მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირი ტრანსპორტის სფეროში რეგულაციების დაწესებას ითხოვს

ტრანსპორტის სფეროში რეგულაციების არარსებობის გამო სახელმწიფო ბიუჯეტი მილიონობით ლარს კარგავს. მიზეზი კი ისაა, რომ სამარშრუტო საქალაქთაშორისო ხაზები დღემდე ყოველგვარი იურდიული დოკუმენტაციის გარეშე იყიდება და ამ გზით შემოსული ფულის მხოლოდ მცირე ნაწილი მიემართება ბიუჯეტისკენ.

თუ პირს რომელიმე სამარშრუტო ხაზის შესყიდვა სურს, მაგალითად თბილისი – ქუთაისის, ის ხაზის არსებულ მფლობელს უკავშირდება და მასთან სიტყვიერ შეთანხმებას აფორმებს, რომ კონკრეტულ ხაზს კონკრეტული თანხის საფასურად და კონკრეტული ვადით ყიდულობს.

მსგავსი საკითხები წესით “ტრანსპორტის შესახებ” კანონმა უნდა დაარეგულიროს, რომლის დამუშავებაც უკვე წლებია მიმდინარეობს. კანონში შესატან ცვლილებებზე დაახლოებით 9 წელია ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის სააგენტო მუშაობს.

ეკონომიკის სამინისტროში დღესაც აცხადებენ, რომ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, ვერ აკონკრეტებენ როდის დაიდება მისი შედეგები და როდის შევა კანონპროექტი პარლამენტში.

ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია აცხადებს, რომ თბილისიდან ნებისმიერი რეგიონის მიმართულებით, ასევე შიდა რაიონული ტრანსპორტის ხაზები კონკრეტული პირების ხელშია, რომელთაც ეს ლიცენზიები ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროიდან მოჰყვებათ.

“1997-99 წელს სპეციალური სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებდა კონურსს ლიცენზიების გაყიდვაზე, მაშინ ვიღაც „იქსმა“ კომპანიამ მოიგო ეს კონკურსები და დღესაც ითვლება მათს საკუთრებად“,- აცხადებს ლავრენტი ალანია.

პროფკავშირებს მიაჩნიათ, რომ ამ საკითხის რეგულირება ბიუჯეტში თანხების შედინებას შეუწყობს ხელს. ლავრენტი ალანიას მაგალითად დედაქალაქში „თბილისის მიკროავტობუსის“ შემოსვლა მოჰყავს და აცხადებს, რომ მის მიერ 11 თვეში გადახდილმა თანხამ ბიუჯეტში 6 მილიონ ლარს მიაღწია, მაშინ, როდესაც მანამდე იმავე პერიოდში მთლიანად სამაშრუტო ბიზნესის მიერ გადახდილი თანხა მილიონ-ნახევარს არ სცდებოდა.

აღნიშნულიდან ლავრენტი ალანიას მიაჩნია, რომ ქვეყანაში სატრანსპორტო ხაზები კონკრეტული კომპანიების ხელში უნდა გადავიდეს, თუმცა, პროცესი ეტაპობრივი უნდა იყოს და არა ისეთი, როგორც ეს თბილისსა და რუსთავში მოხდა.

პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ რეალურად ამ საკითხის დარეგულირების პოლიტიკური ნება არ არსებობს.

“ვინც ყოფილ ხელისუფლებაში იყო, ყველას სამარშრუტო ხაზები აქვს, ეს გარკვეულწილად იყო ფეშქაში იმ ადამიანებისთვის, ვინც პარლამენტიდან წავიდოდა. გოჩა თევდორაძიდან დაწყებული აკაკი ბობოხიძით დამთავრებული ყველას აქვს ხაზი, ვითომ ტენდერში გამარჯვებულები არიან“,- აცხადებს ლავრენტი ალანია.

მისი თქმით, კანონპროექტში ცვლილებები შეტანა ამ ხელისუფლების პირობებშიც ჭიანურდება, რის გამოც მან სამუშაო ჯგუფის მიერ გამართული ერთ-ერთი ბოლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

“გვეუბნებიან, რომ პროექტი ბიზნესომბუდსმენთან არის გადაგზავნილი, შემდეგ სამინისტროებში ყველამ საკუთარი შენიშვნა უნდა დაწეროს. ყველა დაწერს შენიშვნას და ბოლოს ისევ ფარატინა ფურცელს მივიღებთ. 9 წელია ამ სისტემაში ვარ და 9 წელია ამაზე მუშაობა მიდის“,- აცხადებს ალანია.

მისივე თქმით, ტრანსპორტის სააგენტოს მიზანია, რომ მიიღოს არაკორუფციული და არარევოლუციური კანონი.

“კანონი არაკორუფციული იქნება თუ მაკონტროლებლებს 35 ლარი ხელფასი არ ექნებათ. არარევოლუციურისთვის კი კონკრეტული, გაწერილი გეგმაა საჭირო“ – აცხადებს ტრანსპორტის პროფკავშირის წარმომადგენელი.march

წყარო: http://commersant.ge/?m=5&news_id=19631&cat_id=5,22