ტყიბულის შახტაში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი შევიდა. ისინი გავრცელებული განცხადების თანახმად ადგილზე შეისწავლიან მომხდარ ფაქტს. ტყიბულში მეშახტეთა პროფკავშირების პირველადი ორგანიზაციის წევრებიც შეიკრიბნენ. ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ შექმნილმა მონიტორინგის ჯგუფმა ტყიბულსა და ჭიათურაში მუშაობა დაიწყო. დავით სერგეენკოს განცხადებით, პირველადი შედეგები მალევე გახდება ცნობილი. „ორი მინისტრის ბრძანებით შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი. ისინი უკვე შეუდგნენ მუშაობას. ეს ჯგუფები გუშინდელი მდგომარეობით, ჩასულები არიან ტყიბულში და ჭიათურაში. დაგეგმილია მათი, ერთის მხრივ, კომპეტენციის გაზრდა და მეორეს მხრივ, მათი მუშაობის პორთფელის გაძლიერება,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.
პროფკავშირების პოზცია ამ საკითხზე ასეთია:
მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მ/წ-ის 11 მაისს ორი სამინისტროს (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) ერთობლივი ბრძანების საფუძველზე შეიქმნა, დაკომპლექტდა ამ სამინისტროების უწყებების: შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებისგან. აღნიშნულ ბრძანებაში განმარტებულია, რომ მონიტორინგის ერთობლივმა ჯგუფმა უზრუნველყოს, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, დასაქმებულთა შრომის პირობებისა და სამუშაო ადგილების შესაბამისობის შეფასება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან და ობიექტების ტექნიკური ინსპექტირება.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პროფესიული კავშირების გაერთიანებას ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია მონიტორინგის ჯგუფის საზედამხედველო ობიქტების ნუსხის, მონიტორინგის ჯგუფის მიერ ამ ობიექტებზე განსახორციელებელი ინსპექტირებების პერიოდულობისა და ინსპექტირების ამსახველი დოკუმენტაციის შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ მ/წ-ის 16 მაისიდან მონიტორინგის ჯგუფმა ქ.ტყიბულის შახტსა და ქ.ჭიათურის მაღაროებში ინსპექტირებების განხორციელება უკვე დაიწყო.