავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათი მხარდაჭერით შემოქმედებითი კოლექტივების საგასტროლო ტურნეების ხელშეწყობა.

ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირი 2008 წლის დეკემბრიდან არის საერთაშორისო პროფკავშირული ქსელის UNI -ს წევრი ორგანიზაცია.

2013 წლის 23 ივლისს გამართულ მე-7 ყრილობაზე დელეგატებმა კავშირის პრეზიდენტად კვლავ დავით ოქიტაშვილი , ხოლო ვიცე-პრეზიდენტებად მანანა დარსაძე, სვეტლანა ჩოჩუა, ბექანუცუბიძე.  პროფკავშირის აქტიური და ენერგიული მუშაობის შედეგად გასულ წელს რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა დედოფლისწყაროში, ხოლო პირველადი ფოთის კლასგარეშე სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელში. მუშაობა მიმდინარეობს კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებში განთავსებულ ორგანიზაციებთან. სახელოვნებო სფეროს 7833 დასაქმებულიდან 4961 კავშირის წევრი  გაერთიანებულია 119 პირველად ორგანიზაციაში.

ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის მუშაობა ხორციელდება შემდეგი  მიმართულებებით:

-პროფწევრთა სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ინტერესების დაცვა;

-საქველმოქმედო კულტურულ-მასობრივი ღონისძიებები;

-პროფწევრთა სამედიცინო მომსახურება უფასოდ ან შეღავათიან ფასებში.

პროფკავშირმა უკვე განახორციელა  პროექტები:

-ხელოვანები ხელოვანთათვის (საქველმოქმედო აქცია);

-სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფში“  შეღავათიან პირობებში პროფწევრთა სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა;

-სააფთიაქო ქსელ PSP-სთან ერთად გულის დაავადების მქონეთათვის ჩატარდა უფასო გამოკვლევა და მოხდა მათი  მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

-სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტაში“  პროფწევრებს შეღავათიან ფასებში გაეწიათ სტომატოლოგიური მომსახურება;

-კავშირის ძალისხმევით ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრს დაუბრუნდა 43 უკანონოდ განთავისუფლებული მსახიობი.

ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირში ფუნქციონირებს ქალთა საზოგადოება „იავნანა“.  მისი მიზანია ქვეყნის განვითარებაში ქალის როლის გაძლიერება, გენდერული თანასწორობის განმახორციელებელი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

პროფკავშირს ჰყავს პირველადი პროფორგანიზაციების მოწინავე წინამძღოლები, ნამდვილი პრეფლიდერები:

მანანა შარაშიძე-აჭარის რესპუბლიკური პროფსაბჭოს თავმჯდომარე;

თენგიზ ზაალიშვილი- ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პროფორგანიზაციის თავმჯდომარე;

სერგო კაზარიანი- თოჯინების სახელმწიფო თეატრის პროფორგანიზაციის თავმჯდომარე;

თამარ კაციტაძე- საჩხერის რაიონული პროფორგანიზაციის თავმჯდომარე;

ინეზა ღვინჯილია- სენაკის რაიონული პროფორგანიზაციის თავმჯდომარე;

ვლადიმერ ავალიანი- აბაშის რაიონული პროფორგანიზაციის თავმჯდომარე;

იზოლდა გუგუბერიძე- ბორჯომის რაიონული პროფორგანიზაციის თავმჯდომარე;

მერაბ ფურცელაძე- ბაღდათის რაიონული პროფორგანიზაციის თავმჯდომარე;

ვალერი ხარიუტჩენკო-ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრი პროფორგანიზაციის თავმჯდომარე;

ნელი ჯავახიშვილი- ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებლთა სახელმწიფო თეატრის პროფორგანიზაციის თავმჯდომარე

პროფკავშირის ლიდერებს და მის აქტივისტებს სჯერათ,  რომ მათი სიტყვა და საქმე ქართული კულტურის მომავალს ემსახურება, პროფკავშირული აქტივობით შეაქვთ წლილი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებასა და წინსვლის კეთილშობილურ საქმეში. პროფკავშირი ამკვიდრებს კულტურის სფეროში ღირსეული შრომის სტანდარტებს და ამით ანვითარებს ქვეყანას.

დავით  არაბიძე